საპენსიო რეფორმის პარლამენტში კენჭისყრის გარეშე მიღების შემდეგ გამართულ საპროტესტო აქციაზე პარიზში პოლიციამ 120 ადამიანი დააკავა

საპენსიო რეფორმის პარლამენტში კენჭისყრის გარეშე მიღების შემდეგ გამართულ საპროტესტო აქციაზე პარიზში პოლიციამ 120 ადამიანი დააკავა

სადავო საპენსიო რეფორმის პარლამენტში კენჭისყრის გარეშე მიღების შემდეგ გამართულ საპროტესტო აქციაზე პარიზში პოლიციამ 120 ადამიანი დააკავა. ინფორმაციას ამის შესახებ BBC-ი ავრცელებს.

პარიზის გარდა, შეტაკებები მარსელში, ლიონსა და ნანტშიც დაფიქსირდა. სამართალდამცველები იძულებულნი გახდნენ, მანიფესტანტების წინააღმდეგ სპეციალური საშუალებები გამოეყენებინათ, მათ შორის ცრემლსადენი გაზი.

საფრანგეთის მთავრობამ საპენსიო ასაკის გაზრდის შესახებ სადავო კანონი ეროვნულ ასამბლეაში კენჭისყრის გარეშე მიიღო.

აღნიშნული კანონი უკიდურესად არაპოპულარულია ფრანგებს შორის. მან ქვეყნის მასშტაბით მასიური პროტესტი და გაფიცვები გამოიწვია. თუმცა, პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი აცხადებს, რომ მნიშვნელოვანი რეფორმაა ქვეყნის ეკონომიკისთვის.

მანამდე საფრანგეთის სენატმა მხარი დაუჭირა კანონს, თუმცა ეროვნულ ასამბლეაში სესიის დაწყებამდე პრეზიდენტმა მაკრონმა გადაწყვიტა გამოეყენებინა საფრანგეთის კონსტიტუციაში გაწერილი სპეციალური უფლებამოსილება, რომლითაც მას შეუძლია პრემიერ-მინისტრს სთხოვოს, კანონი კენჭისყრის გარეშე მიიღოს.