მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების ჯერ სასჯელაღსრულების, შემდეგ კი, თავდაცვის და შს სამინისტროების ყოფილი ხელმძღვანელის, ბაჩანა ახალაიას განაჩენმა, რომლის მიხედვითაც სასამართლომ “ნაცმოძრაობის” 9-წლიანი ტოტალური უსამართლობისა და სადიზმის სიმბოლოდ აღაიარებულს ბრალდება სამ ეპიზოდში მოუხსნა, საზოგადოება დაშოკა. მართალია, “ოცნების” გავლენიანი წარმომადგენლები ამბობენ, რომ სასამართლო პოლიტიკური წნეხისგან თავისუფალია და ახალაიას სამი ბრალდებაც ამიტომ მოუხსნა, მაგრამ ფაქტია: ახალაიას საქმეში პროკურატურა მაინცდამაინც ძლიერი არ იყო... ,,ქართული სიტყვა” ადვოკატ ლალი აფციაურს ესაუბრა.
_ ქალბატონო ლალი, ბაჩო ახალაიამ “ფეისბუქით” განცხადება გაავრცელა და ყველას, ვისაც მისი უდანაშაულობის სჯეროდა, მადლობა გადაუხადა... ვის სჯერა, რომ ,,ვაშლის თლის” გამო დაკავებული ბაჩანა უდანაშაულოა?
_ ბაჩანა ახალაიას უდანაშაულობა, ალბათ, მათ სჯერათ, რომლებიც სასამართლოს სამოცდაათკაციან დარბაზსაც ვერ ავსებენ. უდავოა, რომ მომხრეები ჰყავს, მაგრამ ახალაიამ ყველაზე კარგად თვითონ იცის, რომ დამნაშავეა. სასჯელაღსრულების სისტემაში მოსვლის დღიდან, ახალაიას წინააღმდეგ ბევრი მტკიცებულება დაგროვდა, თუნდაც _ ქუთაისისა და ორთაჭალის ციხეებში მომხდარი ბუნტი. 2004 წლის 9 იანვარს, ქუთაისში ერთი პატიმრის მხარდასაჭერად, რომლის ბებიასაც, 102 წლის ქალს საწოლში ავტომატი ჩაუდეს, საპროტესტო აქცია გაიმართა, რომელიც სასტიკად დაარბიეს. ასე დაიწყო სააკაშვილის რეჟიმმა მოქმედება.
სხვათა შორის, გამოძიებას გადავეცი კადრები, რომელიც ქუთაისის ძველი ციხიდან ნახევრადაშენებულ ახალ საპატიმროში მსჯავრდებულების ცემა-წამებით გადაყვანაა ასახული და ახალაია ჟურნალისტებს შეშლილი სახით ეუბნება: ,,ეს ჟურნალია, კინო აწი იქნება?!” ამას რუსთავის ციხეებში შევარდნა მოჰყვა.
მკვლელობა არ არის, როცა კაცს აუპატიურებ, ოჯახს უწიოკებ, ანადგურებ, თავმოყვარეობას ულახავ და სულში აფურთხებ? გადაიღეს წამება-გაუპატიურების კადრები და ოჯახის წევრებს აყურებინეს _ ეს ხომ სიკვდილზე უარესია? ორთაჭალის ციხის ბუნტის მომსწრე ვარ, შენახული მაქვს ჩანაწერები, სადაც პატიმრები დეტალურად ჰყვებიან, თუ როგორ იქცეოდნენ მეგის ქარდავა და ბაჩო ახალაია. ბუნტის დროს დაინვალიდებული ზედელაშვილი გათავისუფლებისთანავე ქვეყნიდან გავიდა, არადა, საჭირო მოწმე იყო. ზღვა მტკიცებულებებია და თუ ვინმეს ყველაფერი ეს ,,ვაშლის გათლად” მიაჩნია, მერწმუნეთ, ძალიან ცუდ შედეგს მიიღებს. ამდენი მტკიცებულების შემდეგ, რა ზემოქმედების ქვეშაც უნდა ყოფილიყო სასამართლო, გამამართლებელი განაჩენი არ უნდა დამდგარიყო. ბაჩანა ახალაია ავადმყოფია, მისი მიდრეკილება ჩაკეტილ სივრცეში მყოფ ადამიანებზე ძალადობაა და უდიდესი სურვილი მაქვს, კანონის შესაბამისად დაისაჯოს!
