ახალაიას სასამართლომ სოციალური აფეთქების შანსი გაზარდა

ახალაიას სასამართლომ სოციალური აფეთქების შანსი გაზარდა

მოსამართლე დავით მგელიაშვილი შვიდი სპეცრაზმელის წამების საქმეზე, ბაჩო ახალაიას და მასთან ერთად ბრალდებულების განაჩენს რამდენიმე დღეში გამოაცხადებს. საქმის განხილვა სრულად დამთავრებულია. საქმის განხილვების დასრულების შემდეგ, გადაწყვეტილების მისაღებად, მოსამართლემ რამდენიმე დღე ითხოვა. ყოფილი მინისტრი კიდევ ერთ სისხლის სამართლის საქმეზეა ბრალდებული - ე.წ. ციხის ბუნტი.

აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეში, ბაჩო ახალაიას და მასთან ერთად ბრალდებულებს, ახალაიას შს მინისტრობის პერიოდში, განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების გამო,  იაღლუჯას საწვრთნელ ბაზაზე, შვიდი სპეცრაზმელის წამების ორგანიზებაში ედებათ ბრალად.

ბრალდებული თავდაცვის ყოფილი მინისტრი აცხადებს, რომ პროკურატურაში მის წინააღმდეგ ე.წ. შვიდი სპეცრაზმელის წამების საქმეზე მოიფიქრეს სცენარი, რათა მასზე გასულიყვნენ. ბაჩო ახალაიას თქმით, რაც შსს-ში ხდებოდა და რის შესახებაც საქმეა აღძრული, ჩვეულებრივი სამუშაო პროცესი იყო. მისივე თქმით, რეინჯერის პროგრამა არსებობდა თუ არ არსებობდა ამას მნიშვნელობა არა აქვს, რადგან ეს პროგრამა მის დროს შეიქმნა.

„წარმოდგენილი ბრალდება რეალობასთან ახლოს რომ ყოფილიყო, დანაშაულს ვაღიარებდი და ამ ბიჭებს შარში არ გავხვევდი. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ის პირები, ვინც ამ საქმეში დაზარალებულად არიან ცნობილი, არიან ადამიანები, რომლებიც არც ახლანდელ ხელმძღვანელობას და არც არავის არაფერში გამოადგება.

როგორც კი სასამართლო დამთავრდება მათ საერთოდ არ ექნებათ არანაირი ფუნქცია. რაც შეეხება ჩემთან ერთად ბრალდებულებს, ესენი არიან ადამიანები, რომლებიც ყველაზე წარმატებული სამხედროები არიან საქართველოში.

კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, რომ ბრალდებული ბიჭები ყველაზე წარმატებული სამხედროები არიან და ისინი მხოლოდ ჩემს გამო სხედან საბრალდებო სკამზე“, -განაცხადა ბაჩო ახალაიამ და დასძინა, რომ საქმეში მის წინააღმდეგ ბრალდება უსაფუძვლოდ არის წარდგენილი და წამების ორგანიზება, რომელსაც აბრალებენ რეალურად რეინჯერის კურსის ნაწილია.

როგორც ცნობილია, სამხედროების მიმართ არაადამიანური მოპყრობისა და ზვიად აბესაძისთვის თავისუფლების უკანონო აღკვეთის საქმეზე, სასამართლომ ბაჩო ახალაიას მიმართ გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა. ახალაიასთან ერთად, ამ საქმეზე ბრალდებული იყო კიდევ 7 პირი, მათ შორის გაერთიანებული შტაბის ყოფილი უფროსი გიგი კალანდაძე, მე-4 ქვეითი ბრიგადის ყოფილი ხელმძღვანელი ზურაბ შამათავა, სად-ის წარმომადგენელი გაგა მკურნალიძე, სერჟანტი ალექსანდრე გორდაძე, მერაბ კიკაბიძე, მანუჩარ დარასელია და გიორგი კინწურაშვილი.

