თბილისის მთავარი სამმართველოს ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიების შედეგად, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი, 1965 წელს დაბადებული ალექსანდრე ზ. განზრახ მკვლელობის მცდელობის და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა 9 აგვისტოს, თბილისში, პეკინის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთი სლოტ-კლუბის მიმდებარე ტერიტორიაზე, ურთიერთშელაპარაკებისას, განზრახ მკვლელობის მიზნით, 1982 წელს დაბადებულ გიორგი ს-ს მისამართით ცეცხლსასროლი იარაღიდან ერთი გასროლა მოახდინა და ადგილიდან მიიმალა. გიორგი ს. მიღებული ჭრილობით რესპუბლიკურ საავადმყოფოში მიიყვანეს. მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.
სამართალდამცველებმა ალექსანდრე ზ. თბილისში, ძმის საცხოვრებელ ბინაში დააკავეს. ამავე ბინიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს დანაშაულის იარაღი - „ჩე-ზე“-ს ტიპის ცეცხლსასროლი იარაღი ერთი მჭიდითა და 8 საბრძოლო ვაზნით, ასევე, „გეკო“-ს 5 ტყვია.
დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.
გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (სსსკ-ის 18-109-ე მუხლით და 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით).