ბაქრაძის ეკონომიკა

ბაქრაძის ეკონომიკა

„ნაციონალური მოძრაობა“ მმართველ გუნდს ეროვნული თანხმობის აქტის მიღებას, ასევე რამდენიმე ახალ ეკონომიკურ ინიციატივას სთავაზობს. ინიციატორი ამჯერად ნაციონალთა პრეზიდენტობის კანდიდატი დავით ბაქრაძეა.

ბაქრაძის შეთავაზების თანახმად, ნაციონალები მზად არიან, ყველა იმ საკითხში, რაც ეკონომიკას, ადამიანების დასაქმებას ეხება, „ძალიან კოორდინირებულად“ იმუშაონ ხელისუფლებასთან, „რათა გაჩნდეს სტაბილურობის განცდა და ერთმანეთთან ჩხუბის ნაცლად, ეკონომიკის განვითარებაზე“ იზრუნონ.

ნაციონალების მხრიდან ეკონომიკაში დახმარების „სურვილი“ და კონკრეტული წინადადებების შეთავაზება სიახლე არ არის. რამდენად სერიოზულად აღიქვამს ხელისუფლება მათ წინადადებებს, ძნელი სათქმელია. საინტერესოა, რომ ნაციონალების შეთავაზებათა ნაწილი იმ პოლიტიკასაც ითვალისწინებს, რაც ხელისუფლებამ აირჩია ბიზნესის მიმართ (დახმარება საგადასახადო შემოსავლების კუთხით). სავარაუდოდ, ამასაც წინასაარჩენოდ გამოიყენებენ და ამომრჩეველს საკუთარ მიღწევად წარუდგენენ. რამდენად სერიოზულად შეიძლება განიხილებოდეს ყოფილი ხელისუფლების ასეთი ინიციატივები, ამ თემაზე ექსპერეტი დემურ გიორხელიძე გვესაუბრება.

ბატონო დემურ, რამდენად აქვს ყოფილ ხელისუფლებას ასეთი განცხადებების გაკეთების მორალური უფლება, როდესაც სპეციალისტები აცხადებენ, რომ სწორედ მათი პოლიტიკის შედეგს ვიმკით ეკონომიკაში?

- ცხადია, კანონით არ ეკრძალებათ არც ბატონ ბაქრაძეს და არც ყოფილი ხელისუფლების გუნდის წევრებს ეკონომიკაზე ლაპარაკი. როგორც ხედავთ, ისინი თავისუფლად საუბრობენ ამ თემებზე. მთავარია ფორმა, მიმართულებები და ტენდენციების შეფასება ამ საუბრებისას.

ნებისმიერ შემთხვევაში, ამას სჭირდება არა ეროვნულ დონეზე მიღებული რაიმე აქტი, არამედ პოლიტიკური პასუხისმგებლობა, წესიერება და იმ მძიმე მდგომარეობის საღად შეფასება, რომელშიც ქვეყანა და საზოგადოება იმყოფება.

თუ საპარლამენტო ოპოზიცია იქნება კონსტრუქციული ყველა იმ საკითხში, რომელიც ეკონომიკას და ადამიანების დასაქმებას ეხება, ეს ძალიან კარგია, თუმცა, არ მგონია, ამას რაიმე დოკუმენტის გაფორმება სჭირდებოდეს.

რაც შეეხება ეროვნული თანხმობის აქტ, ბაქრაძე ამბობს, რომ ასეთი დოკუმენტი ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, გარდამავალ ეტაპზე არსებულ სირთულეებს დაარეგულირებს და თავიდან აგვაცილებს ყველა იმ პრობლემას, რომელიც დღეს საზოგადოებასა და ეკონომიკის გააჩნია. აქ ფაქტობრივად, რაიმე კონკრეტულზე არ არის საუბარი, შეიძლება პოლიტიკურ განცხადებად შეფასდეს?

- პირველ რიგში, ცხადია, ეს არის პოლიტიკური განცხადება, იმის დემონსტრირება, რომ ოპოზიცია მზად არის წავიდეს გარკვეულ დათმობებზე, რათა საქმე გაკეთდეს. ცხადია, პოზიცია თავისთავად ძალიან კარგია, მაგრამ შინაარსი და ის, რაც შეიძლება მოჰყვეს ასეთი აქტის გაფორმებას, ეს აბსოლუტურად შეუსაბამო იქნება იმ მდგომარეობასთან, რა მდგომარეობაშიც ვიმყოფებით.

