"გურიადან" წასულები პასუხს ფეხბურთის ფედერაციას სთხოვენ

10 აგვისტოს საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატი დაიწყო, რომელიც ლანჩხუთის "გურიასა” და მისი გულშემატკივრებისთვის საზეიმო განწყობის მიზეზი უნდა გამხდარიყო. ხანგრძლივი შესვენების შემდეგ, გუნდი უმაღლეს ლიგას დაუბრუნდა. მაგრამ რეალობა ზეიმის ადგილს არ ტოვებს – ის მწარე და უსიამოვნო გამოდგა.

ეს ამბავი იმად არის მნიშვნელოვანი, რომ ქართულ ფეხბურთში არსებულ ფინანსურად პრობლემებზე მიახლოებით წარმოდგენას გვიქმნის – ჩვენს კლუბებს მართლაც ძალიან უჭირთ.

წლების წინ, ერთ-ერთ რუმინული კლუბი გაკოტრების პირას მივიდა და მისმა მეპატრონემ მოთამაშეებს დავალიანების გასტუმრება... საქონლის ხორცით შესთავაზა.

1999 წელს, დაახლოებით მსგავსი ნატურით ანაზღაურება საქართველოშიც მოხდა: ქუთაისის “ტორპედოს” მეპატრონეს ფული შემოელია და ფეხბურთელებს ვალი არაყი “სარაჯიშვილის” საბითუმო პარტიით გადაუხადა.

ვაი, რომ ახლა ლანჩხუთის “გურიაში” ნატურით გადახდის საშუალებაც არ აქვს. შეგახსენებთ დატრიალებული მოვლენების არსს. მართალია, როგორც სახელმწიფო კლუბების უმრავლესობა, “გურიაც” ფინანსურ პრობლემებს განიცდიდა, მაგრამ სეზონი ახლოვდებოდა და კლუბის მესვეურები ყოველდღე იმეორებდნენ – ამ პრობლემებს წერტილი მალე დაესმებოდა. სწორედ ამ იმედად მიიწვიეს გამოცდილი და სახელიანი მოთამაშეების ჯგუფი და საქართველოს პირობებზე, საკმაოდ კარგ ხელფასებს, 2000-2000 ლარს შეპირდნენ.

მაგრამ სეზონის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე, “გურიასა” და ფოთის “კოლხეთის” შეხვედრამდე, მოთამაშეებმა მხარი აუბეს გუნდის ძველ წევრებს, რომლებიც 3 თვის დავალიანების გასტუმრებას ითხოვდნენ და მოედანზე გასვლაზე უარი განაცხადეს.

ლანჩხუთის გამგებელი ზაზა ურუშაძე, რომელიც “გურიას” საქმეში აქტიურად მონაწილეობს, მათ კონტრაქტების გაფორმებასა და დავალიანების გასტუმრებას შეპირდა. ეს ამბავი მიჩუმათდა, მაგრამ კლუბში არსებული პრობლემები გაცილებით მძიმე მოსაგვარებელი აღმოჩნდა, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანდა - სახელმწიფოს “გურიას” შესანახი თანხა არ აღმოაჩნდა.

ეს მოთამაშეთა ნაწილმა დროულად გაიაზრა და მოსახდენი მოხდა: ჩემპიონატის დაწყებამდე 3 დღით ადრე, “გურია” შვიდმა წამყვანმა მოთამაშემ დატოვა: მიხეილ ალავიძემ, ედიკ საჯაიამ, ლექსო ინწკირველმა, ზაალ ელიავამ, სევასტი თოდუამ, ზურაბ მენთეშაშვილმა და რევაზ გოცირიძემ.

სწორედ მათგან შეიტყო გულშემატკივარმა, რა ცოდვა-მადლი ტრიალებდა უმაღლეს ლიგაში დაბრუნებულ გუნდში.

