რიზეს ციხეში მყოფი საქართველოს 5 მოქალაქე უმძიმეს პირობებშია. ამასთან დაკავშირებით for.ge უკვე წერდა http://www.for.ge/view.php?for_id=25611&cat=3. შეგახსენებთ, რომ პატიმრები ვერ სარგებლობენ კანონით მინიჭებული ე.წ. „პრაგულკით“, არ ეძლევათ ჰიგიენური საშუალების გამოყენების შესაძლებლობა. პატიმრები და მათი ოჯახის წევრები თურქეთში საქართველოს საკონსულოს უყურადღებობაში ადანაშაულებენ. პატიმრებმა კონსულთან შეხვედრის მოთხოვნით, 18 დღე იშიმშილეს. პატიმრების ბრალდებას უარყოფენ საგარეო საქმეთა სამინისტროში. მაია ფანჯიკის უწყებაში ირწმუნებიან, რომ მოშიმშილე პატიმრებს შეხვდა კონსული და მათ შიმშილობა შეწყვიტეს.
საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა for.ge-სთან საუბრისას პატიმრების შიმშილთან დაკავშირებით განაცხადეს:
„საკონსულოს თანამშრომლებმა მოინახულეს ისინი, გაესაუბრნენ პატიმრებს და მათ შეწყვიტეს შიმშილობა. შიმშილობის აქცია შეწყვეტილია. რაც შეეხება მოთხოვნებს, ეს უკავშირდებოდა ციხეში არსებულ პირობებს იმდენად არა, რამდენადაც სხვა დამატებითი პროდუქტის შეტანას, რაც კანონმდებლობით აკრძალულია. ამის შესახებ მიაწოდეს მათ ინფორმაცია რა არის დასაშვები და რა არა. კოსული მუდმივად იქნება კოორდინაციაში ყოველ ორ თვეში ერთხელ“, - განაცხადა for.ge-თან საუბრისას პრეს-სამსახურის ხელმძღვანელმა მარი ნარჩემაშვილმა.
საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას არ ადასტურებს დაკავებული როსტომ სილაგაძის მეუღლე ნანა ჩაჩანიძე. როგორც მან for.ge-სთან საუბრისას აღნიშნა პატიმრებს არავითარი დამატებითი მოთხოვნები არ ჰქონიათ. იგი თურქეთში საქართველოს საკონსულოს უმოქმედობაში სდებს ბრალს. მისივე განცხადებით, საკონსულოს უყურადღებობის გამო სასამართლო პროცესი არ ინიშნება. პატიმრების წერილობით თხოვნაზე, რომ გამოცხადნენ სასამართლოზე, იგნორირებულია საკონსულოს მხრიდან. მეტიც, არაერთი თხოვნის მიუხედავად, საკონსულომ არ უზრუნველყო სასამართლოზე თარჯიმანის მიყვანა. სწორედ საკონსულოს უმოქმედობას უკავშირებს დაკავებულის მეუღლე პატიმრების მდგომარეობის დამძიმებას. „მათ არ აწვდიან როგორც საკვებს, ასევე მედიკამენტებს“.
საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ საკონსულოს წარმომადგენელი გიორგი ტაბატაძე შეხვდა პატიმრებს და, რომ მოშიმშილეები ითხოვდნენ არა კონსულთან შეხვედრას, არამედ ითხოვდნენ დამატებით შაქარს და პურს. მართლაც ეს იყო მიზეზი რის გამოც მათ 18 დღე იშიმშილეს?
ნანა ჩაჩანიძე: ეს არის ტყუილი. შაბათს დამიკავშირდა ჩემი მეუღლე და გადავეცი საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება. ეს რომ გაიგო, კაცმა შეიცხადა, - რა დამატებით რაღაცეებს ვითხოვთ, როცა საერთოდ არაფერს გავძლევენ, რა დამატებაზე არის ლაპარაკიო. კონსული კი მეუბნება, რომ აძლევენ იმას, რაც ეკუთნის და დამატებით რაღაცეებს ითხოვენო. ის, რასაც კონსული ამბობს, არის ტყუილი. მისი ნათქვამიდან მართალი არის ის, რომ პატიმრებმა შიმშილობა შეწყვიტეს. ჩემი მეუღლის ხასიათი რომ ვიცი, ეტყობა, რომ უკიდურესად უჭირს, თორემ არაფრით არ იტყოდა ამას.
თქვენ ვინ დაგირეკათ საკონსულოდან და როგორ გაგეცნოთ?
- საკონსულოდან გიკავშირდებით გიორგი ვარ, კონსულიო. ვიცნობ მას. დამიჯერეთ, რასაც საკონსულო ამბობს, ეს არის ტყუილი. არ არსებობს, რომ მათ რაღაცა მოითხოვონ დამატებით, როცა რაც ეკუთვნის იმასაც არ აძლევენ.
მაშინ რატომ დასჭირდა კონსულს ამის თქმა, რაც საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური განცხადება გახდა...
- თავი რაღაცით ხომ უნდა იმართლონ ახლა? რამდენიმე სასამართლოს მიმდინარეობისას ვეხვეწებოდი, რომ ჩააკითხეთ, თქვენი იმედი აქვთ-თქო. ამათ რომ ხედავენ სხვანაირად გვექცევიანო უფრო. კონსულმა კი მითხრა გამომიგზავნონ ფაქსი და წავალთო. ყველა სასამართლოზე ასეთ დღეში ვიყავი. წინასწარ ვურეკავდი ერთი კვირით ადრე და ვემუდარებოდი, რომ სასამართლოზე იქნებ წახვიდეთ, ხან თხოვნით და ხან მუდარით, მაგრამ არაფერმა გაჭრა.
ფაქსს ვინ გაუგზავნის, როცა ადვოკატიც კი არ ჰყავთ. არ ვიცი რატომ არ რეაგირებს საგარეო საქმეთა მინისტრი ამ საკითხზე, ადამიანებს ბრალდებათ სხვისი დანაშაული. მინისტრმა არ იცის რა ხდება?! ეს არაა ახალი ამაბავი, უდანაშაულო ადამიანები უცხო ქვეყნის ციხეში უდანაშაულოდ ზიან და სადაა რეაქცია? მე თუ ვიცი იქ რა ხდება, დავიჯერო მინისტრმა არ იცის?!