მდგომარეობის გამოსწორებას სჭირდება მთავრობის გონივრული მოქმედება და პოლიტიკური ოპონენტების მხრიდან ისეთი კრიტიკა და ისეთი ოპონირება, რომელიც დამახასიათებელია განვითარებული, ნორმალური დალაგებული ქვეყნისათვის.

ჩვენ ოპონირებაც არ ვიცით და პოლიტიკური ძალები ფაქტობრივად, მზად არიან საკუთარ ინტერესებს გადააყოლონ ქვეყნის, საზოგადოების ინტერესები. 22 წელია, ასეთი მდგომარეობაა ქვეყანაში და ეს ცხადია, ძალიან ცუდია.

პოლიტიკის დომინირება საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში, ეკონომიკაში განსაკუთრებით, განსაზღვრავს სწორედ ასეთ სიტუაციას. კარგია, რომ ოპოზიცია ამაზე საუბრობს, მაგრამ მათ შეუძლიათ აქტის გარეშეც დაიცვან ის ცივილიზებული ნორმები, რომელიც საყოველთაოდ ცნობილია და მთავრობას ნორმალური მუშაობის საშუალებას მისცემს.

რაც შეეხება შეთავაზებებს ეკონომიკური მიმართულებით, ბაქრაძე კვლავ გამოვიდა ბიზნეს-სექტორისთვის საგადასახადო ამნისტიის გამოცხადების ინიციატივით. გვახსოვს, ალბათ, წინასაახალწლო გამოსვლაში მსგავსი წინადადებით მიხეილ სააკაშვილმაც მიმართა ხელისუფლებას და ფინანსური ამნისტირების თემა მას შემდეგაც რამდენჯერმე წამოტივტივდა ნაციონალების მხრიდან. როგორ ფიქრობთ ხელისუფლებამ ეს წინადადება უნდა გაიზიაროს?

- აბსოლუტურად არანორმალურია საგადასახადო ამნისტიაზე საუბარი. ერთი, რომ ეს არის უსამართლობა და მეორე - ამას თავისი მიზანი აქვს - იმ ბიზნესჯგუფებს, რომლებიც წინა ხელისუფლების მიერ იყვნენ ხელდსახმულნი და განაგებდნენ ფაქტობრივად, ქართულ ეკონომიკას. ამ მონოპოლიურ ჯგუფებს თუკი ვინმე მოჰკითხავს წარსული საქმიანობის შედეგებს, შეიძლება, ცუდ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ.

არანაირ ამნისტიაზე არ შეიძლება იყოს ლაპარაკი, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ წინა ხელისუფლების დროს სერიოზულად დაზიანდა ბიზნესი, რაღაც ხაზი უნდა იყოს გავლებული, რა ტიპის დანაშაულები, გადაცდომები, რომელიც გარემოებით იყო განპირობებული, არ შეიძლება გახდეს სისხლის სამართლის დევნის საგანი.

დანარჩენი, თუკი ვინმემ რამე დააშავა, გადაიხადონ ის, რაც გადასახდელი აქვთ, ამნისტია რა საჭიროა?!

ნაციონალები ხელისუფლებას სთავაზობენ, რომ მცირე ბიზნესისთვის სასაქონლო ზედნადებების გაუქმება მოხდეს. გვახსოვს სასაქონლო ზედნადების თემა სააკაშვილის დროსაც აქტუალური იყო, როდესაც მცირე მეწარმეებისთვის სადამსჯელო იარაღად გადააქციეს...

- მცირე და საშუალო ბიზნესს, პირველ რიგში, სჭირდება დახმარება, რომელიც სულ სხვა ხასიათისაა. ეს არის ფინანსების ხელმისაწვდომობა, მაღალი საპროცენტო განაკვეთების, დაზღვევის თანადაფინანსება. ეს არის საგირავნო რესურსით მიხმარება, რადგან არანორმალური მოთხოვნები ქართულ ბანკებში არ აძლევს საშუალებას არც მოაქალაქეს და არც მცირე ბიზნესს, მიიღოს ფულადი რესურსები.

