ტოტალიზატორთან მებრძოლნი

ტოტალიზატორთან მებრძოლნი

რამდენიმე დღის წინ ერთ-ერთ რადიოსადგურს ვუსმენდი. ჩემი ყურადღება გადაცემაში შემოთავაზებულმა ინტერაქტივმა მიიპყრო. შეკითხვა შემდეგნაირად ჟღერდა: “უნდა გაუქმდეს თუ არა საქართველოში მომქმედი ტოტალიზატორების ფუნქციონირება”.

საბუკმეიკერო დაწესებულებების არსებობა ამჟამინდელი ქართული ცხოვრების ერთ-ერთი მტკივნეული პრობლემაა. მართალია ისინი მთელს მსოფლიოში ფუნქციონირებენ, მაგრამ დღევანდელ რეალობაში საქართველოში მაინც განსაკუთრებული ადგილი უკავიათ. ეკონომიური კრიზისის პირობებში ყველა ჩვენთაგანს მატერიალურად გაუჭირდა.

ამ სიძნელეების დროს აქტუალურობა შეიძინა ფულის შოვნის ე.წ. იოლმა გზებმა. მათ რიცხვში შედის საზოგადოების გარკვეული ნაწილის მიერ ავადსახსენებელი ტოტალიზატორებიც. ერთი შეხედვით რა არის ამაზე იოლი. მიმართე რომელიმე სპეციფიკურ დაწესებულებას, დადე თანხის გარკვეული ნაწილი და გამართლების შემთხვევაში, მეორე დღეს იმავე კანტორაში მოგებულ ფულს დაუყოვნებლივ ჩაგითვლიან. ნამდვილად რომ ჯიბის გასქელების მარტივი მეთოდია და ჩვენი თანაქალაქელების დიდი ნაწილიც ამ აზრზე დგას. მაგრამ ყოველ მედალს მეორე მხარეც გააჩნია.

ჩემი აზრით ტოტალიზატორის მოთამაშეები, ბახუსის თაყვანისმცემლები და ნარკომანები ერთი საერთო სენით დაავადებულები არიან... ამ ავადმყოფობას ფულის შოვნის ყოველდღიური მოთხოვნა ეწოდება და მისი მატარებლები განკურვნას რთულად ექვემდებარებიან.

ლოთი, ნარკომანი და აზარტული თამაშების მოყვარული საკუთარ ჯანმრთელობას დიდი საფრთხის ქვეშ აყენებს. თუ პირველი ორი თავს ხანგრძლივ სიკვდილს უმზადებს, მესამე პირად ფსიქიკას მუდმივი წნეხის ქვეშ ამყოფებს. ლოთს, ნარკომანს და “მაზაობის” მოყვარულს ყოველთვის თანხა ესაჭიროებათ და მის ხელში ჩასაგდებად არაფერზე უკან არ იხევენ.

მაგრამ არის პოზიტივიც. პირველი ორი ჯგუფისაგან განსხვავებით, ტოტალიზატორის მოყვარული განსაკუთრებული ოპტიმიზმით გამოირჩევა. ის დიდი თანხის დაკარგვას არასოდეს ეგუება, მომავალს ყოველთვის ოპტიმიზმით შეჰყურებს და ახალი “გმირობებისათვის” მუდმივად მზად არის. ოღონდ ოცნებების რეალიზაციისათვის სულ უფრო და უფრო მეტი ფული სჭირდება, რათა წინა დანაკლისი ამოიღოს და საერთო ჯამში მოგებაში დარჩეს.

იღბალი მზაკვარია, ის ხან გვერდში გიდგას, ხან კი ზურგს შეგაქცევს და რომ არ ელოდები მაშინ გღალატობს. ალბათ წარმოიდგენთ რა ხდება, როდესაც მოთამაშეს ე.წ. “მარცხიანი” პერიოდი უდგას. ის გამოსავლის ძიებაშია და ამისათვის ტოტალიზატორში კვლავ სათამაშო თანხა სჭირდება. სამწუხაროდ ფული ხან გაქვს, ხან კი მის დეფიციტს განიცდი. შესაბამისად საკმაოდ იაფად იყიდება მისი ოჯახის ძვირფასეულობა, ტექნიკა, უძრავ-მოძრავი ქონება.