_ კბილაშვილი ამბობს, არ ვეთანხმები მოსაზრებას, რომ ახალაიას უდანაშაულოდ ცნობა ბრალდების მხარის სისუსტემ განაპირობაო...
_ ჩემს ყოფილ კოლეგას, მთავარ პროკურორ არჩილ კბილაშვილს დიდ პატივს ვცემ, უწესიერესი ადამიანია, მაგრამ მის გარშემო ისეთი ხალხი ტრიალებს, რომელიც კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. ახალაიას გამამართლებელი განაჩენი პროკურატურის სისუსტესა და არაკომპეტენტურობაზე მიუთითებს. პროკურორები, რომლებიც წლების განმავლობაში, სააკაშვილთან, ადეიშვილსა და სხვა მაღალჩინოსნებთან ერთად დანაშაულს ჩადიოდნენ და მათ უკანონო გადაწყვეტილებებს ,,უპრავებდნენ”, დღეს საბოტაჟს ეწევიან.
_ თქვენი ვერსიით, მთავარმა პროკურორმა ახალაიას საქმეში ძველი პროკურორების მონაწილეობა რატომ დაუშვა?
_ ვერ გეტყვით... სოფლის მეურნეობის სამინისტროს საქმეზე მუშაობს პროკურორი რიჟამაძე, რომელიც უშუალოდ მფარველობდა პატიმართა არაადამიანური მოპყრობის ფაქტებს. როცა პროკურატურაში შემხვდა, ემოცია ვერ მოვთოკე და შევძახე: ,,რატომ არ ინგრევა ეს შენობა, შენ რომ ისევ აქ მუშაობ და ციხეში არ ზიხარ-მეთქი?!” როგორ უნდა იძიებდნენ საქმეს ის პროკურორები, რომლებსაც ახალაიასთან ერთად უამრავი დანაშაული აქვთ ჩადენილი? ამაზრზენია, როცა ,,შპარგალკიანი” მოწმეებით შეხვალ სასამართლოზე. ისიც კარგად ვიცოდით, რომ სასამართლო ახალაიას მხარეს იქნებოდა და ასეთი საბოტაჟის პირობებში გულხელდაკრეფილი ხომ არ უნდა იჯდე? პროკურორი ვალდებულია, დანაშაული დაამტკიცოს. თუ ასე გაგრძელდება და ბრალდების მხარე სუსტი იქნება, დანაშაულს ვერ დაუმტკიცებ ვერც მერაბიშვილს, ვერც _ ადეიშვილს და ვერც _ სააკაშვილს.
_ ჩვენების მიცემის, მგონი, ბევრს ეშინია...
_ ჩემთან ურთიერთობისას პატიმრები არასოდეს მალავდნენ ძალადობის შესახებ, ორმოცი ათასი პატიმარი გვყავდა და ყველას შეუძლია, ახალაიას წინააღმდეგ ჩვენება მისცეს.
_ სხვათა შორის, “ოცნებამ”, ხელისუფლებაში მოსვლისთანავე ხალხს მოუწოდა, საქმეების გადასახედად პროკურატურას მიმართეთო...
_ ამ საქმეებისთვის ხელი ჯერჯერობით არავის მოუკიდია. “ოცნებამ” ძალიან დიდი შეცდომა დაუშვა, როცა განაცხადა, რომ უკანონო განაჩენებს გადახედავდა. ჩემს მიერ შეტანილ კონკრეტულ საქმეზე გეტყვით: გენერალი ტრისტან წითელაშვილი 26 აგვისტოს დააკავეს, მაგრამ დაკავების ოქმი 28 აგვისტოს თარიღით გაუფორმეს, სადაც უწერია, რომ ფსიქოტროპული ნივთიერება აღმოუჩინეს. მოდულ-ის შენობაში მყოფ წითელაშვილს, დაკავებიდან ორი დღის შემდეგ, ნარკოტიკი საიდან აღმოაჩნდა?
_ “ნაციონალები” ასეთ იაღლიშებს რატომ უშვებდნენ?
_ დაუსჯელობის სინდრომით იყვნენ შეპყრობილნი და ეგონათ, რომ ხელისუფლებაში 30-40 წელი იქნებოდნენ. რომ არა ბიძინა ივანიშვილი, “ნაცმოძრაობის” მმართველობა გაგრძელდებოდა და ძალაუფლების გადაცემა შეიძლება, მემკვიდრეობითაც მოეთხოვათ.
