რატომ აღარ განახორციელებს რას ალ ხაიმას საინვესტიციო სააგენტო (RAKIA) ინვესტიციას საქართველოში?
ვინ არის რას ალ ხაიმას საინვესტიციო სააგენტო RAKIA და რატომ უნდა განახორციელოს 1 მილიარდი აშშ დოლარის ინვესტიცია საქართველოში.
გასულ კვირას, ქართული ბიზნეს საიტი commersant.ge და აზერბაიჯანული საინფორმაციო სააგენტო trend.az იტყობინებოდა, რომ რას ალ ხაიმას საინვესტიციო სააგენტოს (RAKIA), არაბთა გაერთიანებულ საემიროებიდან, სურს განახორციელოს ინვესტირება საქართველოს პარტნიორობის ფონდში. მათ, პრემიერ მინისტრ ბიძინა ივანიშვილის სიტყვებზე დაყრდნობით, გაავრცელეს ინფორმაცია, რომ საპარტნიორო ფონდის 6 მილიარდი დოლარი უკვე შევსებულია და, რომ ფონდი თავის საქმიანობას 2013 წლის სექტემბერში დაიწყებს.
სავარაუდო ინვესტორებს შორის დასახელებული იქნა ორი კომპანია არაბთა გაერთიანებული საემიროებიდან. ერთი არის დაბი ჯგუფი, რომლის მფლობელია ნაჰაიან მუბარაქ ნაჰაიანი, ნავთობით მდიდარი აბუ დაბის მმართველი ოჯახის წევრი. მეორე კი არის RAKIA, არაბთა გაერთიანებული საემიროს ჩრდილოეთით მდებარე პატარა და შედარებით ღარიბი საემირო, რომელსაც არ გააჩნია ნავთობი და რომელსაც მართავს შეიხ საუდ ბინ საქრ ალ ქასიმი.
არის თუ არა ეს ორი განაცხადი უზარმაზარი ინვესტიციების შესახებ სერიოზული?
სავადაუდოდ არა. ძალიან გასაკვირი იქნება, თუ დაბი ჯგუფი ან RAKIA საერთოდ განახორციელებენ ინვესტიციას საქართველოში.
პირველი - დაბი ჯგუფი. დიახ, მათ შეიძინეს „კორ სტანდარტ ბანკი“ საქართველოში და ის ფუნქციონირებს. ბანკი მანამდეც არსებობდა, ამიტომ არაფერი იყო შესაქმნელი. მაგრამ არსებობს დაბი ჯგუფის ჩაშლილი პროექტებიც. მაგალითად, ვარიდ ტელეკომი (Warid Telecom), რომელიც არ განხორციელებულა. მეორე მაგალითია კემპინსკის სასტუმრო თბილისში, რომელიც უნდა განთავსებულიყო საბჭოთა პერიოდში აშენებულ მარქსიზმ-ლენინიზმის ინსტიტუტის შენობის ადგილას და რომლის მშენებლობაც შეჩერებულია უკვე ბოლო ექვსი წლის განმავლობაში. მიუხედავად იმისა, რომ ცოტა ხნის წინ მოხდა პროექტის რებრენდინგი, როგორც მილენიუმის სასტუმროსი, კითხვები მაინც ჩნდება. კერძოდ: საქართველოში ახალი ინვესტიციების ჩადებამდე, უნდა დაასრულოს თუ არა დაბი ჯგუფმა ძველი პროექტები? გამოყენებული იქნა თუ არა რაიმე სანქციები დაბი ჯგუფის მიმართ შეუსრულებელი ვალდებულებების გამო, თუ ახალი ინვესტიციების დაპირება დაბი ჯგუფს ჭირდება მხოლოდ სავაჭროდ ახალ ხელისუფლებასთან, რათა არ მოხდეს მათი დაჯარიმება ბოლო წლებში მათ მიერ შეუსრულებელი ვალდებულებებისთვის?
მეორე - RAKIA. მოლოდინი იმისა, რომ ისინი მოახდენენ 1 მილიარდი დოლარის ინვესტიციას საქართველოში, კიდევ უფრო ნაკლებად სარწმუნოა. განსხვავებით სხვა საინვესტიციო სააგენტოებისაგან, მაგალითად ქუვეითში, კატარში ან აბუ დაბიში, RAKIA, უბრალოდ, არ არის სუვერენული ფონდი, რომელსაც ზურგს გაუმაგრებდა მაღალი შემოსავლები ნავთობისა და გაზის რეალიზაციისაგან. სინამდვილეში, რას ალ ხაიმას პოლიციის, სკოლების, საავადმყოფოების, ინფრასტრუქტურის, საჯარო მოხელეების ხელფასების და ა.შ. ხარჯების დაფარვა ხდება გრანტებიდან, რომელსაც შეიხ საუდი იღებს დედაქალაქ აბუ დაბიში მცხოვრები მისი მდიდარი ბიძაშვილისაგან. აბუ დაბი, ასევე, ყოველწლიურად ანაზღაურებს შეიხ საუდის ოჯახის ცხოვრების ხარჯებსაც კი. განახორციელებს თუ არა ასეთი საემირო დიდ ინვესტიციას საქართველოში? აქ არის რამდენიმე საინტერესო დეტალი.