სასამართლოს ამ განაჩენს საზოგადოების პროტესტი მოჰყვა და სწორედ ამით იყო განპირობებული ახალაიას სასამართლო პროცესის პარალელურად ყოფილი პოლიტპატიმრების მიერ გამართული საპროტესტო აქცია. ახალაიას პროცესის დასრულების შემდეგ საქალაქო სასამართლოს ეზოში ინციდენტიც მოხდა. მას შემდეგ, რაც ახალაიას პროცესზე დამსწრეები სასამართლოს ეზოში გამოვიდნენ, ეზოში შეკრებილებმა ისინი სასტვენების ხმაზე გააცილეს, რასაც მოჰყვა სიტყვიერი დაპირისპირება ახალაიას მხარდამჭერებსა და მოწინააღმდეგეებს შორის. სასამართლოს ეზოში ფიზიკური დაპირისპირებაც მოხდა, რის შედეგადაც სასამართლოს ეზოში მისული პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლებულ გიორგი გაბედავა პოლიციის თანამშრომლებმა დააკავეს. მას ბრალი 166-ე მუხლით წაუყენეს და 100 ლარიანი ჯარიმა დააკისრეს.

მედიის მეშვეობით გავრცელებულ კადრებში ჩანს, თუ როგორ ურტყამს სახეში ბაჩო ახალაიას ერთ-ერთი ადვოკატი გოგა ონიანი გიორგი გაბედავას. სწორედ ამ ინციდენტის გამო ონიანი პოლიციაში დაიბარეს. ონიანი ადასტურებს, რომ ინციდენტის დროს იგი ფიზიკურად მართლაც შეეხო გიორგი გაბედავას, თუმცა ეს იყო საპასუხო რეაქცია.

„კაკაბაძისა და მისი ბანდისგან ახალაიას მხარდამჭერების მიმართ მუქარაც განხორციელდა. სასამართლოს ეზოში იმყოფებოდა ერთ-ერთი ყოფილი პატიმარი, რომელმაც განაცხადა, რომ ტროტილითა და ჰექსოგენით გაგვისწორდებოდა. მსგავსი ხასიათის მუქარები დიდი ხანია ისმის, რაზეც რეაგირება არ არსებობს“, - განაცხადა for.ge-სთან საუბრისას გოგა ონიანმა. 

ა-ო „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის“ ხელმძღვანელი ნანა კაკაბაძე for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ ბაჩო ახალაიას განაჩენის გამოტანის პარალელურად აქცია გაიმართება. მისივე განცხადებით იმ მომასამართლეების წინააღმდეგ, რომლებიც მსგავს გადაწყვეტილებებს იღებენ, საზოგადოებამ საკუთარი აზრი უნდა დააფიქსიროს.

„მაინტერესებს „ნაციონალურ მოძრაობას“ რატომ უკვირს ეს აქციები? გიგა ბოკერია, ლევან რამიშვილი და ნანა კაკაბაძე ერთად არ აწყობდნენ ამ აქციებს და თქვენ, როგორც ჟურნალისტს არ გახსოვთ აქციები სასამართლოებთან, როდესაც შევარდნაძის სასამართლო ამაზე ათასჯერ ნაკლებად უსამართლოდ იქცეოდა, ვიდრე სააკაშვილის სასამართლო?

რა უკვირთ ამათ და ახალაიას მეუღლეს, აბა რას იზამს ხალხი, როცა ხედავს, რომ კანონი არ კანონობს სასამართლოში და სააკაშვილის ხროვაზე მორგებული კანონით იმართება ქვეყანა. აქცისაც მოვაწყობ და რასაც შევძლებ იმას გავაკეთებ, ოღონდ ამ ქვეყანაში სამართლიანობა აღსდგეს. აქცია აუცილებლად იქნება სასამართლოსთან, მაგ მოსამართლეების სურათებიც გამოიფინება, ოჯახებშიც მივადგებით და ყვალეფერსაც ვიზამთ, აბსოლუტურად ყველაფერს ვიზამთ. მათ უნდა გაიგონ, რომ ახალაია არის მკვლელი, მწამებელი და მისი ადგილი არის ციხეში“, - აცხადებს ნანა კაკაბაძე.

პროფესორი გია მეფარიშვილი აცხადებს, რომ მოსამართლემ უნდა მიიღოს ობიექტური და სამართლიანი გადაწყვეტილება, ვინაიდან ეს განაჩენი, ორივე შემთხვევაში სააპელაციო წესით გასაჩივრდება.