სასაქონლო ზედნადები კი არ უნდა გააუქმო, არამედ მოწესრიგებულ სიტუაციაში აღრიცხვიანობაც მოწესრიგებული უნდა იყოს და არ ვფიქრობ, რომ ეს ინიციატივა იმ მთავარი საკითხის გადაწყვეტაა, რომელიც სახეზე გვაქვს და ეს არის ფინანსების ხელმიუწვდომლობა. ეს უფრო ტექნიკური საკითხია და არა ძირითადი.

ნაციონალური მოძრაობისმორიგი შეთავაზებაა, რომ თუკი საწარმოს მიერ გადახდილ გადასახადში ცდომილება 10%- ზე ნაკლებია, არ მოხდეს მის ადმინისტრაციული წესით დასჯა და ცდომილება აუდიტორიული სამსახურის დასკვნის მიხედვით გასწორდეს. რამდენადაც ცნობილია, დღევანდელმა ხელისუფლებამ გარკვეული ზომები უკვე გაატარა, რომ კომპანიებს მუშაობა გაუადვილდეთ და სურვილის შემთხვევაში, ნებისმერ მათგანს შეუძლია საგადასახადო შემოსავლების სამსახურიდან აუდიტორული დახმარება მიიღოს. როდესაც ნაციონალები ასეთ განცხადებებს აკეთებენ, შეიძლება ითქვას, რომ მათი მხრიდან სწორი აქცენტები კეთდება?

- ეს წინადადება ურიგო სულაც არ არის, იმიტომ, რომ საგადასახადო სამსახურებს მართებთ გაგებით მოეკიდონ იმ მდგომარეობას, რაც წლების განმავლობაში ჩამოყალიბდა ქვეყანაში. ამიტომ ბევრი რამ არის გადასახედი, მათ შორის ის, რა სხვაობა უნდა იყოს გადასახადის გადამხდელისთვის, როცა გარკვეული ცდომილებაა დაშვებული და ეს ნამდვილად არ უნდა იყოს ისეთი მიზანმიმართული, დრაკონული მეოდებით ბრძოლა საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ, როგორც ამას წინა ხელისუფლება აკეთებდა. ამიტომ, ვთვლი, რომ ეს კარგი წინადადებაა.

მთლიანობაში როგორ აფასებთ ყოფილი ხელისუფლების მხრიდან ასეთ შეთავაზებებს, სუფთა პოლიტიკური ტრიუკია თუ არის ამ წინადადებებში ჭეშმარიტების მარცვალი. ოპონენტები მუდმივად სვამენ კითხვას, თუ იცოდა ნაცმოძრაობამ ეკონომიკა როგორ განევითარებინა, რატომ შექმნა ის მონსტრი, რაც შექმნა...

- ცხადია ეს შეთავაზებები სულაც არ არის ისეთი, მდგომარეობის გართულებისა და გაუარესებისაკენ რომ იყოს მიმართული. მთავარი ის არის, რომ ესაა იმ ხელისუფლების წარმომადგენლების შეთავაზება, რომლებსაც აბსოლუტური ძალაუფლება ჰქონდათ ხელში და შეეძლოთ ქვეყნის ეკონომიკური და პოლიტიკური მოდერნიზაციის მიმართულებით უდიდესი ნაბიჯები გადაედგათ.

ნორმალური წინადადებებია, მათ პოლიტიკური მიზნები აქვთ - მიდის ჩვეულებრივი პოლიტიკური ცხოვრება - ამაში საძრახისი არაფერია, ამიტომ ხელისუფლებას ენერგიული მოქმედება მართებს. ხელისუფლებაში მყოფი უმრავლესობა კიდევ უფრო რაციონალური უნდა იყოს თავის გადაწყვეტილებებში, ამასთანავე, ძალიან აქტიური, ინიციატივას არ უნდა უშვებდეს ხელიდან. სწორედ უინიციატივობის ბრალია, რომ ოპოზიციას უჩნდება წინადადებები, შეთავაზებების სურვილი და ცხადია, იგი ამას გააკეთებს მომავალშიც, თუკი მთავრობა ასე ინერტული იქნება.