მიმდინარე სამართლებრივ პროცესზე, მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებზე და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე «საქართველო და მსოფლიოს» ესაუბრება მსახიობი გურამ ფირცხალავა.
_ ბატონო გურამ, პირველი ოქტომბრის შემდეგ დაწყებულმა ფართომასშტაბიანმა საგამოძიებო პროცესმა, ახლა უკვე თამამად შეიძლება ითქვას, რომ საზოგადოებას იმედი გაუცრუა. ხალხი სასამართლოს ადრინდელივით აღარ ენდობა. თქვენი აზრით, რამდენად ობიექტურად ხდება დღეს საქმეების გადახედვა და საერთოდ, რამდენად სამართლიანად მიმდინარეობს ეს პროცესები?
_ კითხვა თავისთავად ჩნდება: რა ხდება? ვფიქრობ, ეს სავსებით სწორია. თქვენ 1 ოქტომბრის არჩევნები ახსენეთ, ამიტომ არ უნდა დაგვავიწყდეს, რას ელოდა ხალხი ამ არჩევნებისგან. მთავარი, რასაც საზოგადოება ითხოვდა, იყო სამართლიანობა და დამნაშავეების დასჯა. ამის იმედი რომ ჰქონდა ამომრჩეველს, იმიტომ წავიდა ათი თვის წინ არჩევნებზე, თორემ აქ თუ ისევ «ნაციონალები» იბოგინებდნენ და ციხის ჯალათები წელგამართული ივლიდნენ, რა აზრი ჰქონდა ამ ყველაფერს?! ცხადია, იმედგაცრუება არის, ამიტომ კითხვები ბევრია; მაგრამ ახლა სხვა გარემოებებსაც უნდა მივაქციოთ ყურადღება. რატომაა დღეს სასამართლო დაბორკილი და რატომ ვერ ხერხდება სამართლის ბოლომდე აღსრულება? ამას თავისი მიზეზი აქვს.
_ თქვენი აზრით, რა არის ეს მიზეზი?
_ ახალ მთავრობას ძალიან კარგად ესმის, რას ელის ხალხი მისგან, ამიტომ ცხადია, მას უნდა, სამართლიანობა აღსდგეს, მაგრამ ამ დროს რა ხდება? _ ქვეყანა მუდმივი საბოტაჟის რეჟიმშია. ვისგან მოდის და რა მიზნით ეს საბოტაჟი, ყველამ ძალიან კარგად იცის. ასე რომ, სანამ გიჟი სააკაშვილი გვყოლება პრეზიდენტად, აქ წესრიგს და სამართალს ტყუილად ნურავინ ელოდება.
_ რაში გამოიხატება საბოტაჟი «ნაცმოძრაობის» მხრიდან და რა ბერკეტები აქვს დღეს რეალურად ამ პარტიას მართლმსაჯულებაზე ზემოქმედების მოსახდენად?
_ საბოტაჟია მათი ყოველი გამოსვლა, ბრიფინგი და განცხადება. საბოტაჟი იყო 19 აპრილის აქციაც. ეროვნულ მოძრაობას ვიწყებთო, მერაბიშვილი რომ ამას გამოგიცხადებს, გული არ უნდა გაგისკდეს?! ან 17 მაისის ის უმსგავსობა რა იყო?! ეჭვი ხომ არ ეპარება ვინმეს, რომ ეგეც «ნაციონალებმა» მოაწყვეს?!
ახლა რაც შეეხება ბერკეტებს, რა ზემოქმედება შეუძლია მათ სასამართლოზე: ჯერ ერთი ეს სისტემა, რომელსაც კუბლაშვილი უდგას სათავეში, თავიდან ბოლომდე მათი აწყობილია და მეორეც, მოსამართლეების უმეტესობა ყურით ჰყავს სააკაშვილს დაჭერილი. სამასამდე პოლიტპატიმარი რომ გვყავდა და ათასობით უდანაშაულო ადამიანი ციხეში ჩასვეს, ვისი ხელით აკეთებდა ამას წინა ხელისუფლება?! ის მოსამართლეები და პროკურორები არ იყვნენ?! ერთი გუნდია ეს მთლიანობაში. დღევანდელი სასამართლო, ჩათვალეთ, რომ იმავე სააკაშვილის გარემოცვაა, ამიტომ გასაკვირი აქ არაფერია. სულაც არ იქნება ჩემთვის მოულოდნელი, მალე მერაბიშვილსაც თუ გამოუშვებენ.
_ მაშინ, რა აზრი აქვს საერთოდ სამართლიანობის აღდგენის პროცესს?
_ ამ ეტაპზე ეს ნამდვილად არაფერს იძლევა და მიმაჩნია, რომ, სანამ სააკაშვილია პრეზიდენტი, უნდა შეწყდეს ყოველგვარი საგამოძიებო პროცესი.
_ რატომ გგონიათ, რომ არჩევნების შემდეგ ყველაფერი რიგზე იქნება?
_ ხალხმა უნდა მოვიყვანოთ ყველაფერი წესრიგში. არ აღსდგება სამართლიანობა? _ უნდა მოვითხოვოთ. არ მოგვისმენს ხელისუფლება? _ უნდა ვაიძულოთ. ეს ჩვენი მოვალეობაა, თუ არა და რისთვის ვიბრძვით?
_ რამდენიმე დღის წინ სააკაშვილმა სამეგრელო-ზემო სვანეთის ყოფილი გუბერნატორი თენგიზ გუნავა შეიწყალა და თანამდებობაზეც აღადგინა. სავარაუდოდ, იგივე გადაწყვეტილებას მიიღებს ახალაიასთან და მერაბიშვილთან დაკავშირებით. როგორ ფიქრობთ, ხომ არ არის ესეც მორიგი საბოტაჟი იმისთვის, რომ წინასაარჩევნოდ ქვეყანაში სიტუაცია დაიძაბოს?
_ ბუნებრივია. სააკაშვილი ახლა პოლიტიკური აღსასრულის მოახლოებას გრძნობს და ყველაფერზე მიდის, სიტუაციის დაძაბვაც უნდა და არეულობაც. ჩემს მერე ქვა ქვაზეც არ დარჩენილაო, _ ფიქრობს. გულზე სკდება, რომ ქვეყანა მისი ხელისუფლების გარეშე განაგრძობს არსებობას. კაცმა რომ თქვას, მისგან ეს საერთოდ არაა გასაკვირი, ის მთელი ცხოვრება ასეთი პრინციპით მოდის, მაგრამ გასაკვირი სხვა რამაა: ამ ვადაგასულ კაცს რატომ უნდა ჰქონდეს ვინმეს შეწყალების უფლება?! რატომ ვერ ხერხდება მისთვის ამის წართმევა?!
_ ხომ არ ფიქრობთ, რომ პარლამენტი დღეს, ცოტა არ იყოს, ლოიალურია წინა ხელისუფლების მიმართ?
_ ძალიან რბილად რომ ვთქვათ, პარლამენტი მოიკოჭლებს. რაც კეთდება, ეს არ არის ის, რისთვისაც მათ ხალხმა ხმა მისცა. უფრო მწვავე შეფასებას შეგნებულად ვარიდებ თავს. მე ახლა ველოდები საპრეზიდენტო არჩევნებს და, თუ მერეც არ გაკეთდა რამე, არ ვიცი, რა უნდა ვიფიქრო...
_ ზოგიერთი დასავლელი დიპლომატი, პარტია თუ არასამთავრობო ორგანიზაცია «ნაცმოძრაობას» დღემდე თავგადაკლული იცავს. მათ სერიოზული გავლენები აქვთ. როგორ ფიქრობთ, ეს არ აფერხებს ხელისუფლებას?
