რამდენიმე დღის წინ, კახელმა გლეხებმა ატმის გაჩეხვა დაიწყეს და, როგორც თავად აცხადებენ, ატმის მაგივრად სიმინდი უნდა მოიყვანონ... არცთუ შორეულ წარსულში, ატმის პლანტაციები ვენახის ზვრებს ეკავა. ვაზის გაჩეხვა კი, ავბედით 2007 წელს დაიწყო _ სოფლის მეურნეობის იმჟამინდელი მინისტრის, პეტრე ცისკარიშვილის განცხადება კახეთში ყველა გლეხს ახსოვს.
„ჩივილის მაგივრად გლეხებს ურჩევნიათ, ყურძენი ჩაწურონ, გადაყრას რას გამორჩებიან? იმათ კი, ვისაც მიტინგები და დემონსტრაციები სურთ, გამართონ და თუ სკანდალის მოწყობას შეეცდებიან, ამას არავის ვურჩევ, რადგან ყველა ასეთი ადამიანი გაიშიფრება და დაისჯება“, _ ეს მუქარაშემცველი გზავნილი მაშინ რთველის დაწყებამდე გააკეთა “ნაცმოძრაობის” საპარლამენტო ლიდერმა.
მუქარა ასრულდა...
ავთო ყალაბეგაშვილის ვენახის გაჩეხვას თითქმის ყველა ჟურნალისტი დაესწრო, თუმცა სიუჟეტი მხოლოდ “იმედის” ეთერში გავიდა... “ნაცმოძრაობამ” “რუსთავი 2”-ით ახალი თემა ააგორა, ვენახი დაკვეთით გაუჩეხავთო...
ამბობენ, რომ “ტელეიმედის” მეპატრონე, ოლიგარქ ბადრი პატარკაციშვილს “ნაცებმა” სწორედ ეს სიუჟეტი არ აპატიესო... ინგა გრიგოლიას თოქ-შოუში კახელი გლეხის, ავთო ყალაბეგაშვილის ცრემლების არ იწამეს მაშინდელმა ხელისუფლების მესაჭეებმა... დღეს როლები შეცვლილია და... “ნაციონალებს” გლეხის მაჯის ცემის ხმა რატომღაც ახლა ესმით... ახლა დასდევენ თითო ძირ გაჩეხილ ატამს!
გადაშენებული ვაზის ისტორია კი არ ახსოვთ...
გურჯაანში, “ნაცმოძრაობის” ყოველ ახალ ბრიფინგზე, კახელებს შეკითხვები უჩნდებათ:
პოლიტიკური ამნეზია დაემართა “ნაცმოძრაობას” თუ რა სჭირს?
დიდი ხანია, მშვიდობიანი მომიტინგეები არ დაურბევიათ ველისციხეში?
რა, დაავიწყდათ, როგორ გვექცეოდნენ, როცა ვიხვეწებოდით, ყურძენს ნუ გაგვაჩეხინებთ, გროშები მაინც მოგვეცით, შეწამვლის ხარჯი რომ ამოვიღოთო? აი, შედეგი: მაგათ თავის დროზე რომ მოექციათ ჩვენთვის ყურადღება, დღეს ატმის ნაცვლად, ყურძენი გვექნებოდა!
დღეს რომ ამბობენ, ატამი 10 თეთრი ღირსო, მაშინ თვითონ რას გვეუბნებოდნენ, შტაბები და უბედურებები რომ გახსნეს ვითომ ჩვენს დასახმარებლად, ყურძენს უკან გვატანდნენ, შეწამვლა დაგიკლია და დამპალია, თუ გინდა, რქაწითელში 8 თეთრს მოგცემო, ესეც დაავიწყდათ?
ატამი მალე ლპება და იმიტომ ეცემა ფასიც... მაგათგან ისე დავიწყევლეთ, რომ ახლა ატამიც უნდა გადავაშენოთ და სიმინდი ვცადოთ... რომ არა მათი გულგრილობა, კახეთში ვენახს არავინ გაჩეხდა და ატამსაც არავინ ჩაყრიდა დალოცვილ მიწაში.
ბოლო დროს უმცირესობის წარმომადგენლები საკუთრ მკაცრ პოზიციას ვერ ფარავენ სოციალურ ქსელში და კახელი გლეხის ცოდვით “ტირიან”... არადა, “ნაციონალების” ეს “სინანული” ღიმილისმომგვრელია...
ისე, ველისციხეში ახალი წყევლა “გაჩნდა”: ის ამოიძირკვოს ვენახივით, ვინც ატამი ჩაგვაყრევინაო...