მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდების შედეგები მართლაც საგანგაშოა: ფიზიკაში პედაგოგთა 96 პროცენტი ჩაიჭრა, ქიმიაში - 91 პროცენტი, უკეთესი მაჩვენებელი არც ჰუმანიტარულ საგნებშია - სახვითი ხელოვნება - 74%, ისტორია - 57,2%. სოციალური ქსელებით ვრცელდება ინფორმაცია, რომ საგამოცდო ტესტები ძალზე რთული იყო, საშუალო სკოლის პროგრამის ფარგლებს სცილდებოდა... ამ ტესტების შეფასება პროფესორს, ფიზიკის ფაკულტეტის ყოფილ დეკანს, ჯემალ მებონიასა და ისტორიის მეცნიერებათა დოქტორს გიორგი ოთხმეზურს ვთხოვეთ.
ჯემალ მებონია: სასერტიფიკაციო გამოცდების ტესტი ფიზიკაში, რომლის დავალებები პედაგოგებს უნდა შეესრულებინათ, რთული არ არის, არც ერთი კითხვა არ გასცილებია საშუალო სკოლის პროგრამის ფარგლებს, არავითარი უმაღლესი ფიზიკის ელემენტები არ არის. ეს ტესტი აბიტურიენტებისთვის რომ მიეცათ, ვიტყოდი, ცოტათი რთულია-მეთქი, მაგრამ მასწავლებელს ამ დავალებებზე პასუხის გაცემა ნამდვილად უნდა შეეძლოს. ვფიქრობ, საშუალო სკოლის მასწავლებელს უნდა შეეძლოს აჩქარებისა თუ გადაადგილების გეგმილის განსაზღვრა ან დროისა და მანძილის ურთიერთდამოკიდებულებაზე ამოცანის ამოხსნა. სამწუხაროა, რომ ჩვენს სფეროში ასეთი წყვეტა მოხდა. დღეს ფიზიკოსობა პრესტიჟული აღარ არის, ახალგაზრდები ბანკირობაზე ოცნებობენ, არადა, უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტის 40-მდე კურსდამთავრებული მუშაობს მრავალმილიარდიან პროექტზე შვეიცარიაში, დიდ ადრონულ ამაჩქარებელზე, მსოფლიოს არც ერთი უნივერსიტეტი აღარ დარჩა, სადაც ქართველი ფიზიკოსები არ მუშაობენ, ასე ხდება "ტვინების გადინება", აქ კი უცოდინარი თაობები გვრჩება... ამ გამოცდების შედეგებიც ამის ანარეკლია.
- რით ახსნით, რომ განსაკუთრებით ცუდი შედეგები საბუნებისმეტყველო საგნებშია - ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია.
- საშუალო სკოლაში ყველაზე ცუდ, ასე ვთქვათ, გერის მდგომარეობაში სწორედ ტექნიკური, საბუნებისმეტყველო საგნებია. ფიზიკას, ქიმიას, ყველაზე ცოტა სასწავლო საათები ეთმობა, რატომ უნდა ეთმობოდეს ფიზიკას გეოგრაფიაზე ნაკლები სასწავლო საათები? ამას ემატება სახელმძღვანელოების უვარგისობა. შემიძლია ვთქვა, რომ ფიზიკის არც ერთი სახელმძღვანელო არ არის კარგი. ამას ემატება ისიც, რომ უნივერსიტეტებში ფიზიკის მასწავლებელთა მომზადება, ფაქტობრივად, აღარ ხდება. თუ ასე გაგრძელდა, ხუთ წელიწადში სკოლაში ფიზიკის მასწავლებელი აღარ გვეყოლება.
გიორგი ოთხმეზური: ტესტში არაერთი არჩევითკითხვიანი პასუხია, 4 სავარაუდო ვარიანტიდან ისტორიის პედაგოგმა ერთ სწორ პასუხს ნამდვილად უნდა მიაგნოს. ოთხი საკითხი კი ისტორიული თარიღების, მოვლენების ქრონოლოგიურად დალაგებას ეხება, მასწავლებელმა სკოლის პროგრამა ხომ უნდა იცოდეს? რაც შეეხება ისტორიული დოკუმენტის ტექსტის გააზრებას, კითხვებზე პასუხი, ფაქტობრივად, ტექსტშია მოცემული. მხოლოდ რამდენიმე კითხვაა შედარებით რთული. არის საკითხები როგორც საქართველოს, ისე მსოფლიოს ისტორიიდან; ისტორიის პედაგოგმა უნდა იცოდეს, პტოლემაიოსების ეგვიპტეში ბერძნულად იმიტომ წერდნენ, რომ მაკედონელის ლაშქრობების შემდეგ მისი ელინიზაცია მოხდა, ხოლო საქართველოს ისტორიიდან, თუ რატომ გადავიდა დავით კურაპალატი აჯანყებული ბარდა ფოკას მხარეზე. ამ არცთუ სახარბიელო შედეგების ერთ-ერთი მიზეზი სახელმძღვანელოებიც არის. მე-9 კლასის საქართველოს ისტორიის სახელმძღვანელოში იმხელა პროგრამაა ჩაყრილი უხსოვარი დროიდან დღემდე, მასწავლებელს არ ვიცი და, მოსწავლეს კი შესძულდება ისტორია.