_ ხელისუფლებას მარტო ერთი რამის უნდა ეშინოდეს _ ქართველი ხალხის რისხვის. სხვა დანარჩენი _ ევროპა რას იტყვის და ამერიკა, მეორეხარისხოვანია. დამცველებს რაც შეეხება, არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ სააკაშვილს ყოველთვის გამოესარჩლება ვიღაც, ვთქვათ, რომელიმე ამერიკელი დიპლომატი ან ის პატარა კაცი, ამას წინათ რომ იყო ჩამოსული _ კაჩინსკი. ასეთები ყოველთვის იქნებიან, მაგრამ ეს რაა მთავარი, მთავარია, ხალხი იყოს ერთიანი და პრინციპული.
_ რამდენიმე დღის წინ ევროპის სახალხო პარტიის წარმომადგენლებმა ვანო მერაბიშვილი მოინახულეს. მერე გაკეთდა განცხადება, რომ მას საკანში გარკვეული პრობლემები აქვს.
_ დიახ, განგაშის ზარი შემოჰკრეს, წონაშია დაკლებულიო. ვინ ხარ, კაცო, შენ, რა იცი, რამდენი კილო იყო მანამდე?! არა, ეს სირცხვილია და საერთოდ, თავი მოგვჭრა ამ კაცმა. ყველანაირად ხომ გაგვანადგურა, მერე ჩაგვაბა ომში და დღეს, ფაქტობრივად, ყოფნა-არყოფნის წინაშე ვდგავართ.
_ ისევ სასამართლოზე გკითხავთ, თქვენ თქვით, რომ მოსამართლეების გარკვეული ნაწილი წინა ხელისუფლებასთანაა შეკრული. როგორ ფიქრობთ, უნდა დადგეს თუ არა მათი პასუხისმგებლობის საკითხიც?
_ ჩვენ ვნახეთ ციხის საშინელი კადრები, ვნახეთ გაუბედურებული ადამიანები. თითოეულ იმ დანაშაულში ის მოსამართლეებიც ისევე არიან გარეულნი, როგორც დამკვეთები და შემსრულებლები. რა თქმა უნდა, მათ პასუხი უნდა აგონ, მაგრამ, კიდევ ვიმეორებ, სააკაშვილის პირობებში ეს შეუძლებელია. არჩევნების შემდეგ, ალბათ, საქმეები აღიძვრება ხელახლა და დარწმუნებული ვარ, ყველაფერს დაერქმევა თავისი სახელი. შავი და თეთრი უნდა გამოჩნდეს, თუ არა და ხალხი ამას აღარ მოითმენს.
_ ვთქვათ, არჩევნების მერეც არაფერი შეიცვალა...
_ მაშინ მე ვიქნები «ოცნების» პირველი მტერი და გამკრიტიკებელი.
_ დღეს ბევრი აკრიტიკებს არსებულ საარჩევნო სისტემას. ხშირად სიების უზუსტობაზეცაა საუბარი. ასეთ პირობებში, რამდენად სამართლიანი იქნება არჩევნები?
_ სისტემა შეიძლება იდეალური არ არის, მაგრამ, თუ იქნება ხელისუფლების მხრიდან ნება, არჩევნები სამართლიანად ჩაივლის. ამაში დარწმუნებული ვარ, რაც შეეხება მომავალ პრეზიდენტს, არ მინდა ჩემი ქვეყნის პირველი პირი იყოს ლაჩარი და მარიონეტივით მორჩილი პიროვნება. ამას ვერც ხალხი შეეგუება. ამიტომ პარტიებს ძალიან დიდი წინდახედულება მართებდათ კანდიდატების შერჩევაში. დანარჩენს პროცესები გვიჩვენებს. მთავარია, ამომრჩეველს თავისუფალი არჩევანის საშუალება მიეცეს.
_ 2008 წლის აგვისტოს ომიდან ხუთი წელი სრულდება. დღეს, როცა საუბარია საქმეების ხელახლა გამოძიებაზე, მიგაჩნიათ თუ არა, რომ ეს საქმეც თავიდან არის გამოსაძიებელი?