- ლანჩხუთის გამგებელი კვირაში ორჯერ გვატყუებდა, არც ერთი დანაპირები არ თუ ვერ შეგვისრულა და პრეტენზია მხოლოდ მასთან გვაქვს. რაიონის მაჟორიტარი დეპუტატს, ლეგენდარული "გურიას" კაპიტანს თემურ ჩხაიძეს დიდ პატივს ვცემთ, მაგრამ ის თვალით არ გვინახავს და მგონი, კლუბის საქმიანობაში არც ერეოდა. ვერ გამიგია, ამხელა ტრადიციების კლუბი ასეთი კაცის ხელში როგორ აღმოჩნდა. "გურიას" წარმატებებს ვუსურვებთ, მაგრამ საშინლად შეურაცხყოფილები ვართ ყველა, ფაქტობრივად, გუნდიდან გამოგვყარეს, - ეს "გურიას" ერთ-ერთმა ლიდერმა, სევასტი თოდუამ განაცხადა.

ამის შემდეგ საბავშვო ბაღი დაიწყო. თოდუას და კლუბიდან წასულ სხვა ფეხბურთელებს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, ზაზა ურუშაძემ ფეისბუკში ლანჩხუთის "გურიადან" წასული ფეხბურთელების ბრალდებებს უპასუხა და ფაქტობრივად, დაადასტურა, რომ კლუბს თანხა არ გააჩნდა. მისი თქმით, რაიონის მწირ ბიუჯეტს არ ექნება იმის საშუალება, რომ უმაღლეს ლიგაში კლუბი არჩინოს, ამიტომ სპონსორის მოძიება აუცილებელად დაასახელა. გუნდისთვის, მუნიციპალიტეტმა გასულ ჩემპიონატში პირველ ლიგაში 400 ათასი ლარის კრედიტი აიღეს. ახლა კი ლანჩხუთის საკრებულოს თავჯდომარემ ფინანსთა მინისტრს წერილობით მიმართა, რათა მუნიციპალიტეტისათვის 100 ათასი ლარი დავალიანების დასაფარად გამოეყო.

ხოლო ფეხბურთელებზე ურუშაძემ მკვახედ ილაპარაკა:

- დღეს, რაიონის ბიუჯეტს არ აქვს საშუალება, თორმეტ ფეხბურთელს 2-ათასლარიანი ხელფასი რომ დაუნიშნოს... ისინი სინჯებზე იყვნენ, ხელშეკრულებები არ გაფორმებულა და როგორ გაუშვებდით? ბათუმის “დინამოსთან” ამხანაგურ თამაშზე მოედანზე გადაღლილი გუნდი გამოვიდა. მწვრთნელის საქმიანობაში არ ვერევი, მაგრამ, როდესაც ფეხბურთელს მაღალი ანაზღაურების პრეტენზია აქვს, შესაბამისი თამაშიც უნდა აჩვენოს.

ლანჩხუთის “გურია” თავშესაფარი არ არის. მთელ საქართველოს რომ მოივლი და ბოლოს ლანჩხუთს მოადგები, არ უნდა გეგონოს, რომ აქ ფეხბურთი არ იციან. ჩვენ საბოტაჟს კლუბში არ დავუშვებთ, როცა გაუხარდებათ გამოვიდნენ სათამაშოდ და როცა გაუხარდებათ - არა! მწვრთნელებს მიეცემა დავალება, რომ ქუჩაში დაჭერილი ფეხბურთელები მომავალში კლუბში არ მოიწვიონ.

როგორც მან განაცხადა, მუნიციპალიტეტი სპონსორის ძიებაშია და იძულებულია, ბანკებიდან სესხი აიღოს. ძველი დავალიანების (74 ათას ლარს) გასასტუმრებლად, სამი ბანკის ხელმძღვანელს შეხვდა და ყველაზე მეტად, "ვითიბი ბანკში" დააიმედეს. ურუშაძე ამტკიცებდა, რომ პარალელურად, მოლაპარაკებებს რუს, უკრაინელ და ებრაელ ბიზნესმენებთან აწარმოებდა. ხოლო "გურია" აქცენტს ახალგაზრდა ფეხბურთელებზე აიღებს, კლუბში 40 წლის ფეხბურთელების, "საბოტაჟნიკებისა" და "მაზავჩიკების" ადგილი არ არისო.

