თბილის-ქალაქსაც ჰყოლია, თურმე, თავისი ციციკორე _ სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის სახელმწიფო ბიურო, რომელიც ქალწულობის ცნობას 170 ლარად გასცემს. თუკი ქალიშვილობის დამადასტურებელი საბუთის აღება დაჩქარებული წესით გინდათ, მაშინ 350 ლარი უნდა გადაიხადოთ და... როცა საპატარძლოს პატიოსანებასა და უბიწოებას სახელმწიფო საექსპერტო ბიურო დაადასტურებს, ბედნიერი სადედამთილო და სასიძო იქაურობას კმაყოფილნი ტოვებენ. სხვა შემთხვევაში კი, სკანდალი გარდაუვალია _ ბიუროს ეზოდან მოტყუებული სადედამთილო და საქმრო სულ “ბოზი”-ის წახილით გარბიან... ამას წინათ, ქართველმა ფემინისტებმა ბიუროს წინ აქცია გამართეს. ,,ტეხავს” ქალიშვილობის ინსტიტუტი და არა _ ქალიშვილობა!” ,,ჩემი სხეული ჩემი საქმეა!” და ა.შ. ,,ქართული სიტყვა” ფემინისტთა დამოუკიდებელი ორგანიზაციის წევრ ანა მაისურაძეს ესაუბრა, რომლის თქმითაც, ქართულ ფემინიზმს საფუძველი მე-19 საუკუნეში ისეთმა სახელგანთქმულმა ქალბატონებმა ჩაუყარეს, როგორებიც ბარბარე ჯორჯაძე და ეკატერინე გაბაშვილი იყვნენ.
ანა მაისურაძე: _ რამდენიმე წელია, თანამოაზრეები ვიკრიბებით და ქალთა უფლებებზე ვსაუბრობთ. ამ თემაზე სამი პატარა დოკუმენტური ფილმიც გადავიღეთ... საზოგადოება ფემინიზმზე ცუდადაა ინფორმირებული: ზოგს ფემინიზმი მატრიარქატში ერევა, ზოგს კი ჰგონია, რომ ფემინიზმი კაცთმოძულეობას ნიშნავს. არადა, ფემინიზმი გენდერულ თანასწორობას გულისხმობს.
_ ანა, როგორ გავიგოთ ფემინისტური ლოზუნგები: ,,ქალი ნივთი არ არის!”, ,,დედობა უფლებაა და არა _ მოვალეობა”, ,,ჩემი სხეული ჩემი საქმეა”, ,,ქალი ქარხანა არ არის” და ა.შ.?
_ საქართველოში დედის კულტია გამეფებული და არა _ ქალის. ჩვენ აბორტის აკრძალვის წინააღმდეგაც გამოვდივართ, რადგან მიგვაჩნია, რომ ქალის უფლებები ამ შემთხვევაშიც ირღვევა. როცა უსახლკარო, მრავალშვილიან ოჯახს ბავშვის გამოკვება-აღზრდის საშუალება არ აქვს და ამ დროს კანონი აბორტის გაკეთებას კრძალავს, ქალმა რა უნდა ქნას? მიგვაჩნია, რომ რეპროდუქციაზე პასუხისმგებლობა მხოლოდ ქალს კი არა, კაცსაც ეკისრება.
_ ყველაფერი ეს გასაგებია, მაგრამ არ გეჩვენებათ, რომ თქვენი იდეები ნახევრად აზიურ, ტრადიციების მიმდევარ საქართველოში ფეხს ვერ მოიკიდებენ?
