მსოფლიოში დეფიციტის, ხოლო საქართველოში უმოსავლობის პირობებში მარცვლეულის უმსხვილესი იმპორტიორები ხორბლის გაძვირებას პროგნოზირებენ. არის მოლოდინი, რომ გაძვირდება ფქვილი, ხოლო ცოტა მოგვიანებით უკვე პურიც. წლის დასაწყისიდან ხორბლის ფასი 6%-ით გაიზარდა და ზრდის ტენდენცია ისევ გრძელდება.
ამ დროისთვის ყაზახური ხორბლის ფასი 25 დოლარით გაიზარდა და 390 დოლარს შეადგენს, უკრაინული ხორბლის ფასი 15 დოლარით გაიზარდა და 340 დოლარს მიაღწია. ერთ-ერთი უმსხვილესი იმპორტიორის “აგრიკომის” განცხადებით, თუ ტენდენცია გაგრძელდა და ხორბლის ფასმა 420-450 დოლარს მიაღწია, ეს ტომარა ხორბალს 2-3 ლარით გააძვირებს.
კომპანიის განცხადებით, მსოფლიოში ფასის მატება საქართველოზე თვენახევარში აისახება, პურის გაძვირებას კი დამატებით 20 დღე დასჭირდება. ასეთი არასასიამოვნო ინფორმაცია საქართველოში მაშინ გავრცელდა, როდესაც უკრაინამ ხორბალზე შეზქუდვის მოხსნის თაობაზე გააკეთა განცხადება.
“ამ ეტაპზე სიმინდის ექსპორტის გაზრდაზე ვიღებთ გადაწყვეტილებას, ხოლო უახლოეს დღეებში, თუ მივაღწევთ შეთანხმებას ხორბლის ექსპორტიორებთან, მაშინ კვოტირების სისტემას სრულად მოვხსნით”, - აღნიშნა ქვეყნის აგრარული პოლიტიკის მინისტრმა ნიკოლაი პრისიაჟნიუკმა.
კვოტირების საკითხი დამატებით თებერვალში განიხილება. ხორბლის ექსპორტზე შეზღუდვა უკრიანის მთვარობამ 2010 წლის ოქტომბერში, 31 დეკემბრის ჩათვლით შემოიღო, თუმცა ქვეყანამ მოგვიანებით კვოტირების 2011 წლის 31 მარტის ჩათვლით გაგრძელების გადაწყვეტილება მიიღო.
ერთი სიტყვით, საერთაშორისო არენაზე მცირედი იმედი გაცჩნდა, საქართველოში კი, პირიქით, ვითარების დამამძიმებელი ინფორმაციები ვრცელდება. და ეს იმ ფონზე, როცა წლევანდელი მოსავლის ბედი ფაქტობრივად გადაწყვეტილია. უამინდობამ და მღრღნელებმა, კვეზერელის დათესილ ხორბალს განაჩენი ზამთარშივე გამოუტანეს.
გურჯაანისა და დედოფლისწყაროს მოსახლეობა დახმარებას ითხოვს. როგორც ადგილობრივებმა კახეთის საინფორმაციო ცენტრს აცნობეს, ხორბლის ნათესებს მინდვრის თაგვი შეესია და 140 ჰექტარი გაანადგურა. კაჭრეთის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის დავით ზირაქაშვილის განცხადებით, ზარალის მასშტაბები ყოველდღიურად იზრდება.
“სოფელში მინდვრის თაგვი დიდი რაოდენობით არის გამრავლებული. ამოსულ ხორბალს ძირებს უღრღნიან და გლეხებს დიდ ზიანს აყენებენ. ზოგიერთმა გლეხმა ყანაში თაგვის საწინააღმდეგო პრეპარატი უკვე სამჯერ გაშალა, მაგრამ უშედეგოდ. ვისაც ჯაგერის ხორბალი აქვს დათესილი, მას თაგვის საწინააღმდეგო წამალი უფასოდ გადაეცა, დანარჩენი გლეხები კი საკუთარი ძალებით ცდილობენ პრევენციული ზომების გატარებას და დახმარება სჭირდებათ”, - განაცხადა დავით ზირაქაშვილმა.
კახელი ფერმერების განცხადებით, “უკუდო თაგვი” ძალიან გამრავლდა და მღრღნელების წინააღმდეგ საკუთარი ძალებით გატარებულმა ღონისძიებებმა შედეგი ვერ გამოიღო.
ექსპერტები უკვე შემაშფოთებელ პროგნოზს აკეთებენ. “პირადად მე არ მინახავს, მაგრამ უკვე თქვეს, რომ ხორბლის ნათესების თითქმის 80%, ფაქტობრივად, განადგურებულია. ამის ფონზე, ცხადია, რომ მოსავალი შემცირდება. გარდა ამისა, პრობლემა მხოლოდ ეს არ არის. ცალკე საკითხით ზამთარი, რომელიც ჩვენთან, პრაქტიკულად, არც მოსულა.
ეს სეზონი, განსაკუთრებით კი თოვლი, მოსავლისთვის ერთ-ერთი აუცილებელი ფაქტორია. წლევანდელი ზამთრის პირობებში კი, გამორიცხული არ არის, რომ მოსავალი ძალიან მცირე რაოდენობით მივიღოთ. გარდა ამისა, დროულად არ მოხდა შხამქიმიკატების შეტანა, ესეც მოქმედებს მოსავალზე.
ამ ყველაფრიდან გამომდინარე, დიდი ალბათობაა, რომ წლეულსსაკვები ხორბლის თვითუზრუნველყოფის კოეფიციენტი უფრო დაეცეს და სადღაც 5-6% შეადგინოს. გეტყვით იმასაც, რომ 2001 წელს ეს მაჩვენებელი 33% იყო. მას შემდეგ თვითუზრუნველყოფის მაჩვენებელი წლიდან წლამდე მცირდება, ბოლოს ეს კოეფიციენტი სადღაც 8-10%-ის ფარგლებში მერყეობდა”, - განაცხადა ექსპერტმა სოფლის მეურნეობისსაკითხებში თამაზ კუნჭულიამ.
რა რაოდენობით ნათესები გაანადგურა მინდვრის უკუდო თაგვმა, ამასთან დაკავშირებით სოფლის მეურნეობის სამინისტროში კონკრეტული მონაცემები არ გააჩნიათ.