„ამიხსნას ვინმემ, რითია ვანო მერაბიშვილის კილოგრამები ადამიანის სიცოცხლეზე უფრო ძვირფასი“

„ამიხსნას ვინმემ, რითია ვანო მერაბიშვილის კილოგრამები ადამიანის სიცოცხლეზე უფრო ძვირფასი“

ვანო მერაბიშვილის ადვოკატი ახლადაღმოჩენილი გარემოებების გამო მერაბიშვილის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტას ან აღკვეთის ღონისძიების შცვლას ითხოვს. ადვოკატის ინფორმაციით, არსებობს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დავალებით მომზადებულ დასკვნა, რომელიც 2011 წლის 26 მაისს შსს-ს მოქმედებას ეხება და რომელიც ადასტურებს, რომ მერაბიშვილს უფლებამოსილებისთვის არ გადაუმეტებია. მთავარი პროკურატურაში კი აცხადებენ, რომ, ამერიკული კომპანია „დენსუსის“ დასკვნა ვანო მერაბიშვილის ბრალდების დასაბუთებულობასა და კანონიერებას ადასტურებს.

ვანო მერაბიშვილს წარდგენილი აქვს ბრალდება, რომლის ფორმულირების მიხედვით, მან დაამტკიცა მიტინგის დაშლის არასწორად შედგენილი გეგმა და გასცა კანონშეუსაბამო დავალებები. ვანო მერაბიშვილის ადვოკატი ირწმუნება, რომ აღნიშნული დასკვნის მიხედვით, აბსოლუტურად სწორად იყო დაგეგმილი დაშლის გეგმა, აბსოლუტურად სწორად იყო მინისტრის მიერ იგი დამტკიცებული და განხორციელებული.

„ეს მოცემულობა გვაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ ბრალდებას აქვს, სულ მცირე, ახლადაღმოჩენილი გარემოება, რომ შეწყვიტოს სისხლის სამართლებრივი დევნა ბატონი მერაბიშვილის მიმართ, ან სხვა შემთხვევაში, აღმკვეთის ღონისძიება მაინც შეცვალოს“, - განაცხადა ადვოკატმა გიორგი ჩივიაშვილმა.

საქართველოს მთავარ პროკურატურაში ადასატურებენ, რომ 26 მაისის მოვლენებთან დაკავშირებით ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის დაკვეთით ჩატარებული დასკვნა ვანო მერაბიშვილის ადვოკატს ნამდვილად პროკურატურამ გადასცა. ამ დასკვნაში ცალკეული ასპექტებია შეფასებული, თუმცა რაიმე ცალსახა მითითება არ არის. როგორც პროკურატურის პრეს-სამსახურის ხელმძღვანელმა ხათუნა პაიჭაძემ for.ge-სთნ საუბრისას აღნიშნა, ეს არის ცალკეული პოზიციების დახასიათება, სადაც ერთმნიშვნელოვნად არ იკვეთება არავითარი შედეგი.

2011 წლის 26 მაისის შესახებ ამერიკული მხარის დასკვნა ორგანიზაცია „თავისუფალმა ზონამ“ გაავრცელა. დასკვნაში ნათქვამია, რომ 26 მაისის ღამეს, ოფიცერთა უდიდესი უმრავლესობა მოქმედებდა დისციპლინირებულად, მუდმივად ასრულებდა ბრძანებებს და იყენებდა მიზნის მისაღწევად პროპორციულ და აუცილებელ ძალას. ამავე დასკვნით, მომიტინგეები შეიარაღებული იყვნენ ფარებითა და ხელკეტებით. ამავე დასკვინის მიხედვით, არსებობს მტკიცებულებები, რომ მათ ჰქონდათ მოლოტოვის კოქტეილები.