_ ომი სააკაშვილმა რომ დაიწყო, ეს ყველამ იცის. მე ჩემი თვალით ვუყურებდი, არტილერია როგორ დააყარა მძინარე ქალაქს. რა თქმა უნდა, ეს გიჟია დამნაშავე და ამას გამოძიება სჭირდება. მერე სასამართლომ გადაწყვიტოს, ვის რა ეკუთვნის.
_გინდათ თქვათ, რომ შესაძლოა, სააკაშვილის პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს?
_შესაძლოა კი არა, არა ერთხელ მითქვამს და ახლაც ვიმეორებ, რომ, თუ სააკაშვილისა და იმ პროკურორების, ასევე მოსამართლეების პასუხისმგებლობის საკითხი არ დადგება, რომლებიც ცუდ საქმეებს აკეთებდნენ, საქართველოს არასოდეს ექნება წარმატება. რად უნდა ამას ბევრი გამოძიება, კაცი თავად გამოვიდა ტელევიზიით და განაცხადა, მე გავეცი შეტევის დაწყების ბრძანებაო.
_ სააკაშვილის განცხადება თუ გაქვთ მხედველობაში, 2008 წლის მოვლენებთან დაკავშირებით, მან თქვა, რომ საქართველოს შეიარაღებულმა ძალებმა პასუხი გასცა მტრის აგრესიას.
_ჰო, პროვოკაცია მოგვიწყვესო... რას ჰქვია პროვოკაცია, რამდენჯერაც ასეთი სროლები იქნება, იმდენჯერ ომი თუ დავიწყეთ ჩვენ, კიდევ რამდენ ტერიტორიას დავკარგავთ?! ვის ეომები? რას ეომები? კურდღელი რომ ხარ და არაფრის თავი არ გაქვს, ვერ უნდა მიხვდე?
_ საუბრობენ, რომ არჩევნების შემდეგ სააკაშვილმა, შესაძლოა, ხელშეუხებლობის გარანტია მიიღოს. რამდენად რეალურად მიგაჩნიათ ეს?
_ ვფიქრობ, გამორიცხულია. ჯერ ერთი იმიტომ, რომ თვითონ კოალიციის რეიტინგისთვის იქნება ეს გამანადგურებელი დარტყმა, რაზეც, არა მგონია, «ქართული ოცნების» ხელმძღვანელობა წავიდეს და მეორეც, იმიტომ, რომ ხალხი არ დაუშვებს, ეს გიჟი რომ კიდევ პრივილეგიებით სარგებლობდეს, ამას ვინ შეეგუება?! საზოგადოება ბომბივით აფეთქდება და მერე რა შეიძლება მოხდეს, წარმოდგენაც არ მინდა.
_ არასაპარლამენტო ოპოზიციის ზოგიერთი ლიდერი უკვე ქუჩის აქციებითაც იმუქრება. როგორ ფიქრობთ, არსებობს დღეს ამის საფუძველი?
_ პოლიტიკოსები რას ფიქრობენ, ამ შემთხვევაში ეს ნაკლებად საინტერესო მგონია. მთავარია, ხალხში რა განწყობაა. მე ძალიან გული მწყდება, რომ ხელისუფლების შეცვლიდან სულ რაღაც ათი თვის თავზე უკვე უამრავი ადამიანი გამოთქვამს უკმაყოფილებას. ამას უნდა მიაქციოს მთავრობამ ყურადღება, თორემ მუდმივი არაფერია. ყოველ შემთხვევაში, მომდევნო არჩევნებამდე არ მინდა იმედი გადავიწურო. იქამდე სულ სამი თვე დარჩა; მერე, ღვთის წყალობით, ალბათ, რამე შეიცვლება. თუ არა და, აგერაა ხალხი და ისევ საზოგადოებამ გადაწყვიტოს, ვინ ვარგა და ვინ არა, ვინ რის გამკეთებელია.