ბიძინა ივანიშვილი კიდევ ერთი პარტიის შექმნას აპირებს, ხატია დეკანოიძე და ნიკა მელია ახალ პარტიას ქმნიან, რომლის თავმჯდომარეც ნიკა გილაური იქნება - ეს იმ ვერსიების არასრული ჩამონათვალია, რაც ბოლო დროს პოლიტიკურ კულისებში გავრცელდა. ნიკა მელიამ მისი და ხატია დეკანოიძესთან დაკავშირებული ამბის გამავრცელებელი თაკო ჩარკვიანი "კაგებეს" მეთოდით მოქმედებაში დადანაშაულა. ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ნიკა გილაურმა კი გავრცელებულ ინფორმაციას სრული სიცრუე უწოდა. "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის, გიგი წერეთლის თქმით, არ არის გამორიცხული, რომ ახალი პოლიტიკური გუნდები გამოჩნდეს.
დღევანდელ ქართულ ოპოზიციურ სპექტრში ბევრი ცვლილებაა. გადაადგილებებია უმსხვილეს ოპოზიციურ პარტიაში - "ნაციონალურ მოძრაობაშიც", რომელსაც ახალი თავმჯდომარე - ლევან ხაბეიშვილი ხელმძღვანელობს და სადაც გააქტიურდნენ პარტიის ძველი სახეები, მათ შორის - ყოფილი პრემიერ-მინისტრი ვანო მერაბიშვილიც, რომლის უკანასკნელი ხმაურიანი განცხადებებით პარტიაში ბევრი უკმაყოფილო დარჩა. მას შემდეგ, რაც ხაბეიშვილი პარტიის თავმჯდომარედ აირჩიეს, ნიკა მელიას პოზიციები შესუსტდა. ამასთან, რამდენიმე დღის წინ პარლამენტის წევრმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა, რომ "ნაციონალური მოძრაობის" რიგებს ტოვებდა. შესაბამისად, ნამდვილად არ არის გამორიცხული გარკვეული კონფიგურაციებით ახალი პოლიტიკური პარტიებიც გამოჩნდნენ და სხვა პარტიებთან შევიდნენ ალიანსში. მით უმეტეს მაშინ, როდესაც მომავალი არჩევნებისთვის სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება ე.წ გადაუწყვეტელი ამომრჩევლის მიმხრობისთვის ბრძოლაც. საინტერესოა, რომ როდესაც ქართულ პოლიტიკურ სპექტრში ჩნდება გარკვეული სივრცეები, მყისიერად ჩნდება ვერსიები, რომელთა მიხედვით, ბიძინა ივანიშვილი ახალი პარტიის შექმნას გეგმავს. არის თუ არა საზოგადოებაში ახალი პოლიტიკური ცენტრის შექმნის მოთხოვნა ან ვის აქვს ახლა ახალი პარტიის შექმნის რესურსი? - ამ და სხვა, საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე გვესაუბრება:
- ქართულ პოლიტიკაში ვერაფერს გამორიცხავ. მე არ ვიცი, ამ ამბებში ივანიშვილი რა დოზით ან საერთოდ მონაწილეობს თუ არა, მაგრამ დღეს ასეთი მოცემულობაა შექმნილი - პოლიტიკურ ველზე დარჩენილია ორი ძირითადი მოთამაშე - "ქართული ოცნება" და "ნაციონალური მოძრაობა", მაგრამ, ამის მიუხედავად, საზოგადოება ორად მაინც არ არის გაყოფილი ანუ "ნაციონალურ მოძრაობას" ოპოზიციურად განწყობილი საზოგადოების მობილიზების უნარი არ აქვს. შესაბამისად, „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ მიღმა მიუმხრობელი ამომრჩევლის საკმაოდ დიდი ნაწილი რჩება, ე.ი. საკმაოდ დიდი რესურსი არსებობს ახალი, მესამე ძალის ჩამოყალიბებისთვის. ასეთ ვითარებაში, როგორც წესი, ყველა ფიქრობს, რომ იქნებ რამე გამოუვიდეს, იქნებ მან აითვისოს თავისუფალი სივრცე. ასე რომ, არც ის არის გამორიცხული, ბიძინა ივანიშვილმა შექმნას კიდევ ერთი პარტია და არც ის, რომ სხვა პოლიტიკოსებმაც მოინდომონ მიუმხრობელი ამომრჩევლის მობილიზება და ახალი პარტიების შექმნა.
- ფიქრობთ, თავისუფალი სივრცის ათვისებას და მიუმხრობელი ამომრჩევლის მობილიზებას უკვე არსებული პარტიები ცდილობენ?
- კი, ცდილობენ, მაგრამ არ გამოსდით. დღეს მოქმედი წვრილ-წვრილი მოთამაშეებიდან ყველა ცდილობს თავისუფალი ელექტორატის მიმხრობას, მაგრამ ვერც ერთი ვერ ახერხებს იმდენი ამომრჩევლის გადაბირებას, რომ არჩევენებზე 5%-იანი ბარიერის გადალახვა შეძლოს. მათთან შედარებით ყველაზე მეტი შანსი "ლელოსა" და გახარიას პარტიას აქვს. "ქოცების" და "ნაცების" იქით ანუ მესამე სექტორში ლიდერი პარტია რომ გამოჩენილიყო, შეიძლება არც საზოგადოებაში გაჩენილიყო ახალი პარტიის შექმნის მოთხოვნა და აღარც პოლიტიკოსებს გასჩენოდათ ამის სურვილი. ე.ი. დღეს ჩვენს საზოგადოებაში ძალიან ბევრია ისეთი, ვისაც არც „ოცნება“ უნდა, არც „ნაციონალები“, მაგრამ მესამე ძალას ვერ ხედავენ და ახლის მოლოდინში არიან. რადგან მესამე სეგმენტი თავისუფალია და საზოგადოებაშიც არსებობს ახალი პოლიტიკური პარტიის შექმნის მოთხოვნა, პარტიების შექმნის მსურველებიც გამოჩნდებიან ან უკვე გამოჩნდნენ კიდეც. ასე რომ, არ გამიკვირდება, გილაურს, მელიას, დეკანოიძეს და კიდევ სხვებს, ერთად ან ცალ-ცალკე, ახალ პოლიტიკურ პარტიებში თუ ვიხილავთ.