_ ზოგს ჰგონია, რომ ახალგაზრდა ქალებს თითქოს დეფლორაციისკენ მოვუწოდებთ, მაგრამ ეს სიმართლე არაა. უბრალოდ, ქალი არჩევანში თავისუფალი უნდა იყოს. ქართველები ორპირი ხალხი ვართ: რაც გვაწყობს, ევროპისგან იმას ვიღებთ, რაც არ გვაწყობს _ არა. ჩემი აზრით, მთავარი ტრადიცია კი არა, ადამიანის უფლებებია. როცა ადამიანი იჩაგრება, ძალადობის მსხვერპლია და ამის გამო უბედურია, ასეთ შემთხვევაში ტრადიცია პრიორიტეტი არ უნდა იყოს. შარშან, ქობულეთში შემზარავი ამბავი მოხდა: 16 წლის გოგონამ ქორწილის ღამე პოლიციის განყოფილებაში გაატარა, სადაც არასრულწლოვანს აიძულებდნენ, ეღიარებინა, ვისთან ჰქონდა გათხოვებამდე სექსუალური კავშირი. ღირსებაშელახულ გოგონას ორჯერ ჩაუტარდა ექსპერტიზა და ორივეჯერ დადგინდა, რომ ქალწული იყო. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, არც ვაჟი იყო სექსუალურად განათლებული. ისმება შეკითხვა: თუკი ეკლესია ავალდებულებს ქალს, ქორწინებამდე არ იმრუშოს, რატომ იგივე არ მოეთხოვება მამაკაცს, ანუ ვაჟებს უნდა ჰქონდეთ ქორწინებამდე სექსუალური გამოცდილება, ქალებს კი ეკრძალებათ. მიგვაჩნია, რომ ეს დისკრიმინაციაა!
ჩვენს ვებ-გვერდზე ბევრი უარყოფითი განწყობის გამომხატველი პოსტი დევს, მაგრამ ნურავის ჰგონია, რომ “პანელზე” მდგარი ქალები ვართ. ჩვენს შორის ბევრი ქალწულია. ,,ტეხავს ქალიშვილობის ინსტიტუტი და არა _ ქალიშვილობა!” გასაგებია, რომ ექსპერტიზის ბიურომ ქალის მდგომარეობის შესახებ ცნობა უნდა გასცეს სისხლის სამართლის საქმის ძიების დროს, მაგრამ როცა მაღალი ნდობის მქონე უწყება ცნობას მოქალაქეებზე ადამიანთა პირადი ურთიერთობების დასარეგულირებლად გასცემს, ეს არასწორი მიდგომაა... აპკის მდგომარეობის გარკვევის დამამცირებელი პროცედურა ჩემთვის ინდიკატორია, რომ მასთან, ვინც მაიძულებს, ჩემი პატიოსნება 175-ლარიანი ცნობით დავამტკიცო, ურთიერთობა გავწყვიტო! გამოდის, რომ სახელმწიფო ბიურო ხელს უწყობს მავნე ტრადიციების გავრცელებას.
_ თქვენი საუბრით ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ საქართველოში თითქოს ქალების ტოტალური დისკრიმინაცია ხდება. არადა, მე-20 საუკუნის მიწურულიდან, საქართველოში სოციალური სქესი გარკვეულწილად შეიცვალა _ ოჯახებს სწორედ ქალები არჩენენ...
_ დისკრიმინაცია ბევრნაირია. მართალია, დღეს ქალებს განათლებისა და შრომის უფლება აქვთ, მაგრამ ემანსიპაციამ ჩვენთან მახინჯი სახე მიიღო _ ევროპასთან შედარებით, პოლიტიკასა თუ საზოგადოებრივ ასპარეზზე ქალების სიმცირეა. მე-20 საუკუნის 90-იანი წლებიდან მოყოლებული, საშოვარზე გასულ დაღლილ-დაქანცულ ქალს, შინ საოჯახო საქმეები ხვდება, რადგან მამაკაცს, ტრადიციულად, სახლის საქმეების კეთება არ ევალება. უცხოეთში სამუშაოდ გადახვეწილი ქალების მიერ გადმოგზავნილ ფულს ქმრები ხშირად საყვარლებს ახარჯებენ და ამით თავსაც იწონებენ.
_ ანა, საზოგადოებრივი აზრის შესწავლაზე მუშაობთ?
_ აზრის შესწავლაზე არ გვიზრუნია, რადგან ისედაც ვხედავთ, რომ ქვეყანაში ქალისადმი მომხმარებლური დამოკიდებულებაა და სექსიზმი, ანუ მოვლენა, როცა ერთი სქესი მეორეზე დომინირებს, ტრადიციად იქცა. სამწუხაროდ, ქალების ნაწილს გამართლებულად მიაჩნია, როცა კაცი ეჭვიანობს, სცემს.Aარადა, გვასწავლიდნენ, რომ ქართველი მამაკაცი რაინდი და ქალის დამცველია.
