ამას როუზ გეტემიულერი ამბობს, აშშ–ს სახელმწიფო მდივნის მოადგილე, რომელიც შეიარაღებაზე კონტროლის, მონიტორინგისა და შეთანხმებათა შესრულების ბიუროს ხელმძღვანელობს. გეტემიულერმა ეს გასულ კვირაში საერთაშორისო ურთიერთობების კომიტეტის წინაშე გამოსვლისას განაცხადა, საუბრობდა რა ბირთვულ სფეროში რუსულ–ამერიკულ თანამშრომლობაში შემდგომ ნაბიჯებზე.
როგორც გეტემიულერმა აღნიშნა, მოსკოვის შეშფოთება რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემის პროექტით „არახალია“, ის ჯერ კიდევ 30 წლის წინ პრეზიდენტ რონალდ რეიგანის პერიოდში „ვარსკვლავური ომების“ გეგმის არსებობის დროს გაჩნდა.
შარშან რუსები მოითხოვდნენ, რომ სტრატეგიული თავდასხმითი შეიარაღების ახალი შეთანხმების (START) პრეამბულაში დაფიქსირებულიყო ფრაზა, რომელიც აღიარებს „კავშირის არსებობას სტრატეგიულ თავდასხმით შეიარაღებასა და სტრატეგიულ თავდაცვით შეიარაღებას შორის“.
რა თქმა უნდა, ამ პრეამბულას არანაირი იურიდიული მნიშვნელობა არ აქვს ანტისარაკეტო სისტემის განთავსებასთან დაკავშირებული აშშ–ს გეგმებისთვის, როგორც ეს ხელშეკრულებაზე თანდართულ ცალმხრივ განცხადებაში მკაფიოდ აღნიშნეს მოლაპარაკებებში ჩართულმა ამერიკელებმა. თუმცა, ამის მიუხედავად, რესპუბლიკელებმა მოითხოვეს, რომ ეს პირდაპირ თქმულიყო ხელშეკრულების რატიფიკაციასთან დაკავშირებულ სენატის რეზოლუციაში.
გასულ კვირაში, რუსეთის სახელმწიფო დუმამ, რატიფიკაციის პროცესში, ამ რეზოლუციას საკუთარი განმარტება დაურთო, რომელიც მოსკოვს შეთანხმების დატოვებისკენ მოუწოდებს, თუკი აშშ ცალმხრივ რეჟიმში განათავსებს ანტისარაკეტო სისტემის ელემენტებს, რომელიც რუსეთის ნაციონალურ უსაფრთხოებას ემუქრება. ამ განცხადებას, ისევე როგორც პრეამბულას და სენატის შენიშნვას, არანაირი იურიდიული ძალა არ აქვს.
მნიშვნელობა კი ისეთ სიტუაციას ექნება, თუკი მოსკოვი და ვაშინგტონი ანტისარაკეტო თავდაცვის სფეროში რამდენიმე პროექტზე, რომელიც ახლა რეალიზაციის პროცესშია, ერთად მუშაობას შეძლებს.
ნატო–რუსეთის ნოემბრის საბჭომდე ლისაბონში, რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა ნატოსთან ანტისარაკეტო სისტემაზე შეთანხმებისთვის სამი პირობა დაასახელა: რუსეთი სრულფასოვანი პარტნიორი უნდა იყოს, მხარეები გაცვლიან მონაცემებს წინასწარ შეტყობინებებზე (კერძოდ, მიღებულს სადაზვერვო აღჭურვილობით) და თავდაცვის განხორციელებისთვის უნდა განისაზღვროს პასუხისმგებლობის ზონები.
გეტემიულერმა წინადადებებს „გულწრფელი, მაგრამ არასერიოზული“ უწოდა, ამერიკელმა სამხედრო სტრატეგებმა განაცხადეს, რომ ეს არ იმუშავებს, ნაწილობრივ იმიტომ, რომ რუსებს არ აქვთ რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვა არც საკუთარი თავის და არც ნატოს სხვა წევრი ქვეყნების დასაცავად – არ აქვთ და არც ექნებათ 2015–2020 წლებისთვის.
მიუხედავად ამისა, ნატოს და ნატო–რუსეთის საბჭოს სამუშაო ჯგუფები სწავლობენ იმას, თუ როგორია საფრთხეები, ასევე წინასწარი აღმოჩენის მონაცემთა და პოტენციურად ერთობლივად გამოყენებადი (მათ შორის რუსეთში არსებული) რადარებიდან მიღებული ინფორმაციის გაცვლის პერსპექტივები, განაცხადა გეტემიულერმა.
„საქმიანობის ტემპი ძალიან, ძალიან მაღალია“, – თქვა მან, „და მე ვფიქრობ, რომ მოსკოვსაც და ვაშინგტონსაც, ისევე როგორც ჩვენს ნატოელ პარტნიორებს სერიოზულად აქვთ გადაწყვეტილი საქმის გაყინული წერტილიდან დაძვრა და საფრთხეების ერთობლივი შეფასების პროცესის დასრულება, შემდეგ კი პროგრესის მიღწევა ერთობლივი კონცეფციების შექმნის გზაზე და იმის რეალურად გაგება, თუ როგორ იმუშავებს ერთად მოზაიკის ყველა ეს ნაწილი საბოლოო ჯამში “.
გასულ კვირაში, საერთაშორისო ურთიერთობების მიმოხილვისადმი მიძღვნილ თავის ყოველწლიურ პრესკონფერენციაზე, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი დაეთანხმა იმას, რომ მისი ქვეყნის მხრიდან ევროპასთან ერთობლივი ანტისარაკეტო ფარის შექმნა, დასავლეთთან ურთიერთობების გაუმჯობესებისთვის გადამწყვეტია. „მე დარწმუნებული ვარ, რომ ერთობლივი ანტისარაკეტო სისტემის შექმნა საერთო უსაფრთხოებაზე გაკეთებული განცხადებების გულწრფელობის რეალური და გაცილებით მნიშვნელოვანი ტესტია“, – თქვა მან.
თანამშრომლობაზე ამ ახალ საუბრებთან ერთად, რუსებს არც მუქარა ავიწყდებათ, რომ თუკი მათ, როგორც თანაბარ პარტნიორს ისე არ მოეპყრობიან, ისინი შეთანხმების პროცესს დატოვებენ. მედვედევმა ნატო–რუსეთის საბჭოზე განაცხადა: „ჩვენ ან სრულად ვთანამშრომლობთ, ვცვლით ინფორმაციას, პასუხისმგებლობას ვიღებთ გარკვეული პრობლემების მოგვარებაზე, ან საერთოდ არ ვმონაწილეობთ“.
და ხაზგასმით აღნიშნა: „მაგრამ თუკი ჩვენ არ ვმონაწილეობთ, ძალიან ცხადი მიზეზების გამო, ჩვენ მოგვიწევს საკუთარი თავის დაცვა“.
ლავროვმა გასაგებად მიანიშნა იმაზეც, რომ START-ის შემდეგ სენატის მომდევნო ამოცანა – წლის განმავლობაში მოლაპარკებების დაწყება ისეთ საკითხზე, როგორიცაა რუსეთის მნიშვნელოვანი უპირატესობა ტაქტიკური ბირთვული შეიარაღების სფეროში – შეიძლება ვერ იქნას მიღწეული.
მან მოსკოვის ტრადიციული პოზიცია წარმოადგინა, რომელიც იმაში მდგომარეობს, რომ მთელი ამერიკული სტრატეგიული შეიარაღება (ევროპის ხუთ ქვეყანაში განთავსებული დაახლოებით 200 რაკეტა) აშშ–ში უნდა დაბრუნდეს და მხოლოდ ასეთი პირობით შეიძლება რაიმე ტიპის მოლაპარაკებების წარმართვა ტაქტიკური ბირთვული იარაღის რამდენიმე ათას რუსულ ერთეულზე, საარტილერიო ჭურვებზე, ბომბებსა და ჰაერსაწინააღმდეგო შეიარაღებაზე.
