ერთგვარ შაბლონად იქცა, რომ თუ კანონპროექტი არ მოგწონს ან შენს ინტერესებში არ შედის, მას რუსული დაარქვა და საიდანაც გინდა, იქიდან მოაბა ქოთანს ყური, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
„პირველ რიგში ვიტყვით, რომ სამშობლოს თავდაცვისუნარიანობა და მისი დაცვა ყველას ვალდებულება და მოვალეობაა. უბრალოდ იმის გამო, რომ საქართველოში ეს ვალდებულება არ იყო მაღალ დონეზე და სრულყოფილად რეალიზებული, დღეს არის იმის საჭიროება, რომ ეს იყოს მოწესრიგებული და მართლაც თავდაცვისუნარიანობისთვის იყოს ეს რეფორმა გატარებული და საქართველოს ყველა მოქალაქემ, საუბარია მამაკაცებზე, მოიხადოს სავალდებულო, სამხედრო სამსახური. იმის ასე გამოცხადება, რომ ეს არის სახელმწიფოს მხრიდან ადამიანების დამონების ინსტრუმენტი და რუსული წესი, რეალობას აბსოლუტურად მოწყვეტილია. ევროკავშირის ბევრ ქვეყანაში ანალოგიური სისტემა მოქმედებს. შეიძლება ნიუანსებში განსხვავება არის, მაგრამ შინაარსობრივად და კონცეპტუალურად ერთი და იგივეა. ეს კანონმდებლობა სრულ თანხვედრაშია ნატოს სტანდარტებთან“, - განაცხადა ქადაგიშვილმა.