საერთაშორისო მონაცემებით, ტყის ხანძრების 90% ადამიანის უკანონოდ ჩარევის გამო ჩნდება და მხოლოდ 7-8 % ხდება მეხის გამო. თუმცა ქართველი მეტყევეები ამ მონაცემს სხვა ქვეყნებისთვის დამახასიათებლად მიიჩნევენ, საქართველოში კი ტყეების ხანძარს ძირითადად ადამიანების გულგრილობას უკავშირებენ. ჩვენი წინაპრები ისე რომ მოპყრობოდნენ ტყეებს, როგორც დღეს ეპყრობიან ჩვენი ხელისუფალნი, ახლა უდაბნოში ვიცხოვრებდით. ასე თუ გაგრძელდა, საქართველოს გაუდაბნოება ემუქრება,-ასეთია მათი პოზიცია.
მწვანეთა პარტიის ლიდერი გიორგი გაჩეჩილაძე ზამთარში ხანძრების მოწყობას აშკარა დივერსიას უკავშირებს. მისი აზრით, საქართველო ესაა სახელმწიფო, სადაც გენოციდს არა მხოლოდ ადამიანებს, არამედ ბუნებასაც უწყობენ.
„ზამთრის დასაწყისსა და უშუალოდ ზამთრის პერიოდში ტყის ხანძრები სად გაგონილა? არადა, ნახევარი საქართველო ხანძრებისგან გადაიწვა. ეს ხომ აშკარად დივერსიაა?! არსებობს ბევრი ინფორმაცია და ბევრი ეჭვი, რომ ამას ადგილობრივი ხელისუფლება კვალის წასაშლელად აკეთებს. ისეთი სიბინძურეები და დანაშაული აქვთ ჩადენილი ტყეებში, რომ ცდილობენ, როგორმე მომავალი პასუხისმგებლობა თავიდან აირიდონ,“ - აცხადებს პრესაჯი.ტვ-სთან კომენტირებისას გიორგი გაჩეჩილაძე.
მწვანეთა პარტიის ლიდერი გამორიცხავს ამ ადგილების გადაწვას ნაგებობების აშენების მიზნით, რადგან ისეთ მაღალმთიან რეგიონებში ხდება ხანძრები, რომ იქ შენობების აშენება არ უნდა აინტერესებდეთ. უბრალოდ, ხანძრები მოჭრილი ხეების კვალის დაფარვის მიზნით სჭირდებათ. „არ დარჩა საქართველოს არცერთი რეგიონი, სადაც ხანძარი არ მომხდარიყოს,“-აცხადებს გაჩეჩილაძე.
აგრარული უნივერსტეტის პროფესორის, მეტყევეთა ასოციაციის პრეზიდენტისა და მეტყევეთა საზოგადოების ვიცე-პრეზიდენტ თეიმურაზ კანდელაკის აზრით, როგორც წესი, ზამთარში ხანძარი არ ხდება, რაც საფუძვლიან ეჭვს იწვევს: „ზამთარში იმხელა ტენიანობაა, რომ, წესით, ხანძარი არ უნდა ჩნდებოდეს. ამდენად, ჩვენში ხანძრის წარმოშობას ცოტა სკეპტიკურად ვუყურებ. ეს ცალკე შესწავლას მოითხოვს.“
ტყის ექსპერტის ეჭვს ისიც იწვევს, რომ ზოგჯერ აალებულ ტყეებში უკანონობის ჩადენის კვალი აშკარაა და გადაჭრილი კუნძები ყველაფერზე მეტყველებენ: „ზოგჯერ ტელევიზიით ტყის ხანძრებისას ისეთ ადგილებს გვიჩვენებენ, სადაც მხოლოდ გადაჭრილი კუნძები ჩანს. შესაძლოა, თქვენც გრძნობთ, რომ აქ ადამიანის ხელია უხეშად ჩარეული, მაგრამ, როცა საბუთი არ გაქვს, უცბად ვერ იტყვი, ხანძარს სპეციალურად აჩენენო“, - აცხადებს თეიმურაზ კანდელაკი.
მისი თქმით, წიწვოვანი ხეები ყოველთვის ხანძარსაშიშია. ერთი ნაპერწკალი უნდა, რომ ხანძარი უცბად გაჩნდეს, მაგრამ ფოთლოვანები-წიფლნარევი ძალიან ბევრ ტენს აგროვებს. ამდენად, იქ ხანძრის გაჩენა, თუ „გულით“ არ მოინდომე, ძნელია. ამასთან, ხმელი ტყეებისგან განსხვავებით, ნედლი ტყე ძნელად იწვის. „რაიონების წარმომადგენლებს აქცენტი ძირითადად მწყემსებსა და მონადირეებზე გადააქვთ, თითქოს ისინი არიან ხანძრის გამომწვევნი. სინამდვილეში, ეს ძალიან მცირე პროცენტია“, - განმარტავს კანდელაკი.