„არსებობდა ინფორმაცია, რომ მომიტინგეთა შორის ცალკეულ პირებს ლეგალურად ჰქონდათ ცეცხლსასროლი იარაღი. რამდენიმე მანქანა, რომელიც ეკუთვნოდა პროექტის ორგანიზატორებსა და მათ მცველებს დაიძრა თავისუფლების მოედნისაკენ და შეხვდა საწინააღმდეგო მიმართულებით მოძრავ დაკავების ჯგუფს, ჯგუფის მიზანი იყო კანონდამრღვევთა დაკავება. მანქანები არ გაჩერდნენ, გაიარეს პოლიციის რიგებში. შედეგად დაშავდა 5 პოლიციელი, გარდაიცვალა 1 პოლიციელი და სამოქალაქო პირი“, - ნათქვამია დასკვნაში.

მთავარი პროკურატურაში კი აცხადებენ, რომ, ამერიკული კომპანია „დენსუსის“ დასკვნა ვანო მერაბიშვილის ბრალდების დასაბუთებულობასა და კანონიერებას ადასტურებს.
როგორც პროკურატურაში აცხადებენ „დენსუსის“ დასკვნა არ შეიძლება განხილულ იქნეს როგორც ახლად გამოვლენილი გამამართლებელი მტკიცებულება და მისი სხვაგვარი ინტერპრეტაცია სამართლებრივი მანიპულაციისა და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობას წარმოადგენს. 

მთავარი პროკურატურა მიიჩნევს, რომ ამერიკული კომპანია „დენსუსის“ მიერ შსს-ს ჯერ კიდევ 2011 წელს გადაცემული დასკვნა შედგენილია მაღალკვალიფიციურად და იგი არათუ ეწინააღმდეგება ვანო მერაბიშვილისათვის შერაცხულ ბრალდებას, არამედ ავსებს მას და ადასტურებს ამ ბრალდების დასაბუთებულობასა და კანონიერებას.

გამოძიებით კი უტყუარად დადგენილია, რომ საერთაშორისო საზოგადოებისა და საქართველოს მოსახლეობის დეზინფორმირების მიზნით, პოლიციელთა უკანონო ქმედებებზე შსს-მ მოახდინა თვალთმაქცური რეაგირება და ჩადენილ დანაშაულში ივანე მერაბიშვილის მონაწილეობის შენიღბვის მიზნით, დისციპლინური წესით მოჩვენებითად დასაჯა შინაგან საქმეთა სამინისტროს 16 თანამშრომელი, რომელთაგან ნაწილი საერთოდ არ იმყოფებოდა მიტინგის ტერიტორიაზე, ნაწილი - უშუალოდ არ ღებულობდა მონაწილეობას მიტინგის დაშლაში, ხოლო 3 მათგანი დასჯის შესახებ ბრძანების გამოცემამდე, საკუთარი ნებით, უკვე გათავისუფლებული იყო შს ორგანოებიდან“, – ნათქვამია განცხადებაში. 

„სახალხო კრების“ აღმასრულებელი საბჭოს წევრი ირაკლი ბათიაშვილი ფირმა „დენსუსის“ დასკვნის განსაჯაროებას მიხეილ სააკაშვილისა და მისი გუნდის მხრიდან ამერიკის შეერთებული შტატების დაშანტაჟების მორიგ მცდელობად აფასებს. მისივე თქმით, „დენსუსი“ არის კერძო კომპანია და ვერ გამოდგება ვერავითარ ახალ გარემოებად იმისთვის, რომ სისხლის სამართლებრივი დევნა შეწყდეს ვანო ბერაბიშვილის წინააღმდეგ.

„გაურკვეველი დასკვნის გამოქვეყნება, რაც მოხდა „ნაციონალური მოძრაობის“ ინიციატივით და ინსპირაციით, არის მიხეილ სააკაშვილისა და მისი გუნდის მხრიდან ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის, აშშ-ის დაშანტაჟების მორიგი მცდელობა. მან რამდენიმე ესეთი მცდელობა ბოლო პერიოდის მანძილზე უკვე გააკეთა და ეს არის კიდევ ერთი სერიოზული შანტაჟის მცდელობა“, - განაცხადა ირაკლი ბათიაშვილმა.

საპრალამენტო უმრავლესობის წევრი ლევან ბერძენიშვილი თვლის, რომ საკითხის ასე დაყენება არის არაკვალიფიციური, ვინაიდან მერაბიშვილის ბრალეულობის საკითხს წყვეტს საქართველოს სასამართლო.