_ საქართველოში ბევრი ფემინისტია?
_ არც ცოტანი ვართ. სამყარო დიდი ხანია, შეიცვალა, დღეს საქართველოში ფემინისტური იდეებით, ძირითადად, ქალები გამოდიან. აქ ფემინისტური მოძრაობა პოპულარული არაა, რადგან პატრიარქალურ ყოფაში ვიზრდებით. ფემინისტებს მიუღებლად მიგვაჩნია, როცა კაცები ქალებს ჩაგრავენ და ამას ,,ქართულ მენტალიტეტს” უწოდებენ. სინამდვილეში, მამაკაცებს პრივილეგიების დაკარგვის ეშინიათ. მე-20 საუკუნის 50-60 წლებში ფემინისტურმა მოძრაობამ ევროპასა და აშშ-ში კარგი შედეგი მოიტანა. იმედი მაქვს, წარმატებას ჩვენც მივაღწევთ.
მიგვაჩნია, რომ ქალი ქალწულობით კი არა, პიროვნულობით, ადამიანობით უნდა შეფასდეს. იმის ილუზია არ გვაქვს, რომ მოძველებული შეხედულებები ადვილად _ აქციებით აღმოიფხვრება. ვერც იმას დავიჩემებთ, რომ ექსპერტიზის ბიუროს მიზანი ქართული საუკუნოვანი ტრადიციების გამტკიცებაა. უბრალოდ, საზოგადოებრივი აზრის შესწავლის შემდეგ, ბაზარზე მოთხოვნილება გაჩნდა და მათაც ფულის გაკეთება დაიწყეს.
P.S. მოგვიანებით, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ბიურომ საგანგებო განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნულია, რომ ბიურო “ქალიშვილობის დამადასტურებელ” მოწმობებს არ გასცემს. “სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო ფიზიკური და იურიდიული პირების, ასევე, საგამოძიებო და სასამართლო ორგანოების მომართვის საფუძველზე, ატარებს 450-ზე მეტი ტიპის სხვადასხვა საექსპერტო კვლევას და შესაბამის კვალიფიციურ დასკვნას გასცემს. ექსპერტიზის ბიურო არ აწარმოებს “ქალიშვილობის დამადასტურებელი” ცნობების გაცემას. საგამოძიებო ორგანოები სქესობრივი დანაშაულის ან რამე სხვა სახის ძალადობის დადგენის, ასევე, გამოძიების ობიექტურად ჩატარების მიზნით, სარგებლობენ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის მომსახურებით. სტატისტიკა, რომელიც მოყვანილი იყო ფემინისტური მოძრაობის მიერ, მოიცავს ერთი წლის განმავლობაში მხოლოდ საგამოძიებო სამსახურების მიერ დანიშნულ ექსპერტიზებს. მსგავსი სახის ექსპერტიზას ბიურო სასამართლო და საგამოძიებო ორგანოების ინტერესებისთვის ახორციელებს, რათა დადგენილ იქნას სქესობრივი აქტის დროს ძალადობის ნიშნები. ეს არის სრულად სასამართლო-სამედიცინო ტიპის გამოკვლევა და დასკვნა არ შეიცავს ჩანაწერს “ქალიშვილობის” შესახებ. აღნიშნული სცილდება სასამართლო-სამედიცინო ექსპერტის კომპეტენციის სფეროს. რაც შეეხება ე.წ. ქალიშვილობის დადგენას, აღნიშნული მომსახურების მიღება შესაძლებელია ნებისმიერ კვალიფიციურ გინეკოლოგიურ დაწესებულებაში. კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით ექსპერტიზის ბიუროს სულ რამდენჯერმე მომართა სრულწლოვანმა ფიზიკურმა პირმა აღნიშნული მომსახურებისათვის. უშუალოდ საექსპერტო კვლევის დასრულების შემდეგ, პიროვნებას რა მიზანი ამოძრავებდა, ეს უკვე ბიუროს კომპეტენციის ფარგლებს სცილდება”, _ ნათქვამია ბიუროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.