ეროვნულ ძალთა გაერთიანება 5 ათასი წლის წინანდელი ცივილიზაციის გადარჩენას მოითხოვს. ამ ორგანიზაციის წევრთა თქმით, დმანისი-ბოლნისის გზაზე მდებარე პირველყოფილი ადამიანის ოქროს საბადოები დანგრევის პირასაა. საუბარია საყდრისზე, უძველეს ოქროსმომპოვებელ საბადოზე, რომელიც მსოფლიოში უნიკალური და ერთადერთია.
როგორც საზოგადოებრივი ორგანიზაცია „ლალხორის“ თავმჯდომარე მირონ ფირცხელანი აცხადებს, ამ საბადოებს ანგრევს იქ მომუშავე რუსული კომპანია, რომელსაც ამ ძეგლის ფაქტობრივი განადგურება სურს.
აღსანიშნავია, რომ 2013 წლის 26 აპრილს კომპანიამ „RMG“, რომელიც მიმდებარე ტერიტორიაზე ოქროს მოიპოვებს, კულტურის სამინისტროს საყდრისის საბადოსთვის კულტურული ძეგლის სტატუსის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილების მართებულობის შესწავლა სთხოვა. 2013 წლის 28 მაისს გურამ ოდიშარიას ბრძანებით მართლაც შეიქმნა „ბოლნისის მუნიციპალიტეტის დაბა საყდრისის უძველესი სამთომადნო მრეწველობის ძეგლთან დაკავშირებული საკითხების შემსწავლელი კომისია“, რომელსაც დაევალა აღნიშნული ობიექტისათვის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მინიჭების დოკუმენტაციის შესწავლა. მოგვიანებით, კომისიამ დაასკვნა, რომ ჯერ კიდევ 2006 წელს კულტურის სამინისტრომ ძეგლის სტატუსი ამ ობიექტს კანონდარღვევით მიანიჭა. ამიტომ, ოდიშარიას უწყებამ საყდრისის საბადოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მოუხსნა.
კულტურის სამინისტრომ ეს გადაწყვეტილება იმით გაამართლა, თითქოს, აღნიშნული ძეგლი იყო სპილენძის და არა - ოქროს მომპოვებელი საბადო. კომიისის დადგენილებით, ის იარაღები, რომლებიც აღმოჩნდა საბადოში, იყო უფრო მყიფე, ვიდრე ნიადაგი, რომლის დასამუშავებლადაც ის იყო განკუთვნილი. მეტიც, სამინისტროში აცხადებენ, რომ დოკუმენტაცია, რომლის მიხედვითაც ამ ობიექტისთვის ძეგლის სტატუსის მინიჭება უნდა მომხდარიყო, სამინისტროში არ მოიძებნა.
საქართველოს ეროვნული მუზეუმის სამეცნიერო ლაბორატორიის ხელმძღვანელ ირინე ღამბაშიძეს განსხვავებული მოსაზრება აქვს. იგი ადასტურებს, რომ საყდრისის საბადო ოქროს მომპოვებელი უძველესი საბადოა, რომელიც 5400 წელს ითვლის. მეტიც, ეს ძეგლი სპილენძის მომპოვებელი საბადო რომც ყოფილიყო, ამით მისი მნიშვნელობა მაინც არ მცირდება.
ირინე ღამბაშიძის ინფორმაცია მნიშვნელოვანია, რადგან იგი კარგა ხანია, იკვლევს საყდრისის საბადოს. მეცნიერი აცხადებს, რომ მან შესაბამისი დოკუმენტაცია სამინისტროშიც მიიტანა, თუმცა დოკუმენტაცია სამინისტროდან დაიკარგა.
გარდა ამისა, ირინე ღამბაშიძეს მინისტრის ბრძანების ის ჩანაწერი აკვირვებს, რომლის მიხედვითაც, საბადოს მოძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭება. მას აინტერესებს, ნუთუ შესაძლებელია მთის მასივის სხვა ადგილას ისე გადატანა, რომ იგი არ დაზიანდეს.
საზოგადოებრივი ორგანიზაცია „ლალხორის“ თავმჯდომარე მირონ ფირცხელანი For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ კულტურის მინისტრმა და სხვა ჩინოვნიკებმა სავალალო გადაწყვეტილება მიიღეს, გააუქმეს უძრავი ძეგლის სტატუსი, რომლითაც ეს ადგილი დაცული იყო და მას მიანიჭეს მოძრავი ძეგლის სტატუსი. ეს კი ნიშნავს, რომ სადღაც სხვაგან აშენდება ბუტაფორია, ხოლო 5 ათასი წლის წინანდელი ადგილი, ანუ ჩვენი წინაპრების ოქროს მაღარო დაინგრევა.
„ეს არის კაცობრიობის ცივილიზაციის პირველი ნაშთები ოქროს მოპოვების დარგში. ამიტომ, ეს არის ვანდალიზმი არა მარტო საქართველოს, არამედ კაცობრიობის წინაშე. მომხდარის გამო მოვითხოვთ ყველა იმ მაღალჩინოსნის პასუხისმგებლობას, ვინც ამას მოაწერა ხელი“, - აცხადებს მირონ ფირცხელანი.
ამასთან, აანონსებს, რომ მომავალი კვირის სამშაბათს კულტურის სამინისტროს წინ სხვადასხვა დარგის სპეციალისტების მონაწილეობით გაფართოებული აქცია მოეწყობა. მათი მოთხოვნა მინისტრის გადაყენება და მისი პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება იქნება.
მეტიც, მირონ ფირცხელანი აცხადებს, რომ მომხდარის გამო საერთაშორისო საზოგადოებაც აღშფოთებულია. აქ ჩამოსულნი არიან გერმანელი სპეციალისტები, რომლებიც სპეციალურად სწავლობენ ამ ობიექტს, როგორც კაცობრიობისთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ობიექტს. ამ ფონზე კი სავალალოა, რომ იქ მომუშავე ქართველი მეცნიერები, ირინე ღამბაშიძის ხელმძღვანელობით, დაიბარეს პოლიციაში, რათა მათ შეეწყვიტათ მუშაობა. ამის მიუხედავად, მირონ ფირცხელანი აცხადებს, რომ მანამ არ გაჩერდებიან, სანამ ძეგლს სტატუსი არ აღუდგება.
„მსოფლიოში არსებობს სხვადასხვა ანალოგიური ძეგლი, რომელთა დანიშნულებაც კაციბრიობის წინაშე არის ის, რომ ისინი ადასტურებენ, რომ თურმე, 2, 3, 4 ათასი წლის წინ მცხოვრები ადამიანები გათვითცნობიერებულნი ყოფილან ქიმიასა და ფიზიკაში. ეს ძეგლები დღევანდელობას „ატყობინებენ“, რომ ცივილიზაცია ჯერ კიდევ უძველეს ხანაში დაიწყო. თუმცა ისეთი ღირებული ძეგლი, როგორიცაა დმანისი-ბოლნისის გზაზე მდებარე საყდრისი, არ არსებობს არცერთ ქვეყანაში. ამის მიუხედავად, ამ ძეგლის მოსპობა სურთ“,- გვითხრა მირონ ფირცხელანმა.