საპარლამენტო არჩევნების შემდეგ საქართველოში მოქმედი საჯარო დაწესებულებიდან, მთლიანობაში, სულ ცოტა, 5 638 თანამშრომელი დაითხოვეს. 2 336, ანუ 41%-მა სამსახური საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა. როგორც „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ხელმძღვანელი ეკა გიგაური ამბობს, დასახელებული ციფრი ბადებს გონივრულ ეჭვს, რომ ხშირ შემთხვევაში, საჯარო მოხელეები საკუთარი ნებით სულაც არ ტოვებდნენ სამსახურს. „საერთაშორისო გამჭირვალობას“ კვლევაში ასევე აღნიშნულია, რომ საჯარო სამსახურში 7 800 ახალი თანამშრომელი მიიღეს და აქედან მხოლოდ 4%, ანუ 257 დაინიშნა კონკურსის მიხედვით.
იმ საჯარო უწყებებიდან კი, რომლებმაც „საერთაშორისო გამჭვირვალობას“ საშტატო ნუსხები მიაწოდეს, საერთო ჯამში, თანამშრომელთა 11% გაათავისუფლეს. ცენტრალური ხელისუფლების ორგანოებიდან სულ 3 769 მოსამსახურე გათავისუფლდა, ცენტრალური ხელისუფლების დაწესებულებებს შორის ყველაზე მეტი საჯარო მოსამსახურე შემდეგი სამინისტროებიდან გათავისუფლდა - შს სამინისტრო – 897, ჯანდაცვის სამინისტრო – 883, თავდაცვის სამინისტრო – 690, იუსტიციის სამინისტრო - 567 და ფინანსთა სამინისტრო – 278.
დასკვნის მიხედვით, ადგილობრივი ხელისუფლების დაწესებულებებიდან სულ 1 769 მოსამსახურე გათავისუფლდა, აქედან ნახევარზე მეტი - საკუთარი განცხადების საფუძველზე. როგორც „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ანგარიშშია აღნიშნული განთავისუფლებების ტალღა 1 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ დაიწყო და ცალკეულ შემთხვევაში, გადაწყვეტილებები პოლიტიკურად მოტივირებულის შთაბეჭდილებას ტოვებდა.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ იძლევა რეკომენდაციებსაც და ადმინისტრაციული ორგანოების ხელმძღვანელებს მოუწოდებს არ დაუშვან პოლიტიკური ან დისკრიმაციული ნიშნით საკადრო ცვლილებები საჯარო სამსახურში. რეკომენდაციაში აღნიშნულია, რომ საჯარო მოხელის დანიშვნისა და გათავისუფლების კრიტერიუმი შეიძლება იყოს მხოლოდ მისი კვალიფიკაციის შესაბამისობა დაკავებულ თუ დასაკავებელ თანამდებობასთან და რეკომენდირებულია, რომ ნებისმიერი საკადრო ცვლილება მხოლოდ კონკურსისა და ატესტაციის გზით განხორციელდეს.
აღსანიშნავია, რომ საჯარო სამსახურებში ახალი თანამშრომლების არჩევის წესზე ისაუბრა პრემიერ მინისტრმა. როგორც ივანიშვილმა აღნიშნა, უკეთესია, რომ პრიორიტეტი ვაკანტურ ადგილებზე ადამიანების კონკურსის გზით დანიშვნას მიენიჭოს, თუმცა აქვე დასძინა, რომ კადრების ახლობლობა- ნათესაობის ნიშნით არჩევა ქართული ბუნებიდან გამომდინარეობს და ამაში „საშინელება არაფერია“. მისი თქმით, კადრების ახლობლობის ნიშნით შერჩევის გამო შესაძლებელია ბევრი პროფესიონალი დარჩეს უმუშევარი, მაგრამ ეს არ იქნება სისტემური.