ლავროვმა ივარაუდა, რომ მოლაპარაკებები ტაქტკურ ბირთვულ შეიარაღებაზე მალე არ დაიწყება. „ვიდრე ბირთვული შეიარაღების სფეროში მომდევნო ნაბიჯებზე დავიწყებდეთ საუბარს, აუცილებელია ახალი START–ის შესრულება“. თუკი ის გულისხმობდა იმას, რომ ორივე ქვეყანამ საკუთარი სტრატეგიული ბირთვული ქობინების რაოდენობა თითოეულმა დღევანდელი 2 200 ერთეულიდან 1 550 ერთეულამდე უნდა შეამციროს, ამას ყველაზე ცოტა ხუთი წელი მაინც დასჭირდება.
„და შემდეგ ცხადი გაგხდება, თუ რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას გლობალური უსაფრთხოების გაძლიერებისა და სტრატეგიული სტაბილურობის განმტკიცების მიზნით“, – განაცხადა ლავროვმა.
გეტემიულერი დაეთანხმა იმას, რომ ტაქტიკური იარაღის, როგორც ბირთვულ შეიარაღებაზე კონტროლის შემდგომი სტადიის საკითხი, რთული იქნება, „რადგან ჩვენ საქმე გვექნება უფრო მცირე ობიექტებთან, რომელიც გაცილებით რთულად ექვემდებარება მონიტორინგს და რომლის განადგურების გაკონტროლებაც გაცილებით რთულია“.
მაგრამ მან აღნიშნა, რომ ამ თემაზე დისკუსია მიმდინარეობს როგორც ორივე ქვეყნის მთავრობაში, ასევე მათ მიღმაც. მან მაგალითად ერთ–ერთი გაზეთი მოიყვანა, რომელმაც გამოაქვეყნა სცენარის ისეთი ვარიანტი, რომელშიც მთელი ბირთვული იარაღი განხილულ უნდა იქნას როგორც ერთი მთლიანი და მასში რუსეთის უპირატესობა ტაქტიკურ (არასტრატეგიულ) ბირთვულ შეიარაღებაში შეიძლება კომპენსირებულ იქნას აშშ–ს ანალოგიური უპირატესობით შენახული (და არა განთავსებული) შორ მანძილზე მოქმედი შეიარაღების ერთეულებით.
ლავროვი, კიდევ ერთ რთულ საკითხს შეეხო. მან განაცხადა, რომ სხვა ქვეყნებმა, რომლებსაც ბირთვული იარაღი აქვთ, მომავალ მოლაპარაკებებში მონაწილობა უნდა მიიღონ, ეს მოლაპარაკებები კი უნდა ეხებოდეს როგორც კოსმოსურ შეიარაღებას, ასევე სტრატეგიულ რაკეტებს ჩვეულებრივი ასაფეთქებელი ნივთიერებებით, და სხვა ტიპის შეიარაღებას.
გეტემიულერმა ასევე განაცხადა, რომ ხუთი წამყვანი ბირთვული სახელმწიფოს (აშშ, რუსეთი, ჩინეთი, საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი) თათბირი ლონდონში უკვე გაიმართა, სადაც განიხილებოდა შეთანხმებების შესრულებაზე კონტროლისა და თანამშრომლობის გამჭვირვალობის საკითხები. მისი თქმით, მეორე მსგავსი შეხვედრა პარიზში იგეგმება და ის უახლოეს რამდენიმე თვეში ჩატარდება.
გეტემულერმა დასკვნის სახით განაცხადა: „ეს ძალიან შესამჩნევი არ არის, მაგრამ სინამდვილეში რუსეთთან ჩვენი ურთიერთობები ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში სერიოზულად განმტკიცდა“.
შეიარაღებაზე კონტროლის საკითხების გარდა, მან ახსენა ასევე შეთანხმება, რომელსაც ზოგადად იშვიათად ახსენებენ. ეს არის მშვიდობიანი ატომის სფეროში თანამშრომლობა და ავღანეთში აშშ–ს და კოალიციის არმიისთვის რუსეთის ტერიტორიის გავლით ამერიკული ტვირთის ტრანზიტზე შეთანხმება. ლავროვმა განაცხადა, რომ აშშ–ს და რუსეთს შორის ურთიერთობების გაუმჯობესება „განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია საერთშორისო სიტუაციის გაჯანსაღების თვალსაზრისით“.
ვნახოთ, ეს რამდენ ხანს გაგრძელდება.
foreingpress.ge