გამგებლის მოადგილემ, ვახტანგ ზენაიშვილმა “გურიას” ფინანსურ კატასტროფაზე უფრო საინტერესო დეტალები გაამხილა. მისი თქმით, კლუბის შესანახად საკრებულომ შარშან 400 000 ლარი გამოყო, რომელიც საკმარისი არ აღმოჩნდა და დამატებით 600 000 ლარამდე კიდევ დაიხარჯა. სწორედ “გურიას” დაფინანსების გამო, ლანჩხუთის ბიუჯეტს 700 000 ლარი ვალი დაუგროვდა.

- ხალხმა უნდა გადაწყვიტოს, როგორ და სად დაიხარჯოს ბიუჯეტის ფული. ეს უნდა იყოს ღია და გამჭვირვალე პროცესი. ვკითხეთ ჩვენ ლანჩხუთის მოსახლეობას, შევათანხმეთ კი მასთან, 5-მილიონიანი ბიუჯეტიდან 2 მილიონის საფეხბურთო კლუბზე დახარჯვა სურთ?! ყოველივე ეს ხომ შეჭირვებული მოსახლეობის სოციალური პროგრამების შემცირების და სხვა მრავალ პროექტზე უარის თქმის ხარჯზე უნდა მოხდეს?! – აცხადებს ზენაიშვილი.

მოთამაშეებს კი გამგებლის აღარ სჯერათ. პირველი შვიდეულის წასვლიდან ორიოდე დღეში, ლანჩხუთის "გურია" კიდევ შვიდმა ფეხბურთელმა დატოვა: გიგა კვერენჩხილაძემ, ლაშა ჯანგიძემ, ერეკლე კილაძემ, ვიტალი დარჩიძემ, კობა შალამბერიძემ, ალექსანდრე შენგელიამ და გიორგი ძაძამიამ.

ფორ.გე-ს “გურიადან” წამოსული მოთამაშეები დაუკავშირდნენ და მწვავე შეფასებები გააკეთეს.

ედიკ საჯაია: - გამგებლის საფეხბურთო “პროფესიონალიზმმა” გაგვაოცა, როდესაც თქვა, ამხანაგურ თამაშში გადაღლილი გუნდი თამაშობდაო. მოსამზადებელ ეტაპზე, დატვირთვების ფონზე, გუნდი ყოველთვის ასე გამოიყურება.

განსაკუთრებით მის ამ სიტყვებმა “მოგვხიბლა" - მწვრთნელებს მიეცემა დავალება, მომავალში კლუბში ქუჩიდან ფეხბურთელები არ მოიწვიოსო. ჩვენს შორის არის სამი ისეთი ფეხბურთელი, რომლებსაც ევროპის 16 და 18-წლამდელ ფეხბურთელთა ჩემპიონატზე უთამაშია. პირადად მეც მათ შორის ვარ, 1997 წელს ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი გავხდი, ნაკრებში და რუსეთის პრემიერლიგაში მითამაშია და თუ ასეთი “ქუჩაში დაჭერილი ფეხბურთელი” ბევრი ეგულება, ხელებს ავუწევ. 

მაგრამ ეს სისულელეები აღარ მიკვირს. საქართველოში ფეხბურთელების არდაფასება ჩვეულ მოვლენად იქცა და არც ლანჩხუთში გაგვკვირვებია. კიევის “დინამოს” ვეტერანებთან ამხანაგურ შეხვედრაში “გურიას” ოქროს თაობის ფეხბურთელები არ მიიწვიეს – კორღალიძე, კოპალეიშვილი, უგრელიძე, თევზაძე... ასეთი ხელმძღვანელის გუნდში თამაში არც ღირს.

ზურაბ მენთეშაშვილი: - უკლუბოდ არ დავრჩებით და არც ცხოვრებაში დავიკარგებით. მაგრამ უბედურება ისაა, რომ საქართველოში სიმართლის მთქმელი ფეხბურთელების ეშინიათ. რეალურად, ჩვენი გაშვების მიზეზი ეს გახდა. რამდენ ქვეყანაში მითამაშია, პრობლემა არსად მქონია, გამონაკლისი მხოლოდ საქართველოა. აქ ფეხბურთელისგან მონობას ითხოვენ და მის კლასს მხოლოდ ამის მერე აფასებენ. ამიტომ გავხდით ნაკრებში ნათამაშები ფეხბურთელები “ქუჩიდან მოყვანილები” და ჩამოწერილები.