აზარტომანიით შეპყრობილზე ვერც ახლობელ-მეგობრები ახდენენ ზეგავლენას, “მაზაობის” ჭაობში ჩაფლული ყურს არავის უგდებს. სიმართლეს თვალი გავუსწოროთ და მართალიც არის, მას სჯერა რომ წაგებულს მალე უკან ამოიღებს.

საქართველოში არსებული უმუშევრობის პირობებში ტოტალიზატორების ინსტიტუტი თავის გატანის ერთადერთი თუ არა ერთ-ერთი ძირითადი საშუალებაა. მრავალი ახლობელი მინახავს, რომლებიც სამსახურის დაკარგვის შემდეგ საბუკმეიკერო კანტორებში დასახლდნენ და ეს დაწესებულებები თავიანთი ახალი საქმიანობის სფეროდ გაიხადეს. შინიდან უკანასკნელი ძვირფასეულობა გაყიდეს და აღებული ფულით ოჯახების მატერიალური პრობლემების მოგვარებას ცდილობენ.

სად გაქრა მათი უწინდელი უდარდელობა და მომავლისადმი ურყევი რწმენა. დროთა განმავლობაში საზოგადოების ეს ნაწილი ფსიქიური სამკურნალო დაწესებულებების პოტენციურ პაციენტებად ყალიბდებიან. იერსახეც შესაბამისად ეცვლებათ. სახე გაუფერმკლავდათ, ნიკოტინის მუდმივი მიღებით გაყვითლებული ხელები პარკინსონით დაავადებულების მსგავსად უკანკალებთ. “ფსონიანი” მატჩის მიმდინარეობისას კი ადგილს ვერ პოულობენ და მუდმივი სტრესის ზეგავლენის პირობებში იმყოფებიან.

თბილისში ცხოვრობს ერთი პატიოსანი და ღირსეული არქიტექტორი. ერთ დღესაც რაღაცა ეშმაკმა უკბინა და ტოტალიზატორს ესტუმრა. ვიზიტი წარმატებული გამოდგა და ჩვენმა გმირმაც გარკვეული თანხა მოიგო. ექსპერიმენტი რამდენჯერმე გაიმეორა და ფორტუნა კვლავ მის მხარეს აღმოჩნდა. იოლი ფულის ხელში ჩაგდებამ თავისი ნაყოფი გამოიღო. არქიტექტორი აზარტომანიით დაავადდა. მალე ბედმა ზურგი შეაქცია და მოგებების გემოც დაავიწყა.

ტოტალიზატორს ერთი თავისებურება გააჩნია. როდესაც წარმატების “პალასაზე” იმყოფები თამაშებს საღი აზროვნების მიხედვით ირჩევ. საკმარისია რომ რამდენჯერმე მარცხი განიცადო, რომ ლოგიკა აშკარად გღალატობს და მხოლოდ “დიდ კუშებს” ეტანები.

ეს უკანასკნელი სენსაციების დროს “ჯდება”, მოულოდნელი შედეგი კი შედარებით იშვიათად ფიქსირდება. ჩვენი არქიტექტორის ისტორიაშიც ანალოგიური რამ მოხდა. წაგებულის დაუყოვნებლივ დაბრუნების მიზნით მაღალ კოეფიციენტებს მიეძალა, მარცხიანი “სერიის” დაუსრულებლობის შემდეგ კი კვლავ ლოგიკას მიმართა. მაგრამ დახეთ ბედის უიღბლობას. კვლავ რამდენჯერმე წააგო.

კაცი ბჭობდა, ღმერთი იცინოდაო. სულ მალე ოჯახის კუთვნილი აგარაკი აზარტული მიდრეკილებების მსხვერპლი გახდა. შესაბამისად ჩვენი გმირი თუ ანტიგმირი საყვარელ ბუკმეიკერულ დაწესებულებებს გაათმაგებული ენერგიით მიადგა. სამწუხაროდ მომავლის რწმენა ორიოდე თვეში დაიმსხვრა. “მაზაობის” მოყვარული ბედს არ შეურიგდა და აგარაკის გზას მის ხელთ არსებული სამ ოთახიანი ბინაც გაუყენა.

