დასავლეთის შიშების ფონზე, რომ ის რაც უკრაინაში ხდება მალე „კუდიანებზე ნადირობად“ გადაიქცევა, ქვეყნის პროკურატურამ ოპოზიციის ლიდერს და ყოფილ პრემიერ-მინისტრ იულია ტიმოშენკოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან 500 მილიონი დოლარის არამიზნობრივ გამოყენებაში დასდო ბრალი. თუკი ტიმოშენკოს დამნაშავედ სცნობენ, მას პატიმრობა ემუქრება და მომდევნო არჩევნებში მონაწილეობის ვერ მიიღებს. ტიმოშენკო NEWSWEEK-ის კორესპონდენტს უილიამ შრეიბერს იმაზე ესაუბრა, რასაც იგი „ოპოზიციის საბჭოთა სულისკვეთებით დევნას“ უწოდებს
უკრაინის პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩს თქვენი დაჭერა უნდა?
- საბჭოთა კავშირში პატიოსან პოლიტიკურ კონკურენციასთან ბრძოლის იარაღი ციხეები და ბანაკები იყო. უკრაინისთვის სამწუხაროდ, პრეზიდენტმა იანუკოვიჩმა ეს საბჭოთა ტრადიციები დააბრუნა. მას არ უნდა დავუკარგოთ ის, რომ მმართველობის პირველი წლის განმავლობაში მან შეამოწმა ჩემს მიერ ხელმოწერილი ყველა დოკუმენტი, ყველა ფინანსური გადარიცხვა, მთავრობის თითოეული გადაწყვეტილება. მთელი წელი მან ამ უზარმაზარ საქმეს მიუძღვნა და მხოლოდ ერთი დანაშაული აღმოაჩინა. მისი თქმით, ეკონომიკური კრიზისის დროს მე პენსიებს იმ სახსრებიდან ვიხდიდი, რომლებიც კიოტის პროტოკოლის თანახმად, ეკოლოგიური სიტუაციის გაუმჯობესებისთვის იყო განსაზღვრული. ეს ტყუილია. ის თანხმები მთავრობის ანგარიშებზე დარჩა.
ვის პენსიებზე ვსაუბრობთ?
- ჩვენ პენსიებს ვუხდით უკრაინის რიგით მოქალაქეებს, რომლებმაც ჩვენს ქვეყანას საკუთარი ცხოვრების ათეულობით წელი მიუძღვნეს. ისინი, ვინც დღეს ხელისუფლებაში არიან, ძალიან კარგად ერკვევიან ჩრდილოვან ეკონომიკაში, მაგრამ ნაკლებად - სახელმწიფო ბიუჯეტში. მათ საბიუჯეტო ანგარიშები აერიათ. მე ვესაუბრე მათ და უბრალოდ არ იციან სახელმწიფოს დაფინანსების საფუძვლები. ცხადია, რომ ბრალდებები პოლიტიკური მოტივაციით გაკეთდა, რომ მე როგორმე არჩევნებს ჩამომაშორონ.
რა უნდა გააკეთონ ევროკავშირმა და აშშ-მ უკრაინაში დემოკრატიის მხარდასაჭერად?
- დასავლეთი ორმაგი სტანდარტებით მოქმედებს. ზოგიერთ ქვეყნებს, რომლებსაც დიქტატორები მართავენ, ბევრი რამ ეპატიებათ, რადგან იქ სტაბილურობაა. სამწუხაროდ ასეთი ყოფითი სიბრძნე არსებობს: „ის რა თქმა უნდა ნაძირალაა, მაგრამ პროგნოზირებადი და სტაბილური ნაძირალა“. ასეთი კითხვა მიჩნდება - დასავლეთის აზრით რა არის სტაბილურობა? მე არ მსურს ის, რომ სხვა ქვეყნები უკრაინას რუსეთის ფედერაციასთან თანამშრომლობის პრიზმაში უყურებდნენ. უკრაინა არ უნდა იქცეს პაიკად რუსეთის და დასავლეთის ურთიერთობებში.
შეიძლება უკრაინის მთავრობის მართვა კორუფციის გარეშე?
- ვისურვებდი, რომ ეს ბრალდებები შეწყდეს. ამბობენ, რომ ყველა უკრაინელი პოლიტიკოსი კორუმპირებულია. მე რომ მათსავით ვიყო, ისინი ჩემს წინააღმდეგ ასეთი გააფთრებით არ იბრძოლებდნენ. იანუკოვიჩის გამოძიება ჩემს წინააღმდეგ იმას ადასტურებს, რომ იმ დროსაც კი, როდესაც მთავრობის ქვედა რგოლები კორუფციაში მონაწილეობენ, პრემიერ-მინისტრს ამისთვის თავის არიდება შეუძლია.
როგორ აპირებთ მიმართოთ უკრაინის მოქალაქეებს, რომლებიც „ნარინჯისფერი“ მთავრობით იმედგაცრუებულები არიან?
- ბოლო ოცი წლის განმავლობაში უკრაინაში არსებობდა ცალკეული პიროვნებების გარშემო გაერთიანების ტენდენცია. ჩვენ გვინდა, რომ საზოგადოება ძლიერი იდეის ირგვლივ გაერთიანდეს. ჩვენი პარტია მოდერნიზაციას განიცდის, ვსწავლობთ ადამიანების ინფორმირებისა და მათი დახმარების გზებს თვითორგანიზებაში, მიუხედავად უკრაინაში დღეს არსებული ინფორმაციული ბლოკადისა. თუკი იანუკოვიჩი ფიქრობს, რომ ადამიანის დაჭერით ის ამ პროცესს შეაჩერებს, ძალიან ცდება.
თქვენ ამბობდით, რომ პატიმრობამ, რომელიც 1990-იან წლებში გადაიტანეთ, თქვენზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა. როგორ შეიძლება აისახოს თქვენზე გისოსებში დაბრუნება?
- მე არ მაღელვებს ის, თუ სად მოხვდება იულია ტიმოშენკო. გაცილებით მეტად მაღელვებს ის, თუ საით წავა უკრაინა მომავალში. ახლაც და მაშინაც იანუკოვიჩის წარმომადგენლები ისე იქცეოდნენ, თითქოს ჩემზე ზრუნავდნენ და მთავაზობდნენ ქვეყნის დატოვებას. ამბობდნენ, რომ ეს პატიმრობისგან მიხსნიდა. მე მათ საჯაროდ ვუპასუხე: არ ვაპირებ საკუთარი ქვეყნის დატოვებას. არ ვაპირებ შიშისგან გავიქცე.
რა არის „ნარინჯისფერი რევოლუციის“ მემკვიდრეობა?
- იმედი მაქვს, რომ „ნარინჯისფერმა რევოლუციამ”, როგორც არ უნდა აკრიტიკებდნენ მას, უკრაინა და მისი მოქალაქეები უკეთესობისკენ შეცვალა. იმედი მაქვს რომ უკრაინა აღარ იდგება ამ „კონტროლირებად დემოკრატიაზე“. უკრაიანის ავტორიტარულ რეჟიმთან დაბრუნება მარტივად ვერ მოხერხდება. აქ ათასობით ჟურნალისტს შეუძლია ცენზურის წინააღმდეგ მოძრაობის დაწყება, აქ მცირე ბიზნესის წარმომადგენლები პროტესტის გამოსახატავად შეიძლება ქუჩაში გამოვიდნენ. მსგავსი არაფერი არ ხდება პოსტ-საბჭოთა სივრცის არც ერთ ქვეყანაში. ჩვენ, უკრაინელები, ჯიუტები ვართ.