„შესაძლოა, ამ ხანძრების მასშტაბი ისეთი არაა, როგორც რუსეთში, ავსტრალიასა და სხვაგან, მაგრამ ჩვენ ხომ პატარა ქვეყანა ვართ და ჩვენი ტერიტორიისთვის დიდ ხანძრად ითვლება! ტყით სარგებლობა გადაეცა ლიცენზიანტებს, მაგრამ სულ რაღაც 2 თუ 3%-ია ლიცენზიანტებისთვის გაცემული ტერიტორია. 90 %-ზე მეტ ტერიტორიაზე ლიცენზიანტი არ არსებობს. ვინ უნდა მიხედოს ამ ადგილებს?“- კითხულობს ექსპერტი.
საბედნიეროდ, საქართველოში არ არის ისეთი პირობები, რაც რუსეთშია. კერძოდ, იქ მიწის სიღრმეში ტორფი იწვის, რაც თოვლის გამო ზამთრის პერიოდში არ ჩანს, საბოლოოდ კი ტყე აალდება. ამდენად, ზამთარში საქართველოში გაჩენილ ხანძრებს ტორფს ვერანაირად ვერ მიაწერენ. თორემ ჩვენთან ტორფი რომ იყოს, მწყემსებისა და მონადირეების ნაცვლად, დანაშაულს ტორფის წვას გადააბრალებდნენ და ეჭვსაც არავინ შეიტანდა. საქართველო არც ევროპაა, სადაც ტყეებში ხანძარს შეგნებულად აჩენენ, რათა გადაბერებული ტყის ნაცვლად, სადაც ბუნებრივი განახლების პროცესი არ მიმდინარეობს, ახალი ტყე წარმოიქმნას.
„საფრანგეთში საკუთარი თვალით ვნახე ტყეში ხელოვნურად გამოწვეული ხანძარი, რასაც კონტროლირებადი ხანძარი ეწოდება. ეს სასარგებლოცაა, მაგრამ, თუ კარგი ტყე გაქვს, იქ ხანძარს რა უნდა? ჩვენთან ისეთი ტყეები თითქმის არ არსებობს, რომ ხანძარი ხელოვნურად გააჩინო და დიდი ტერიტორიები დაწვა. ჩვენში ყველა ტყეს ძირითადად ნიადაგდაცვითი და წყალმარეგულირებელი ფუნქცია აქვს, რათა ღვარცოფები არ წამოვიდეს. საქართველოში მთის ტყეებია.
ზაფხულში გაჩენილი კალიფორნიის ხანძარი ლოს-ანჯელესამდე მივიდა და მილიონერი მსახიობების სახლები გადაწვა. საბერძნეთის ხანძრები ცალკეულ პიროვნებას დააბრალეს - ხანძარი ტერიტორიების დასაკუთრების მიზნით გააჩინაო. ამაზონის ტყეებში სპეციალურად აჩენენ ხანძარს, რათა ადგილობრივ მოსახლეობას სახნავ-სათესი გააჩნდეს. ჩვენ კი ისეთ დღეში ვართ, თუ ტყეებს არ მიხედავენ, ძალიან ცუდი მოვლენები შეიძლება განვითარდეს და უკვე ვითარდება. კატასტროფაა, საუკუნეების განმავლობაში გაზრდილი ხეები 5 წუთში რომ დაიწვება“, - აღნიშნა თეიმურაზ კანდელაკმა.
მისი თქმით, თბილისის გარშემო 99% წიწვოვანი სიმწვანე ხელოვნურადაა გაშენებული. ესაა კოჯორი, ტაბახმელა, კიკეთი, წყნეთის გზის პირები. „ამ ადგილებს თუ არ მოაურეს, ვინმე სიგარეტს გადააგდებს და გზის პირებზე იოლად გაჩნდება ხანძარი. წინათ ხანძარსაშიშ პერიოდში, ზაფხულში, რაიონებში დროებით ადგილობრივი მეხანძრეები აჰყავდათ. მათ გარკვეულ გასამრჯელოს აძლევდნენ და ისინი თვალყურს ადევნებდნენ ტყეებს“, - აცხადებს ექსპერტი.