რევაზ გოცირიძე: - ზაზა ურუშაძემ ბოდიში საჯაროდ უნდა მოგვიხადოს, რადგან ჩვენს შორის არიან არა "საბოტაჟნიკები" და "მაზავჩიკები" და ქართული ფეხბურთისთვსიაც რაღაც გაგვიკეთებია. საქართველოს ორგზის ჩემპიონი, ორგზის ჩემპიონატის ბომბარდირი და ეროვნული ნაკრების კანდიდატი გახლდით, ეს კაცი კი ჩირქს გვცხებს.

ურუშაძე იტყუება, კლუბიდან როგორ გაუშვებდით, სინჯებზე მივიწვიეთო. ხელშეკრულებები მართლაც არ გაუფორმებიათ, მაგრამ პატარა ბავშვები არ ვართ, ჩვენი სურვილით ჩავსულიყავით, მით უფრო, სინჯებზე? არ შეგვისრულა დაპირება, არც კონტრაქტები გაგვიფორმა და რაც მთავარია, შეურაცხყოფა მოგვაყენა. საბოტაჟია ელემენტარულ სავარჯიშო პირობების და შეპირებული ხელფასების მოთხოვნა? ეტყობა, მისი აზრით, უფულოდ თამაშია მხოლოდ ღირსეული საქციელი. თუმცა, თავად ამბობს, რომ გუნდში ფული არ არის და ფაქტობრივად, ამით ჩვენი პრეტენზიების საფუძვლიანობას ადასტურებს.

ჩვენ ფეხბურთის ფედერაციის პოზიციაც გვაინტერესებს. უმაღლეს ლიგაში მონაწილეობისთვის გუნდებს გარანტიებს სთხოვს და “გურიას” ფინანსური მდგომარეობით რატომ არ ინტერესდება? გუნდს ანგარიშზე თეთრი არ გააჩნია და წინა სეზონის სამი თვის დავალიანებაც გასასტუმრებელი აქვს და თვალებს ხუჭავენ? ეს იმ დროს, როდესაც პირველ ლიგაში თამაში სურვილი სოხუმის “დინამომ” გამოხატა და ფინანსური გარანტიების არქონის გამო, უარით უთხრეს.

ლექსო ინწკირველი: - ურუშაძემ ყველას შეურაცხყოფა მოგვაყენა. რეალურად, გუნდში უკმაყოფილება ჩვენ არც დაგვიწყია. “გურიას” შარშანდელი შემადგენლობიდან დარჩენილმა მოთამაშეებმა დავალიანების გასტუმრება რომ მოითხოვეს, გვერდში დავუდექით. ეს არ ესიამოვნათ, პლუს, არც ფული ჰქონდათ და შეპირებული ხელფასების ნაცვლად, კონტრაქტების გაფორმება განახევრებულ პირობებზე მოგვთხოვეს. ამას რომელი ჭკუათმყოფელი დათანხმდებოდა? ამ ყველაფრის შემდეგ, სეზონის დაწყების წინა დღეეებში გაახსენდა, რომ თურმე, “გურიაში” ლანჩხუთელები არ თამაშობდნენ. აბა, ამ ტყუილს ვინ ჭამს?

რამდენი ხანია ფეხბურთს ვთამაშობ, მაგრამ მსგავსი დილეტანტი ხელმძღვანელი არასოდეს მინახავს. გამგებელმა როგორ უნდა მისცეს მწვრთნელს მითითება, გუნდი როგორ დააკომპლექტოს?! ნუთუ, არავინ ეუბნება, რომ ეს მისი საქმე არ არის?

15 წამყვანი მოთამაშე, ფაქტობრივად, მთელი გუნდი რომ სეზონის დაწყების წინა დღეს მიდის, ხომ უნდა დაფიქრდე, ყველასთან მართალი ვერ იქნები. საერთოდ, ასეთი ამბავი ვინმეს ახსოვს? ჩვენს შემდეგ წამოსულებზეც იგივეს იტყვიან? ნუთუ ფედერაციას არ აინტერესებს, “გურიაში” რა უბედურება ხდება?