„მინდა ვუთხრა უტიაშვილს და ყველას. ვანო მერაბიშვილს რამდენიმე რამეში ედება ბრალი და კიდევ დაედება ბრალი რამდენიმე რამეში. გირგვლიანის მკვლელობის საქმეში ვანო მერაბიშვილის როლი ხომ გამოიკვეთება არა? საქართველოში ერთი მოქალაქე მაჩვენეთ და არაა „ნაციონალური მოძრაობის“ ბრმა მიმდევარი, რომელმაც არ იცის რა კავშირი აქვს ვანო მერაბიშვილს ამ მკვლელობასთან. ერთი კაცი მაჩვენეთ, რომელიც იტყვის, რომ მერაბიშვილის და მისი ცოლს ბინძური ხელი არ ურევია ამ ახალგაზრდა კაცის მკველელობაში. ამიხსნას ვინმემ რითია ვანო მერაბიშვილის კილოგრამები ადამიანის სიცოცხლეზე უფრო ძვირფასი. სასამართლო დადგენილებამდე იმის თქმა დამნაშავეა თუ არა, არ შემიძლია და უტიაშვილს საიდან შეუძლია არ ვიცი“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ლევან ბერძენიშვილი.

ვანო მერაბიშვილს ე.წ. „მატროსოვის“ ციხეში წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისა და პარტიის საქმეებზე ინფორმაცია მიაწოდა, საპარლამენტო უმცირესობის წევრმა მიხეილ მაჭავარიანმა. ის „მატროსოვის“ ციხეში დაახლოებით, 2 საათი იმყოფებოდა. როგორც მაჭავარიანმა განმარტა, ვანო მერაბიშვილს აინტერესებდა როგორ მიდის პარტიის საქმე, საარჩევნო კამპანია.

„მოგეხსენებათ, რომ ის საქმეები, რომლებზეც დღეს ვანო წინასწარი დაკავების იზოლატორიშია, დასრულებულია და ყველანაირი საფუძველი არსებობს იმისა, რომ ის გამოშვებულ იქნას. ის ვერანაირ ზეგავლენას ვერავისზე ვეღარ მოახდენს, რადგან საქმეები დასრულებლია და როგორც ეს ევროპარლამენტის წევრებმა, ასევე, პოლონეთის ყოფილმა პრემიერმა კაჩინსკიმ აღნიშნეს, დღეს არანაირი საფუძველი და მიზანი, რომ მერაბიშვილი ისევ ციხეში იყოს, არ არსებობს. მორალურად საკმაოდ კარგად არის და ამბობს, რომ მზად არის, სასამართლოზე ბრალდებების აბსურდულობა დაამტკიცოს, მაგრამ ფიზიკურად დაახლოებით, 10-12 კილო აქვს დაკლებული“, - განაცხადა მიხეილ მაჭავარიანმა.

ლევან ბერძენიშვილი კი აცხადებს, რომ 10 კილოგრამის დაკლება მერაბიშვილს მოუხდება.

„მეც ვიყავი პატიმარი, მან 10 კილო დაიკო და მე 30 თუ 40 კილო დავიკელი იმდენ ხანში, რამდენ ხანში მან დაიკლო. მე მინდა მაჭავარიანმა იცოდეს, რომ წონაში კლება ექიმებს მიაჩნიათ დადებით სიმპტომად. იმიტომ, რომ ადამიანი წონაში თუ იკლებს უკეთ ხდება, მაგრამ თუ მან გააგრძელა კლება, მაშინ ჩვენ უნდა ვიზრუნოთ, რომ სწორად იკვებოს, პურს რომ არ ჭამს ეს ხომ ვიცი და უნდა ვთხოვოთ ვანოს, რომ ჭამოს პური.

არ შეიძლება საკითხების ისე დაყენება, თითქოს, საქართველოს ისტორიაში ამაზე მეტი არ ახდება, რომ პატიმარმა წონაში დაიკლო, დაიკლოს მერე, არაფერი უჭირს, ვანოს ჯერ კიდევ ჭარბი წონა აქვს“, - აცხადებს ლევან ბერძენიშვილი.