„პრობლემები პრობლემებად რჩება, საზოგადოების მოლოდინი - მოლოდინად“

„პრობლემები პრობლემებად რჩება, საზოგადოების მოლოდინი - მოლოდინად“

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი გოგლა ჟვანია სამართლიანობის აღდგენის პროცესის ტემპით უკმაყოფილოა და საკუთარ გუნდს პროცესების დაჩქარებას ურჩევს. დეპუტატი აცხადებს, რომ ახალი მთავრობის მთავარი წინასაარჩევნო დაპირება - ქვეყანაში სამართლიანობის აღდგენა იყო და რეალური სასამართლო რეფორმა უნდა დაიწყოს.

თუ რატომ ფერხდება სამართლიანობის აღდგენის პროცესი, for.ge გოგლა ჟვანიას ესაუბრა:

სამართლიანობის აღდგენის პროცესი არ მოგწონთ. რა გახდა თქვენი უკმაყოფილების მიზეზი?

- უკმაყოფილების მიზეზია ის არის, რაც ახალაიას სასამართლო პროცესზე მოხდა. ჩემს ხელთარსებული ინფორმაციით, სასამართლომ ათეულობით დაზარალებულის ჩვენება უგულებელყო და მას გამაართლებელი განაჩენი გამოუტანა. შეიძლება პროკურატურის მიერ შეცდომები იყოს დაშვებული, მაგრამ ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს, რადგან აშკარაა, რომ სასამართლო ტენდენციურია. ძნელი დასაჯერებელია, რომ სამართლიანობას ის ადამიანები დაამკვიდრებენ, რომლებიც წლების განმავლობაში უკანონობას ნერგავდნენ და ხალხის დატერორებაში მონაწილეობდნენ. სააკაშვილის რეჟიმის მმართველობის პირობებში, 300 000 ადამიანია გასამართებული და დასჯილი. ეს გამაოგნებელი ციფრია. პრაქტიკულად გამოდის, რომ ყოველ მესამე ოჯახში ნასამართლევი ადამიანები გვყავს და ამას ვინ ახორციელებდა?! ამ უკანონობასა და ძალადობას, ვინ სჩადიოდა?! აშკარაა, რომ სასამართლოები კვლავაც სააკაშვილის მონურ მორჩილებაში იმყოფებიან და ძალიან სერიოზული პოლიტიკური გადაწყვეტილებები გვაქვს მისაღები. რეალური სასამართლო რეფორმა უნდა დავიწყოთ და არა აქვს მნიშვნელობა, ამ ყველაფერზე ვის რა რეაქცია ექნება დასავლეთში. ანგარიშვალდებული ვართ ჩვენი საზოგადოების წინაშე და მათი უპირველესი მოთხოვნა სამართლიანობის აღდგენაა.

თუმცა, თქვენი ოპონენტები აცხადებენ, რომ მთავარი პროკურატურა ძალიან სუსტია და ბაჩო ახალაიას პროცესზე მოწმეებიშპარგალკებითდადიოდნენ. არჩილ კბილაშილის საქმიანობით, კმაყოფილი ხართ?

- მთავარი პროკურორის მუშაობაზე დეტალურად ვერ ვისაუბრებ, თუმცა, შესაძლოა, მოწმეები შეგზავნილი ყოფილიყვნენ, რომ ამ პროცესის დისკრედიტირება მოხდეს. ბუნებრივია, ყველაფრით კმაყოფილი არ ვარ, მაგრამ პრობლემა ის არის, რომ პროკურატურას ამოუწურავი რესუსრი არ აქვს. უწყებას მცირე შტატი აქვს, სტრუქტურაში ათეულობით ათასი საჩივარია შესული და საქმეებს ვერ აუდიან. მართალი გითხრათ, უწყებაში ისევ ძველი პროკურორები არიან და რაც არის პრობლემა სასამართლოში, იგივეა იქაც. ამ ორგანოებში რეფორმა უნდა გატარდეს და ამაზე მსჯელობა უნდა გაიმართოს.

არჩილ კბილაშვილი მიმდინარე კვირას, საკანონმდებლო ორგანოში უნდა მისულიყო, თუმცა ეს შეხვედრა ჩაიშალა, რის ერთ-ერთ მიზეზად თქვენი ფაქტორი დასახელდა. ითქვა, რომ გოგლა ჟვანია ზურაბ ჟვანიას საქმეზე კრიტიკულ გამოსვლას გეგმავდა, რის გამოც, მთავარმა პროკურორმა პარლამენტში მისვლას თავი აარიდა. . .

- ჩემი ძმის საქმიდან გამომდინარე, არჩილ კბილაშვილთან მუდმივი კონტაქტი მაქვს, მასთან კითხვები მეც მექნებოდა, მაგრამ არანაირ კრიტიკულ გამოსვლას არ ვაპირებდი. ჩვენ ერთი გუნდი ვართ და გამოსავალზე ერთად უნდა ვიფიქროთ, რადგან პრობლემები პრობლემებად რჩება, საზოგადოების მოლოდინი - მოლოდინად. რაღაც პროცესები უნდა დავაჩქაროთ.

ცოტა ხნის წინ, for.ge-სთან საუბარში აღნიშნეთ, რომ საქართველოს ექს-პრემიერის გარდაცვალების საქმის გამოძიება წლის ბოლომდე დასრულდება. საქმეში წინსვლაა?

- გამოძიება მიდის და საქმე პროფესიონალების ხელშია. იმედი მაქვს, წლის ბოლომდე ხელშესახებ შედეგებს მივიღებთ.

თქვენ მეორე დეპუტატი ხართ, რომელმაც ახალაიას სასამართლო პროცესის გამო უკმაყოფილება გამოთქვით. პროტესტის ნიშნად, კობა დავითაშვილმა უმრავლესობა დატოვა. ვინაიდან, სამართლიანობის აღდგენის პროცესი არ მოგწონთ, მომავალში, დავითაშვილს ხომ არ მიბაძავთ?

- მსგავსი რამ გამორიცხულია, რადგან პარლამენტში ამ გუნდთან ერთად მოვედი. ღმერთმა არ ქნას და თუ პიროვნული უთანხმოება იქნება, პარლამენტს დავტოვებ.

ზურაბ ჟვანიას 9 დეკემბერს 50 წელი შეუსრულდებოდა. ამ დღის საზეიმოდ აღნიშვნის მიზნით, პარლამენტში სამუშაო ჯგუფი შეიქმნა, რომლის წევრებიც არიან უმრავლესობის ლიდერები და უმცირესობიდან - ხათუნა გოგორიშვილი და მიხეილ მაჭავარიანი. ამ პირებთან ექს-სპიკერის ოჯახს კონტაქტი გააქვთ?

- მათთან ურთიერთობა დიდი ხანია არ მაქვს, მათ შორის არც ზურას ოჯახს. რაც შეეხება სამუშაო ჯგუფის შემადგენლობას, ამას პარლამენტის რეგლამენტი განსაზღვრავს და იქ წარმოდგენილია ორივე მხარე.

მაჭავარიანი და გოგორიშვილი ჟვანიას ახლო მეგობრები იყვნენ. რატომ გაწყვიტეთ მათთან ურთიერთობა?

- ზოგის ახლო მეგობარი იყო, ზოგის - არა! ამ ადამიანებმა ზურას გარდაცვალებასთან და მას შემდეგ მიმდინარე პროცესებთან მიმართებაში სწორი პოზიცია ვერ დაიკავეს. ეს არის მთვარი მიზეზი, რის გამოც, მათთან ურთიერთობა არ გვაქვს.