- რამდენად შესაძლებლად მიიჩნევთ ბიძინა ივანიშვილის მიერ ახალი პარტიის შექმნას?
- რა გითხრათ, ბიძინა ივანიშვილი საკმაოდ ჭკვიანი კაცია, ოღონდ - სათავისოდ, ქვეყნისთვის კი - არა. ჰოდა, ამ ჭკვიანმა კაცმა იმთავითვე საკმაოდ ჭკვიანურად და, რა თქმა უნდა, სათავისოდ წაიყვანა საქმე - გამოაცხადა კოჰაბიტაცია. სანახევრო კოჰაბიტაციითა და პოლიტიკურ ველზე "ნაციონალების" დატოვებით ოპოზიციური ელექტორატი გახლიჩა და დღემდე აგრძელებს ამ პროცესს. გარდა ამისა, პოლიტიკოსების ნაწილი იყიდა, ნაწილს - გაურიგდა, ზოგიც - დააშანტაჟა და ა.შ. ბიძინა ივანიშვილისთვის ყველა ის ხერხი მისაღებია, რომლის საშუალებითაც ძალაუფლების შენარჩუნებას შეძლებს. ოპოზიციაში მთლად კრისტალურად სუფთა ადამიანები რომ არ არიან, ეს ყველას მოეხსენება. შესაბამისად, არც ვიცი, ადამიანი, რომელიც თანამშრომლობდა "ნაციონალებთან", რატომ არ ითანამშრომლებს "ოცნებასთან"?!
- თავად ივანიშვილს რაში შეიძლება სჭირდებოდეს კიდევ ერთი პოლიტიკური პარტია?
- გავლენების, ძალაუფლების შენარჩუნებისა და გაძლიერებისთვის. ივანიშვილი ფიქრობს და ასეც არის, მას იმდენი ფული აქვს, თავისუფლად შეუძლია პოლიტიკური პარტიები და ცალკეული პოლიტიკოსები ბითუმად და საცალოდ იყიდოს... თუმცა, საბოლოო ჯამში, ეს მას ვერ უშველის, მთელ საქართველოს ვერ იყიდის და არც ის ხალხია მისი ერთგული, რომელიც ფულით ჰყავს ნაყიდი. რაც შეეხება ხატია დეკანოიძეს და ნიკა მელიას, თუ "ნაციონალური მოძრაობიდან" ნამდვილად წამოვლენ, იმდენ ხმას კი წამოიღებენ, რომ 5%-იანი ბარიერი გადალახონ. სიმართლე რომ გითხრათ, არ მგონია, მათ ივანიშვილის დაფინანსება სჭირდებოდეთ. ღარიბ-ღატაკები არც ეგენი არიან, მთავარია, კარგად გააზრებული ნაბიჯები გადადგან. ჩემი რჩევა იქნება, შემოდგომამდე მოიცადონ.
- რატომ შემოდგომამდე?
- ხომ გახსოვთ, რა დაპირებებით გახდა ლევან ხაბეიშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე? ის „ნაციონალებს“ დაჰპირდა, რომ გაამწვავებდა პროტესტს და უზრუნველყოფდა სააკაშვილის გათავისუფლებას. მას მერე სამი თვე გავიდა, მაგრამ ვხედავთ, რომ არაფერი შეცვლილა. უფრო მეტიც, შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი დისკრედიტირებული მერაბიშვილი თავის ინტერვიუებში ამბობს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ფაქტობრივი მმართველი ის არის. ამ რეალობიდან გამომდინარე, „ნაციონალების“ მხარდამჭერებში იმედგაცურება უკვე არის და დროთა განმავლობაში კიდევ უფრო მოიმატებს. ეს პროცესი გაგრძელდება და სექტემბრისათვის ამ პარტიიდან წასული ისეთი ლიდერები, როგორიც ხატია დეკანოიძე, ნიკა მელია და ბაჩო დოლიძეა, გაცილებით მეტ ელექტორატს გაიყოლებენ უკან. ეს მოგებიანი ნაბიჯი იქნება იმ შემთხვევაში, თუ არჩევნები თავის დროზე ანუ 2024 წელში ჩატარდება. ამას იმიტომ ვამბობ, რომ „ქართულ ოცნებაში“ საეჭვო პროცესები მიმდინარეობს - პარტიაში მიმდინარეობს ძალების გადაჯგუფება, პოზიციების გაძლიერება. ეს ყველაფერი შეიძლება ვადამდელი არჩევნების ჩატარებას ნიშნავდეს. კარგად არის სიტუაცია გასაანალიზებელი, ახალი პარტიების შექმნის მსურველებმა სწორად უნდა გათვალონ, დანიშნავს თუ არა „ქართული ოცნება“ ვადამდელ არჩევნებს და გადაწყვეტილებები ამის მიხედვით მიიღონ.