ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ თავისი მთავრობის ყველა წევრს მოუწოდა, აშშ-ში მოგზაურობისა და ამერიკელ მაღალჩინოსნებთან შეხვედრებისგან თავი შეიკავონ, ვიდრე აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი მას თეთრ სახლში არ მიიწვევს. ამის შესახებ გამოცემა Times of Israel-ი წერს.
ისრაელური მედიის ცნობით, ნეთანიაჰუ გაბრაზებულია იმაზე, რომ ის ჯერ თეთრ სახლში არ მიუწვევიათ, და სჯერა, რომ ისრაელის ნებისმიერი მინისტრის შეხვედრა ამერიკელ ოფიციალურ პირთან მხოლოდ ხაზს გაუსვამდა იმას, რომ პრემიერ-მინისტრი ამ შეხვედრას არ ესწრებოდა.
ნეთანიაჰუს მთავრობის შემადგენლობა 2,5 თვის წინ ჩამოყალიბდა, თუმცა ის არამხოლოდ აშშ-ში არ მიუწვევიათ, არამედ ასეთი ვიზიტის მომზადებაზე სამუშაოც კი არ მიმდინარეობს. ისრაელური მედია ასევე აღნიშნავს, რომ ყოფილი პრემიერი ნაფთალი ბენეტი, რომელმაც თანამდებობა 2021 ივნისში დაიკავა, თეთრ სახლს იმავე წლის აგვისტოში ეწვია.
ბაიდენის ადმინისტრაციამ გააკრიტიკა ისრაელის ახალი მთავრობის რამდენიმე გადაწყვეტილება, მათ შორის მართლმსაჯულების სისტემის რადიკალურად შეცვლის გეგმა და არაღიარებული დასახლებების ლეგალიზების გეგმები.
„სანამ ჩემი ვიზიტი არ შედგება, [აშშ-ში] არავინ ჩავა ვიზიტით“, - განუცხადა ნეთანიაჰუმ თავისი კაბინეტის წევრებს.
წყაროზე დაყრდნობით გავრცელებულ ინფორმაციაში ასევე აღნიშნულია, რომ ერთადერთი გამონაკლისი ეხება სტრატეგიულ საკითხთა მინისტრ რონ დერმერს, რომელიც აშშ-ში ყოფილი ელჩია და ბაიდენის ადმინისტრაციასა და ისრაელს შორის ურთიერთობებში ნეთანიაჰუს მთავარი წარმომადგენელია.