ხელისუფლების წარმომადგენლები წლის პირველ ოფიციალურ ვიზიტებს მეზობელ სომხეთში და აზერბაიჯანში განახორციელებენ. სააკაშვილი ორდღიანი ვიზიტით ერევანს ესტუმრება, სადაც მას ბაქომოვლილი გრიგოლ ვაშაძე შუერთდება. მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ თბილისი ყარაბაღის კონფლიქტში სერიოზული მედიატორობისთვის ემზადება.
კერძოდ, აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ მათთან საუბარში განაცხადა, რომ თბილისი მზადაა ყარაბახის პრობლემის მოგვარებაში შუამავლის როლი შეასრულოს. ექსპერტ ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, ყარაბახის კონფლიქტის მოგვარებაში მედიატორის როლი მაღალი ავტორიტეტის მქონე სახელმწიფომ უნდა ითავოს.
პრეზიდენტი სომხეთში 2-დღიანი ოფიციალური ვიზიტით 22 იანვარს გაემგზავრება.
სააკაშვილი ვიზიტის ფარგლებში შეხვდება სომეხ კოლეგას. პრეზიდენტთან ერთად, სომხეთში გაემგზავრება საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძეც. მინისტრი სომხეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელს შეხვდება.
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ნინო კალანდაძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის სომხეთში ვიზიტი მნიშვნელოვანია, რადგან ეს პირველი ვიზიტია, რომელსაც 2011 წელს პრეზიდენტი ახორციელებს. „ეს ნიშნავს, რომ სქართველოს სომხეთთან განსაკუთრებული კეთილმეზობლური ურთიერთობა აკავშირებს“, – დასძინა კალანდაძემ. მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილი სომხეთში მაღალი დონის შეხვედრებს გამართავს. საუბარი შეეხება ორმხრივ ურთიერთობებს და თანამშრომლობას საერთაშორისო ორგანიზაციებში.
მანამდე კი საგარეო მინისტრი გრიგოლ ვაშაძე ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანს ეწვია. მინისტრი თავის აზერბაიჯანელ კოლეგას შეხვდა. იგი პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმაც მიიღო. მხარეებმა როგორც პოლიტიკურ, ისე ეკონომიკურ საკითხებზე იმსჯელეს.
სამხედრო საკითხებში ექსპერტ ირაკლი სესიაშვილის შეფასებით, ყარაბახის კონფლიქტის მოგვარებაში მედიატორის როლი მაღალი ავტორიტეტის მქონე სახელმწიფომ უნდა ითავოს, რაც საქართველოს გაუჭირდება.
„იდეა იმისა, რომ კონფლიქტის მოგვარებაში მედიატორის როლი შეასრულო, ზოგადად კარგია, მაგრამ სუბიექტს, რომელიც სურვილს გამოთქვამს, ხელი შეუწყოს ასეთი კონფლიქტების მოგვარებას, უნდა ჰქონდეს მაღალი ავტორიტეტი. ყარაბახის კონფლიქტში იმდენად ბევრი და ავტორიტეტული სახელმწიფოები არიან ჩართულნი, რომ რთულია მის მოგვარებაში ლიდერი ან მედიატორი საქართველო იყოს, თუმცა როგორც რეგიონის მოთამაშესა და ერთ-ერთი ძირეულ სუბიექტს, შეუძლია დაპირისპირებულ მხარეებს შორის დიალოგში ჩაერთოს და მათთვის საინტერესო საკითხებზე შეთანხმებას ხელი შეუწყოს“, - ამბობს სესიაშვილი და განმარტავს, რომ საქართველოს შეუძლია აზერბაიჯანისა და სომხეთის ინტერესები ერთმანეთს შედარებით „დაბალ დონეზე“ შეუთანხმოს.
„საქართველოს შეუძლია ერთმანეთს, მაგალითად, ორივე ქვეყნის ინტერესებში შემავალი ეკონომიკური საკითხები, იმპორტ-ექსპორტი, სატრანსპორტო მიმოსვლა, მოქალაქეების გადაადგილება, თუნდაც ტურიზმი და ა. შ. შეუთავსოს. ეს შეიძლება არ იყოს კონფლიქტის მოგვარების ძირითადი გასაღები, მაგრამ ნებისმიერი ინიციატივა, რომელიც ემსახურება ხალხთა შორის და ქვეყნებს შორის ურთიერთობის რაღაც დონეზე დარეგულირებას, რა თქმა უნდა, პოზიტიური ნაბიჯია“, - განმარტავს ექსპერტი.
სესიაშვილი აცხადებს, რომ ყარაბახის პრობლემის მოგვარებაში ქართული მხარის როლისა და საქართველოს ავტორიტეტულობის საკითხი უფრო მაღალ დონეზე იქნებოდა, ანალოგიური პრობლემა მასაც რომ არ ჰქონდეს.
„საქართველოს თავად რომ არ ჰქონდეს კონფლიქტი, ვფიქრობ, ჩვენი ქვეყნის როლი გაიზრდებოდა და ავტორიტეტის საკითხიც უფრო უკეთ იდგებოდა. გასათვალისწინებელია კიდევ ერთი მომენტი: ამ კონფლიქტის მოგვარებით საქართველოც და რეგიონის სხვა ქვეყნებიც დაინტერესებულნი არიან, რადგან როცა რეგიონის ქვეყნებს შორის კარგი ურთიერთობაა, ცხადია, მათ შორის სავაჭრო პროცესებიც უფრო აქტიურად მიმდინარეობს.
თავის მხრივ, ჩვენი დაინტერესება იმაშია, რომ თუ ამ ორი ქვეყნის ურთიერთობა დარეგულირდება, ჩვენს ტერიტორიაზე ამ სახელმწიფოების მიმართულებით ტრანსპორტის მიმოქცევა გაიზრდება, მათ შორის სარკინიგზო მიმოსვლაც და უფრო ინტენსიურად მოხდება შავი ზღვის აკვატორიის გამოყენებაც“, - დასძინა სესიაშვილმა.
ექსპერტმა აღნიშნა, რომ ნებისმიერი კონფლიქტი რიგი ქვეყნისთვის დამატებითი შემოსავლის წყაროა და ამ შემთხვევაში, ყარაბახის გაჭიანურებულ კონფლიქტსაც საქართველოსთვის გარკვეული მოგება მოაქვს.
„ნებისმიერი კონფლიქტი გარკვეული ჯგუფებისა და ქვეყნებისთვის დამატებითი შემოსავლის წყაროცაა. მაშინ, როცა აზერბაიჯანიდან სომხეთში ან თურქეთიდან სომხეთში ტვირთები პირდაპირ არ მიედინება, ისინი საქართველოზე გადიან და ცხადია, ჩვენი ქვეყანა ამ შემთხვევაში დამატებით მოგებას ნახულობს, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, კონფლიქტის მოგვარება აუცილებელია. ძლიერი რეგიონი თითოეულ ქვეყანას დამატებით პოტენციურ ქულებს უწერს“, - აღნიშნა სესიაშვილმა.
შეგახსენებთ: უცხოური მედიის ინფორმაციით, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ აზერბაიჯანულ ტელეკომპანიებთან საუბარში განაცხადა, რომ თბილისი მზადაა ყარაბახის პრობლემის მოგვარებაში შუამავლის როლი შეასრულოს, თუმცა ოფიციალურმა თბილისმა ეს ინფორმაცია არ დაადასტურა. როგორც საგარეო უწყებაში აცხადებენ, ქვეყნის მთავარი დიპლომატის მიერ გაკეთებულ კომენტარში „მედიატორის როლზე“ საუბარი არ ყოფილა.