დიახ, RAKIA საქართველოში შემოვიდა 2006 წელს და განახორციელა ინვესტიცია. 2007 წელს 68 მილიონ აშშ დოლარად შეიძინა სასტუმრო „შერატონ მეტეხი“, 2008 წელს კი ფოთის პორტი - 145 მილიონ აშშ დოლარად. გარდა ამისა, იყიდა მიწის დიდი ნაკვეთი ფოთში, თბილისში და ბათუმში. მაგრამ ააშენა იქ რამე? ააშენა ვილები და საცხოვრებელი უბანი ტაბახმელაში? ააშენა კერამიკული პროდუქციის ქარხანა? ან სასტუმროს ვარძიაში?
RAKIA-მ განახორციელა მხოლოდ ერთი უძრავი ქონების პროექტი, კერძოდ „თბილისი მოლი“ და ესეც იმიტომ, რომ RAKIA -მ მიიღო მსოფლიო ბანკი შვილობილი ორგანიზაციის - საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის (IFC) სესხი. ამავე კორპორაციამ შეიძინა პროექტის 15,3%. და რაც მთავარია, „თბილისი მოლის“ დასრულება შესაძლებელი გახდა RAKIA-ს ქართველი პარტნიორის და მენეჯერის გელა მიქაძის მონდომებისა და ძალისხმევის ხარჯზე. სწორედ მან შეძლო დაერწმუნებინა მაჯიდ ალ ფუტაიმის (Majid Al-Futtaim) კარფური (Сarrefour) დუბაიდან და ალ ჰოკაირის (Al Hokair) საცალო ვაჭრობის ჯგუფი საუდის არაბეთიდან, რომ შემოსულიყვნენ საქართველოში. ამ კომპანიების გარეშე, „თბილისი მოლი“ იქნებოდა კიდევ ერთი ცარიელი ბეტონის ჩონჩხი, როგორც ბევრი სხვა მთელი საქართველოს მასშტაბით.
ასე რომ, ბუნებრივად ჩნდება კითხვა, რატომ უნდა ჩადოს RAKIA-მ დიდი ინვესტიცია საქართველოში, როცა უკვე დაწყებული მცირე ინვესტიციები არ დაუსრულებია. იქნებ ეს შეფერხება 2008 წლის ომის გამო მოხდა?
არა. ყველაფერი რას ალ ხაიმაში ტახტის მემკვიდრეობასთან დაკავშირებული კონფლიქტის შედეგია. 2010 წლის ოქტომბერში, შეიხ საუდ ალ კასიმის მამა - შეიხ საქრი გარდაიცვალა. საუდი იყო პრინცი და მმართველის მოადგილე 2003 წლიდან. თუმცა, 2010 წელს მისი პრეტენზია ემირის ტახტზე საფრთხის ქვეშ დადგა მისი უფროსი ნახევარ ძმის - ხალიდის გამო. ასე რომ, საუდს უნდა გაეკეთებინათ ორი რამ: პირველი, მიეღო აბუ დაბის მხარდაჭერა და მეორე, უნდა დაებრუნებინა უცხოეთში დაბანდებული თავისი ფული (რომელიც მან ქვეყნიდან გაიტანა 2006-2008 წლებში), რათა მოეპოვებინა საკუთარი მოსახლეობის კეთილგანწყობა და მოეხდინა რას ალ ხაიმას ვალების კონსოლიდაცია. აბუ დაბიმ მხარი დაუჭირა საუდს, გაგზავნა რა ჯავშანტექნიკა რას ალ ხაიმაში. ამავე დროს, ხატერ მასსაადმა (Khater Massaad), საუდის დიდი ხნის მრჩეველმა და მისი ყველა კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა, მიიღო ბრძანება, გაეყიდა მთელი მისი ქონება საზღვარგარეთ. მოიძიეთ გუგლში - (Khater Massaad – the man who sold the world) და გადახედეთ სპარსეთის ყურის ბიზნეს ჟურნალის 2010 წლის ოქტომბრის მთავარ სტატიას. მასში ხატერ მასსაადი განმარტავს, თუ რატომ ყიდის ყველა გლობალურ აქტივს „AA“ საკრედიტო რეიტინგის მისაღებად.