_ ახალმა პარლამენტმა 200-მდე ადამიანი პოლიტპატიმრად აღიარა. პოლიტპატიმრების სიას ,,ნაციონალები” “ბესელია-კაკაბაძის სიას” ეძახიან...
_ პოლიტიკური ნიშნით დევნილი ადამიანების სიის შედგენა კახა კუკავას იდეა იყო და 2009 წელს შევქმენით ჯგუფი, რომელიც იძიებდა და აგროვებდა მასალებს.Mმსოფლიომ შეიტყო, რომ საქართველოს ჰყავს პოლიტიკური ნიშნით დევნილები, რომლებიც ციხეში უკანონოდ ისხდნენ და რომლებიც აწამეს, გააუპატიურეს, ცხოვრება დაუნგრიეს. დღეს ამ ხალხს ნასამართლევობაც არ აქვს მოხსნილი და გამამტყუნებელი განაჩენის გამო, ვერც მუშაობას იწყებს. პროკურორები და მოსამართლეები კი ისევ თანამდებობებზე არიან, მიუხედავად იმისა, რომ მათი დანაშაული სახელმწიფომ და საკანონმდებლო ორგანომ აღიარა. გასაგებია, რომ 35 ათასი საქმის გამოძიება ძნელია, მაგრამ 200 საქმის დამთავრება ხომ შეიძლება? _Gგამოდის, რომ ყველაფერი პიარისთვის უნდოდათ. ამიტომაც ახალაიას ცოლი ნიშნისმოგებით აცხადებს, ახალაია ციხიდანაც გაფარჩაკებთო.
ახალაიას საქმეში ჩართულ პროკურორებს ,,ნაციონალების” დანაშაულებრივი საქმიანობის ,,გაპრავებაში” დიდი წვლილი მიუძღვით. მათ დიდი ფული აქვთ დაგროვილი. მხოლოდ სააკაშვილს, ქვეყნის ძარცვა-გლეჯითა და გრანტების ჭამით იმდენი ფული აქვს, ივანიშვილის მილიარდებს გადააჭარბებს და დღეს სწორედ ამ ფულს ხარჯავენ! ცხრა წლის გამოცდილი ნაძირალები არიან, სრულყოფილად ფლობენ პიარის ტექნოლოგიებს და ყველაფერს, რაც ქვეყანაში ხდება, სათავისოდ იყენებენ. სერიოზული დაფინანსება აქვს ადვოკატთა ჯგუფს, რომლებიც ,,ნაციონალებს” იცავენ... ,,ნაცმოძრაობა” მჭიდროდ შეკავშირებული კლანი, მაფიოზური დაჯგუფებაა, რომლის ფინანსური შესაძლებლობების მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნის კრიმინალებს შეშურდებათ! ამიტომ მოვუწოდებ ,,ქართულ ოცნებას”: მხოლოდ იმით ნუ დაკავდება, ჩვენზე რომელიმე ამერიკელი რას იტყვის და საქმეს სერიოზულად მიუდგეს. არ გვცალია ჩოხებისა და ჩიხტიკოპებისთვის, მით უმეტეს, რომ ზუსტად ვიცი: ,,ნაცმოძრაობა” ძალას ყოველდღიურად იკრებს!
კოჰაბაბიტაცია, ანუ თანაცხოვრება საპარლამენტო უმრავლესობასა და უმცირესობას შორის ხდება. ხალხისა და “ნაციონალების” თანაცხოვრებას კი, უფრო ,,გაუპატიურება” ჰქვია. ხალხში უდიდესი აგრესიაა დაგროვილი, და ნუ აიძულებენ, ქვეყანაში ლინჩის წესით გასამართლება დაიწყოს!
_ ახალაიას განაჩენის შემდეგ, ზოგიერთი კბილაშვილის პასუხისმგებლობის საკითხს სვამს...
_ საკითხის ასე დასმა სწორად არ მიმაჩნია. როცა სააკაშვილი ამბობს, ადეიშვილის მარჯვენა ხელი ჩხატარაშვილი ნაცვლიშვილი საქმეებს ალაგებსო, ეს ფრაზა ყურს უკან არ უნდა გაატარო. რა საქმეები უნდა დაგილაგონ ასეთმა გაწაფულმა კრიმინალებმა? შენ რატომ ვერ ალაგებ? ასე თუ გაგრძელდა, დაბრუნდებიან ქვეყანაში ზურაბ ადეიშვილი, მეგის ქარდავა!
