აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტში განაცხადეს, რომ რუსულ გამანადგურებელთან ინციდენტის შემდეგ, აშშ-ს შავ ზღვაში საკუთარი დრონის ჩამოგდება მოუწია.
„დაზიანების გამო, ჩვენ [დრონის] შავ ზღვაში ჩამოგდება მოგვიწია“, - განაცხადა პენტაგონის წარმომადგენელმა, პეტ რაიდერმა.
რაიდერის თქმით, რუსეთს ამ დროისთვის ჩამოვარდნილი დრონი არ აღმოუჩენია.
მანამდე ცნობილი გახდა, რომ შავი ზღვის თავზე რუსული გამანადგურებელი სუ-27 ამერიკულ სამხედრო დრონს შეეჯახა.
ამერიკული მხარის განცხადებით, დრონი რუტინულ მისიას ასრულებდა საერთაშორისო საჰაერო სივრცეში, როდესაც ორი რუსული სამხედრო თვითმფრინავი მის ჩაჭრას შეეცადა. კერძოდ, ერთ-ერთი რუსული სუ-27 ამერიკული დრონის პროპელერს დაეჯახა, რამაც შეერთებული შტატების ძალები აიძულა MQ-9 ტიპის დრონი საერთაშორისო წყლებში დაეშვათ.
აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა, ჯონ კირბიმ განაცხადა, რომ აშშ არ შეწყვეტს ფრენას შავი ზღვის თავზე.