გასვლა საქართველოდან
2010 წლიდან მოყოლებული, რას ალ ხაიმას აქვს ერთადერთი სტრატეგია საქართველოსთან დაკავშირებით - გასვლა. 2011 წლის აპრილში RAKIA-მ ფოთის პორტის აქციათა 80% 172.8 მილიონ აშშ დოლარად მიყიდა მაერსკის ჯგუფში შემავალ ეი პი ემ თი ტერმინალს (APMT Terminal). წმინდა მოგება 27,8 მლნ აშშ დოლარს შეადგენს. აქციების დარჩენილი 20% , Maersk-მა შეიძლება შეიძინოს სამი წლის განმავლობაში დამატებით 65 მილიონ აშშ დოლარად. იყო თუ არა ჭკვიანური სტრატეგია ყველაფრის გაყიდვის შესახებ საზოგადოების ფართო ინფორმირება? - შესაძლოა არა, იმიტომ, რომ პოტენციურ მყიდველებს შეეძლოთ ფასები შეემცირებინათ. 2011 წლის დეკემბერში ირანელ ინვესტორებზე გაიყიდა სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასი“ 62.5 მლნ აშშ დოლარად, რის შედეგადაც RAKIA-მ 5.5 მლნ აშშ დოლარის ზარალი ნახა. მაგრამ რაც უფრო საინტერესოა, ჯერჯერობით, მხოლოდ, დაახლოებით, 20 მილიონი აშშ დოლარია გადახდილი. ეს იმას ნიშნავს, რომ ეს გარიგება ჩაიშალა და RAKIA-მ თავიდან უნდა ეძებოს ახალი მყიდველი.
დიახ, ქვეყნიდან გასვლის სტრატეგია ძალაშია. იმ დროს, როდესაც სპარსეთის ყურის სხვა სუვერენული ფონდები ფლობენ ასობით მილიარდ აშშ დოლარს, რას ალ ხაიმა ჯერ კიდევ მისი ვალების კონსოლიდაციას ახდენს, რაც გავრცელებული ინფორმაციით, დაახლოებით 1,5 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს. ზუსტი მაჩვენებლები არ არის საჯაროდ ცნობილი, რადგან არაბთა გაერთიანებულ ემირატებში საჯარო ინფორმაცია ფინანსების შესახებ არ გამოირჩევა გამჭვირვალობით.
შეიხ საუდმა და მისმა 26 წლის ვაჟმა მუჰამედმა (მემკვიდრე პრინცი 2010 წლიდან), შექმნეს საკუთარი გუნდი ჯიმ სტუარდის ხელმძღვანელობით, რათა მოეხდინათ ყველა აქტივების ლიკვიდაცია. გუნდის მიზანია, გააუმჯობესოს რას ალ ხაიმას ბალანსი.
რატომ ჭირდებათ ფული? რას ალ ხაიმას სჭირდება კიდევ უფრო მეტი ფული, რომელიც მათ შეუძლიათ მოიზიდონ მხოლოდ საერთაშორისო ფინანსურ ბაზარზე. ამისათვის მათ ჰაერივით სჭირდებათ უფრო მაღალი საინვესტიციო საკრედიტო რეიტინგები Fitch-სა და Standard & Poors-გან. რაც უფრო მაღალია რეიტინგი, მით უფრო დაბალია სესხის პროცენტის ხარჯები რას ალ ხაიმასთვის. 2013 წლის აპრილში, Fitch-მა დაადასტურა რას ალ ხაიმას „A“ რეიტინგი, მაგრამ განმარტა, რომ ეს განპირობებულია და დამოკიდებულია მთლიანად არაბთა გაერთიანებული საემიროების უაღრესად მაღალი საოპერაციო და ბიზნეს გარემოზე. ეს ნიშნავს იმას, - რომ არა მყარი ფინანსური მდგომარეობა აბუ დაბიში, რას ალ ხაიმას ვერ ისარგებლებდა „A“ რეიტინგით. მაგრამ შეიხ საუდის და მისი ბუღალტერთა ოცნება ის კი არ არის, რომ თავიდან აიცილონ რეიტინგის ვარდნა, პირიქით, ისინი ცდილობენ მიაღწიონ „AA“ ნიშნულს, როგორც ეს საჯაროდ განაცხადეს 2010 წლის ოქტომბრის ბიზნეს ჟურნალში. სხვა სიტყვებით, ვალების შემცირება რჩება მთავარ პრიორიტეტად. შედეგად, ერთი შეხედვითაც, ეს მდგომარეობა ძალიან ჰგავს საბერძნეთის მაგალითს.