ისე, მოსამართლეები საკმაოდ კვალიფიციურნი არიან, მაგრამ ისინი დაკვეთას ასრულებდნენ. არადა, გახმაურებულ საქმეებზე გამოძიების დასკვნის დადებას წინ არაფერი უდგას. მართალია, მტკიცებულებები განადგურებულია, მაგრამ რას ელოდნენ, ,,ნაციონალები” თავიანთი კრიმინალური წარსულის შესახებ საბუთებს ხელში ჩაუგდებდნენ? _ ყველას გვახსოვს, თუ როგორ იწვოდა დოკუმენტები არჩევნების შემდეგ. “ნაციონალებმა” იზრუნეს, რომ კომპრომატები გაენადგურებინათ.
_ ამ საფრთხეების გათვლა არ შეიძლებოდა?
_ დიდი ამბიცია აქვთ, მაგრამ ბევრი სხვა რამეც ვერ გათვალეს...
_ ქალბატონო ლალი, გახმაურებულ საქმეებზე სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის მონაცემებსაც ეყრდნობიან. ეს ორგანო რამდენად კომპეტენტურია?
_ არ ვიცი, რა აპარატურა აქვს, მაგრამ სამხარაულის სახელობის ბიუროში დღემდე ყალბ დასკვნებს გასცემენ. ნივთიერება სუბოტექსი, ანუ ბუპრენორფინი, რომელიც ჩვენთან ნარკოტიკულ საშუალებადაა აღიარებული, გაერო-ს კონვენციით ფსიქოტროპული ნივთიერებაა და გარკვეული დაავადებების დროს გამოიყენება. გაერო-ს ამ კონვენციას მსოფლიოს 137 ქვეყანა შეუერთდა, მათ შორის, _ ჩვენც. დღემდე პროკურორების თრეინინგებზე სუბოტექსი ნარკოტიკულ ნივთიერებად განიხილება და ბიუროს ექსპერტებიც თვალდაუხამხამებლად გასცემენ ცნობებს, მაგრამ ვერ მპასუხობენ, თუ როგორ შეიძლება ფსიქოტროპული ნივთიერებიდან ნარკოტიკის მიღება. აქედან გამომდინარე, როგორ ფიქრობთ, ბიუროს თანამშრომლები კვალიფიციურნი არიან?
_ ...რადგან სამართლიანობის აღდგენა ვერ ხერხდება, მუსირებს აზრი, რომ პოლიტპატიმრებმა შესაძლოა, რეაქციული დაჯგუფება შექმნან...
_ რას ნიშნავს ,,სამართლიანობის აღდგენა” და რომელ ეპოქაში იყო საქართველოში სამართლიანობა? ისტორიკოსები ამტკიცებენ, რომ მეფე თამარი იყო სამართლიანი მმართველი, მაგრამ მას შემდეგ დიდი დრო გავიდა. დღეს შეიძლება ვისაუბროთ ,,სამართლიანობის დამკვიდრებაზე”? როცა ასეთი ნდობით მოხვედი ხელისუფლებაში, დანაპირები უნდა შეასრულო და ქვეყანას ქაოსისკენ არ უბიძგო. გარწმუნებთ, ქვეყანაში მალე გაჩნდებიან რეაქციული ჯგუფები, რომლებსაც პოლიტპატიმრები კი არა, იმედგაცრუებული ადამიანები შექმნიან.
_ ქალბატონო ლალი, რა ამის პასუხია და, თქვენი გადასახედიდან, ვლადიმერ ბედუკაძე გმირია თუ მწამებელი?
_ ჩემი გაგებით, გმირობა სულ სხვა რამეა, მაგრამ ამ კაცმა საკუთარი სიცოცხლის ფასად შეძლო კადრების გამოტანა.
_ პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული კადრების განადგურებას როგორ უყურებთ?
_ ვისი რა საქმეა სხვისი ჭუჭყიანი თეთრეული? ჩემი, როგორც ერთი რიგითი იურისტის აზრით, განადგურებას მნიშვნელობა არ აქვს, რადგან ვიდრე ახალი ხელისუფლების ხელში მოხვდებოდა, ეს კადრები “ნაცებს” უკვე დარიგებული ჰქონდათ... იურისტისთვის კადრები უტყუარი მტკიცებულებაა, დილეტანტისთვის _ სენსაცია, დამნაშავისთვის _საშიშროება!