„მიმაჩნია, რომ უკეთესია ყველა შემთხვევაში გამოაცხადო კონკურსი და კონკურსის შედეგად მიიღო მასზე უკეთესი“ - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
პრემიერის ამ განცხადების შემდეგ პარლამენტმა მიიღო დადგენილება, რომ სახელმწიფო მოხელე ვალდებული ხდება გაიაროს კონკურსი. ერთ-ერთი უწყება, სადაც ჯერ-ჯერობით კონკურსი ჩატარდა ეს გახლავთ საქართველოს პარლამენტი.
პარლამენტის წევრი ლევან ბერძენიშვილი for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ კონკურსი უნდა ჩატარდეს ზუსტად ისე, როგორც ამას კანონი დაადგენს, რომელიც პარლამენტში კანონპროექტის სახითაა წარმოდგენილი.
„ბევრ ადგილას კონკურსი საერთოდ არ ჩატარებულა. პარლამენტში ჩატარდა კონკურსი და ჩატარდა ძალიან გამჭვირვალედ და არვითარი - ნეპოტიზმი. მთავრობამ მოითხოვა გადავადება, რაც პარლამენტში ჯერ კიდევ კანონპროექტის სახითაა და მისცემს თუ არა გადავადებაზე თანხმობას, არ ვიცი, ჯერ არ მიგვიღია გადაწყვეტილება.
მინდა გითხრათ, რომ გაცილებით მეტია მიღებული, ვიდრე არის განთავისუფლებილი. მიმაჩნია, რომ აუცილებელია ჩატარდეს კონკურსით საჯარო სამსახურებში. კონკურსი უნდა ჩატარდეს ზუსტად ისე, როგორც ამას კანონი დაადგენს. როცა უკონკურსოდ ხდება კადრის აყვანა, იქ ნეპოტიზმიც იქნება და ყველა უბედურება“, - აცხადებს ლევან ბერძენიშვილი.
კონკურსის აუცილებლობაზე ამახვილებს ყურადღებას პარლამენტის ვიცე-სკპიკერი, მანანა კობახიძე, რომელიც ამბობს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების პოზიცია არის ანგარიშგასაწევი და გასათვალისწინებელი.
„თუ ასეთი ვითარებაა, რომ მათ აქვთ გონივრული ეჭვი, რომ ადამიანები საკუთარი ნებით არ ტოვენებ თანამდებობას, ალბათ, რაღაცას უნდა ეფუძნებოდეს ეს ეჭვი. სულ მცირე, ამ ადამიანების ახსნა-განმარტებები უნდა არსებობდეს. ჩვენ გავამკაცრეთ კანონი, სისხლის სამართლის კოდექსში მუხლიც კი შევიდა, რომელიც სამსახურიდან დათხოვნის იძულების კრიმინალიზაციას ახდენს. სწორედ იმიტომ, რომ არ ყოფილიყო მსგავსი ფაქტები.
დიახაც ჩვენ დავპირდით მოსახლეობას, რომ არ იქნებოდა პოლიტიკური ნიშნით განთავისუფლება და ეს არ იყო მხოლოდ განცხადება და ამის მაგალითია ის, რომ მაგალითად პარლამენტის აპარატში ყველა ის ხალხი მუშაობს ვინც წლების განმავლობაში მუშაობდა.
მე პირადად მივესალმები იმას, რომ ყველა სახელმწიფო სამსახურში ჩატარდეს კონკურსები და არ იყოს დაშვებული რაიმე ტიპის ნეპოტიზმი. არ შეიძლება ადამიანები დაინიშნონ დაუმსახურებლად და მხოლოდ იმიტომ, რომ ვიღაცის ახლობელია. ეს დაუშვებელია და მე ამის წინააღმდეგი ვიქნები ყოველთვის. მე ვიცი დავით უსუფაშვილი პოზიცია, რომ პარლამენტი არის სწორედ ის ორგანო, რომელმაც მაგალითი უნდა მისცეს ყველა საჯარო სამსახურს, რომ აქ ადამიანები იყვნენ აყვანილნი მხოლოდ მათი გამცდილებით“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას მანანა კობახიძე.