„თამაში გადავა უზენაეს სასამართლოში. ასე რომ, ჩვენ საკმაოდ სერიოზული „მომავალი“ გვაქვს ამ საკითხთან დაკავშირებით. ერთადერთი გამოსავალი არის, რომ მოსამართლემ მიიღოს აბსოლუტურად სამართლიანი გადაწყვეტილება. ახლა ძალიან ბევრი რამეა დამოკიდებული მოსამართლეზე. მთავარია, მოსამართლე არ აჩქარდეს, არ გადაყვეს არავითარ ზემოქმედებას და არც სასამართლო ხელისუფლების ზეწოლას დაექვებდებაროს. არა მგონია, რომ ეს გაბედოს, მიუხედავად იმისა, რომ ამ მოსამართლეზე დიდი წარმოდგენა არა მაქვს. ამ მოსამართლეს ახლა აქვს იდეალური სათამაშო მოედანი. თუ ვინმე გაბედავს მასზე ზემოქმედებას, ეს სერიოზული სკანდალი იქნება, რომელიც უმძიმესად შეიძლება დასრულდეს“, - აცხადებს გია მეფარიშვილი.

მისივე განცხადებით, რაც მთავარია, სასამართლოს ოფიციალურ გვერდზე სასწრაფოდ უნდა გამოქვეყნდეს სასამართლო გადაწყვეტილება, რომ საზოგადოებამ ნახოს რის საფუძველზე მიიღო მოსამართლემ გადაწყვეტილება.

„პირველ გამამართლებელ განაჩენზე ინფორმაცია ამ დრომდე არაა სასამართლოს ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებული. მათ კანონი ავალდებულებს, რომ გამოაქვეყნონ. არ შეიძლებოდა ამის გამოქვეყნება? რას ჰქვია ერთი თვის მერე გამოვაქვეყნებ? რიგითი საქმეა? სწრაფად უნდა გამოქვეყნდეს ეს გადაწყვეტილება და განსაჯოს საზოგადოებამ. აქ სახელმწიფო საიდუმლოებაზე და პირადი ცხოვრების საიდუმლოებაზე არაა საუბარი, ასე რომ, ამკრძალავი ნორმა არ არსებობს“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას გია მეფარიშვილთან.

იურისტი ლია მუხაშავრიას განცხადებით, ვითარება იმდენად დაიძაბა, რომ არაა გამორიცხული უკონტროლო მოვლენები განვითარდეს ქვეყანაში. მისივე განცხადებით, ახლა, როდესაც ქვეყანაში არის დესტაბილიზაციის ძალიან მნიშვნელოვანი გარემოება, მათ შორის, როგორიც ახლა არის ახალაიას პროცესთან დაკავშირებული მოვლენები, მართლმსაჯულების როლი არის ფასდაუდებელი.

„სამართლიანი გადაწტყვეტილება არავის უნდა უტოვებდეს იმის შესაძლებლობას, რომ უსამართლოდ აკრიტიკოს ვინმე, ან რამე. ვინაიდან ჩვენ მართლმსაჯულების შტო არ გავქვს, მას არ აქვს უნარი, რომ განმუხტოს დაძაბული სიტუაცია და კრიზისიდან გამოსავალი მოიძებნოს სამართლიანი სასამართლოს გადაწყვეტილებით. სამწუხაროდ, ამის გამო ხდება ვითარების ესკალაცია და დაძაბულობის მატება. ძალიან საშიში ვითარებაა.

როდესაც სახელმწიფო ვერ ახერხებს ჰქონდეს სასამართლო და ყავდეს მოსამართლე, რომლის გადაწყვეტილებას საზოგადოება როგორც კანონიერს და სამართლიანს არ იღებს, ღმერთმა ნუ ქნას, მაგრამ შანსი ძალიან დიდია, რომ ვითარება გადაიზარდოს სოციალურ აფეთქებაში. ამიტომ, რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოს მოსამართლემ, ეს გადაწყვეტილება სრულად გამოაცხადოს და გასაჯაროვდეს, და არა მხოლოდ სარეზოლუციო ნაწილი“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ლია მუხაშავრია.

მისვე განცხადებით, სასამართლო ვალდებულია დასაბუთებული გადაწყვეტილება გამოაქვეყნოს და თუ ეს იქნება ნამდვილად დასაბუთებული და განმარტებული, რას დაეყრდნო სასამართლო და რატომ მივიდა ასეთ გადაწყვეტილებამდე, ეს განმუხტავს ვითარებას. იმ შემთხვევაში, თუ გამოცხადდება მხოლოდ სარეზოლუციო ნაწილი, ეს ვითარებას დაძაბავს და შესაძლოა უკონტროლო მოვლენები განვითარდეს.