უიღბლო ”სერია” უკვე ნახევარ წელიწადს გაგრძელდა. ფინალი კვლავ ნაღვლიანი გამოდგა. ერთ დროს წარმატებული ჩვენი თანაქალაქელი ამჟამად იტალიურ ეზოში მდებარე ერთოთახიან ბინაში სახლობს, საქმიანობის სფეროდ კი შემთხვევითი სამსახურები გაუხდია. საინტერესოა რომ ბედს კვლავ არ შეურიგდა და ”საყვარელ” ადგილებს უწინდელი სიჯიუტით სტუმრობს. მაგრამ გაქანება აშკარად შეუმცირდა და ფონს ორ-სამ ლარიანი ბილეთებით გადის. საწუხარი მხოლოდ ის აქვს, რომ დიადი მიზნების მისაღწევად საჭირო თანხის ოდენობა აღარ გააჩნია.

საქართველოში ალბათ არ მოიძებნება ადამიანი, რომელსაც ტოტალიზატორში ფული ერთხელ მაინც არ დაუდია. თამაშობს ყველა, ქალი, კაცი, ბავშვი, ახალგაზრდა, მოხუცი. მინახავს ბავშვები, რომლებიც კანტორების წინ ატუზულები უფროს ბიძიებს თანხის დადებას სთხოვენ. რამდენიმე ოჯახში თვალებს არ დავუჯერე, როდესაც მოხუცმა ბებიამ საბუკმეიკერო დაწესებულებაში შვილიშვილს თანხა და ფსონების საკუთარი ვარიანტები გაატანა. ისე ცოტა უცნაური სანახავი კი არის, როდესაც ქართველი სამოცდაათი წლის ბებო შვილიშვილს ”სარაგოსა”-”სელტას” ერთიანზე ათი ლარის დადებას სთხოვს.

თავად ვარ მომსწრე ერთ-ერთ ტოტალიზატორში მუდმივად იქ ჩასახლებული ორმოცდაათიოდე წლის ქალისა, რომელიც სპორტით გათვითცნობიერებაში ყველა იქ მყოფ მამაკაცს ჯიბეში ჩაისვამდა.

პირველი ოფიციალური ტოტალიზატორი ჩვენს ქალაქში 1993 წელს გაიხსნა და მონასტერიც ამის შემდეგ აირია. ამბობენ ყველა გზა რომში მიდისო. იტალიაზე არ ვკამათობ, მაგრამ თბილისში საქმე ცოტა სხვანაირად არის. ამის დასტურია ძირითადად შაბათ-კვირას გადატენილი ტოტალიზატორების ოფისები. ცოტა ხნის წინ ორმა ახალგაზრდა ნათესავმა გოგონამ დამირეკა. ფეხბურთში კარგად ერკვევი და ეგებ ფული მოგვაგებინეო.

განსაკუთრებით კი იმით აღვფრთოვანდი, როდესაც ნაცნობმა თბილისელმა ახალგაზრდა ექიმმა ქალმა ”ზენიტი”-”ყუბანის“ მატჩის პროგნოზი მთხოვა. ასეა ბატონებო, ცხოვრება წინ მიდის. ახალ რეალობას კი ახალი მიდრეკილებები მოაქვს.

გადახვევები იქით იყოს და ტოტალიზატორების მოთამაშეთა ძირითადი მასა მაინც ჩვენი გაუბედურებული თანამოძმეები არიან, რომლებსაც ამ ცხოვრებამ ლუკმა-პურის შოვნის არანაირი საშუალება არ დაუტოვა და მხოლოდ ცვალებადი იღბლის იმედზეღა დატოვა. იღბალი კი სტაბილურობით არ გამოირჩევა და როგორი მოწყალებითაც შემოგხედავს, ასევე იოლად უძირო უფსკრულში გადაგჩეხავს.