ანალიტიკოსები დარწმუნებულნი არიან, რომ RAKIA-ს ახალი საგარეო აქტივობა და უცხოეთში ინვეტირება, თუნდაც 1 მილიარდ აშშ დოლარზე ნაკლები ოდენობით, საბოლოოდ დაასრულებს და ძირს გამოუთხრის რას ალ ხაიმას კრედიტუნარიანობას.
ფინანსური პოლიტიკის სიმკაცრე და არა ეკონომიკური ზრდა - აი ეს არის ჯიმ სტუარტის სტრატეგია, რომელმაც 2012 წლის ბოლოს შეცვალა ხატერ მასსაადი RAKIA-ს აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობაზე და ხელმძღვანელობს ინვესტიციებისა და განვითარების სამსახურს რას ალ ხაიმაში. ამ პერიოდში RAKIA-ს ბევრი სხვა პროექტი შეჩერდა ან საერთოდ გაუქმდა. მაგალითად, ვერ განხორციელდა სულ რამდენიმე წლის წინ La Hoya-ს უძრავი ქონების განვითარების ერთ-ერთი უაღრესად გაპიარებული პროექტი. სულ ახლახანს, 2013 წლის ივნისში, RAKIA-მ გამოაცხადა, რომ მან ასევე ვერ შეძლო მოეძიებინა 1 მილიარდი აშშ დოლარის ჩამდები ინვესტორი, რათა განხორციელებულიყო საფეხბურთო კლუბ მადრიდის რეალის სპორტული და დასასვენებელი ზონის მშენებლობა რას ალ ხაიმას კუნძულზე. ამ პროექტის რეკლამირება ხორციელდებოდა 2012 წლიდან. მადრიდის რეალი იძულებულიც კი გახდა თავისი ლოგოდან ამოეღო ჯვრის გამოსახულება რას ალ ხაიმას მოთხოვნით. მადრიდის რეალს უნდა მოეტანა პრესტიჟული სახელი რას ალ ხაიმას საემიროსთვის, რომ განვითარებულიყო ტურიზმი, მაგრამ არაფერი არ გამოვიდა და, როგორც ჩანს, არც არაფერი გამოვა.
თუ რას ალ ხაიმა ვერ ახერხებს თანხების მოზიდვას საკუთარი პროექტებისთვის, როგორ შეიძლება RAKIA-მ შეძლოს ინვესტირება საქართველოში? ან იქნებ კითხვა უნდა იყოს შემდეგი - რის ინვესტირებას აპირებს RAKIA საქართველოში? ვისი ფულის? თუ RAKIA-ს არ გააჩნია ფული, რამდენად დასაშვებია, რომ ეს იყოს რუსული ფული არაბეთის გაერთიანებული საემიროების არხების გავლით? ან იქნებ ირანელი ბიზნესმენები ცდილობენ გვერდი აუარონ საერთაშორისო სანქციებს. მესამე მხარის მონაწილეობა არის ერთადერთი შესაძლო ვარიანტი, თუ რეალურად შევაფასებთ რას ალ ხაიმას ფინანსურ მდგომარეობას. ბიზნესმენები ირანიდან უკვე დიდი რაოდენობით არინ წარმოდგენილნი RAKIA-ს თავისუფალ ზონებში, როგორც რას ალ ხაიმაში, ასევე საქართაველოში. ფოთის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში მარტო 100-ზე მეტი კომპანიაა რეგისტრირებული ირანელი თრეიდერების სახელზე. 2013 წლის ივლისის დასაწყისში, საქართველომ ცალმხრივად შეაჩერა უვიზო რეჟიმი ირანთან, მას შემდეგ, რაც აშშ-მ განახორციელა ზეწოლა საქართველოზე. ხდება მნიშვნელოვანი თანხების ამოღება და კონფისკაცია, რომელიც კონტრაბანდული გზით რეგულარულად შედის საქართველოში ირანიდან.
რატომ უნდა გარისკონ ნაღდი ფულის გადატანა თუ RAKIA შეძლებს საქართველოში ინვესტიციის ჩადება ირანელების სახელით?
თუ ასეთი გარიგება მართლა შედგება, რას ალ ხაიმა კვლავ მოექცევა მსოფლიოს ყურადღების ქვეშ. ამერიკის შეერთებული შტატებიდან ისრაელამდე, უამრავი ადამიანი აკვირდება განვითარებულ მოვლენებს. თუ არც არაფერი მოხდება, ინტერესი მაინც კიდევ უფრო გაიზრდება, თუ გავითვალისწინებთ ვიქტორ ბუტის (Victor Bout) კავშირებს და ყოფნას რას ალ ხაიმაში.