საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო აქციებს გამოეხმაურა, რომელიც სადავო საპენსიო რეფორმის პარლამენტში კენჭისყრის გარეშე მიღებას მოჰყვა.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრების წინაშე სიტყვით გამოსვლისას საფრანგეთის ლიდერმა აღნიშნა, რომ „ბრბოს არ აქვს ლეგიტიმაცია იმ ხალხის მიმართ, ვინც საკუთარ აზრს არჩეული წარმომადგენლების მეშვეობით გამოხატავს“.
„ჩვენი კურსი მკაფიოა. ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ დემოკრატიული და რესპუბლიკური წესრიგი, წესრიგი, რომელიც აქვს დაბალანსებულ საზოგადოებას, სადაც ინსტიტუტები საფუძველს შეადგენენ. ბრბოს არ აქვს ლეგიტიმაცია იმ ხალხის მიმართ, რომელიც გამოხატავს საკუთარ სუვერენულობას არჩეული წარმომადგენლების მეშვეობით. გროვა ვერ გადაწონის ხალხის წარმომადგენლებს“, - აღნიშნა ემანუელ მაკრონმა.
საფრანგეთის პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ დემოკრატიის პირობებში კანონის ტექსტი არალეგიტიმური არ არის იმის გამო, რომ ცოტა ხმა მიიღო.
„ჩვენს წინაშე იხსნება პერიოდი, როდესაც უნდა დავმშვიდდეთ, დავბრუნდეთ [დიალოგის] მოედანზე და მოვუსმინოთ ბრაზს“, - განაცხადა პრეზიდენტმა.