„თუ მთავრობა არასწორ გამოსახლებებს მიმართავს, მოქალაქეების გვერდით მნახავთ“

„თუ მთავრობა არასწორ გამოსახლებებს მიმართავს, მოქალაქეების გვერდით მნახავთ“

პარლამენტში „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ კანონპროექტის განხილვის პროცედურა სექტემბრამდე შეჩერდა, რომლის გათვალისწინებითაც, იპოთეკით და სასესხო ვალდებულებებით დატვირთულ უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ სააღსრულებო საქმეებზე, აღსრულების პროცესი ექვი თვით - 1-ელ თებერვლამდე ჩერდებოდა.

პარლამენტის თავჯდომარის, დავით უსუფაშვილის მტკიცებით, საკითხზე მთავრობასა და საკანონმდებლო ორგანოს შორის კონსულტაციები გრძელდება და საკითხის შეჯერებას დრო სჭირდება, რის გამოც, უწყება ცვლილებებს საშემოდგომო სესიაზე მიუბრუნდება.

საკანონმდებლო ორგანომ გედევან ფოფხაძის მიერ მომზადებული ინიციატივა პირველი მოსმენით გასულ კვირას მიიღო, თუმცა მთავრობისა და საბანკო სექტორის კრიტიკული პოზიციის გამო, განხილვის პროცესი შეჩერდა.

თუ ვის მიერ „დაიბლოკა“ ინიციატივა და მოხდება თუ არა კანონპროექტში შესწორებების შეტანა, ამის გარკვევას for.ge ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯომარის მოადგილე გედევან ფოფხაძესთან შეეცადა.

რატომ გადაიწია პროექტის განხილვის პროცედურამ საშემოდგომო სესიამდე?

- თუ მთვრობა და საბანკო სექტორი, ამ მორატორიუმის პროცესში საფრთხეებს ხედავს, ფორსირება ყველა იმ საკითხზე უნდა მოვახდინოთ, რაც მორატორიუმის პირობებში უნდა გაგვეხორციელებინა. კერძოდ, ბაზა მოვამზადოთ და ამ პრობლემის არსი გავიგოთ. იპოთეკით დატვირთულ სახლებთან დაკავშირებით, სხვადასხვა ციფრები სახელდება, რაც ურთიერთგამომრიცხავია და ეს სერიოზულ პრობლემას ქმნის. თუ სტატისტიკა არ გვექნება - ეს ცვლილებები თუ რა რაოდენობის ხალხს შეეხება, პრობლემა ვერ გადაწყდება. ამ პრობლემის კატეგორიებად დაყოფა მოხდება. იმედი მაქვს, აღმასრულებელი ხელისუფლება თავისი შესაძლებლობების ფარგლებში, რაც მას აღსრულების პროცესში აქვს, მაქსიმალურს გააკეთებს, რომ ადამიანების გამოსახლების პროცესი შეჩერდეს.

სექტემბრისთვის მონაცემთა ბაზისა და სტატისტიკის მომზადება მოესწრება?

- ეს სტატასტიკა თუ სექტემბრამდე არ იქნება, შესაძლოა, საკითხი დაისვას, რომ დღის წესრიგში გამოსახლების პროცესის შეჩერება ოფიციალურად დადგეს. თუ ადამიანს საკუთარი სახლებიდან არ გამოასახლებენ და პრობლემაში გარკვევის საშუალება მოგვეცემა, ეს კარგია. ამ საკითხის სრულფასოვანი შესწვალის პროცესში გადაწყდება, ფინანსთა სამინისტრო ვის საქმეს გადახედავს, ვისას დააკმაყოფილებს და ვისი საკითხი დარჩება ცაში გამოკერებული. არცერთ ეტაპზე არ არსებობდა სრული გარანტი, რომ ყველა ადამიანის პრობლემა გადაიჭრებოდა. სწორედ ამიტომ, ცალკეული ქეისების შესწავლა გვინდოდა.

მონაცემთა ბაზის შექმნაზე საუბრობთ. ეს წინადადება ზოგადი სურათის გარეშე მოამზადეთ?

- ამ ინიციატივის მიზანი იყო, რომ ოჯახები ქუჩაში არ დარჩენილიყვნენ და იმ ადამიანთა რიცხვი არ გაზრდილიყო, რომელთაც სახლები დაკარგეს. ექვსთვიანი მორატორიუმი იმის საშუალებას მოგვცემდა, რომ პრობლემის გაანალიზება მომხდარიყო და რისკები გათვლილიყო. ამ პრობლემას მეორე მხარის სახით - იპოთეკარები ჰყავს, რომლებიც თავის ინტერესებს იცავენ. საკანონმდებლო ორგანოს მიერ 2007 წელს მიღებული კანონი მათ საკუთარ თავზე მოირგეს და ბინის წართმევის ფორმულაც შეადგინეს. ნათელია, რომ ამ პროცესის მონაწილე მეორე მხარე გულზე ხელდაკრეფილი არ იქნება და თავისი თავის დაზარალებულად წარმოჩენას ეცდება. მათ შორის არსებულ დავას სასამართლო უნდა არკვევდეს, მაგრამ ქვეყანაში ისეთი პოლიტიკური რეალობა შეიქმნა, რომ სასამართლოს ბერკეტი არ ჰქონდა პროცენტის გონივრულ ზღვარზე ემსჯელა, ან სხვა ხერხი გამოეყენებინა. ამ პრობლემის მოგვარება მშვიდ ატმოსფეროში გვინდოდა და იმ სურათის დადება გვინდოდა - ამ მხრივ, თუ რა ვითარებაა ქვეყანაში.

„ქართული ოცნების“ ერთ-ერთი წინასაარჩევნო დაპირება იყო, რომ ამ კატეგორიის ადამიანთა პრობლემებს მოაგვარებდით და მთავრობა დაბალ პროცენტიან სესხებს გასცემდა. ამ საკითხს როცა ამზადებდით, კონსულტაციები მთავრობასთან გაიარეთ?

- მთავრობასთან კონსულტაციები მიდიოდა და არჩევნები დამთავრდა თუ არა, ამ საკითხზე მუშაობა დაიწყო. ამ საკითხზე მსჯელობა ხშირად იყო, თუმცა თემის გარშემო განსხვავებული პოზიციები ყოველთვის იკვეთება, რადგან საბანკო სექტორი ამ პროცესის ფატალურ შედეგებზე საუბრობს. ისინი აცხადებენ, რომ ამ პრობლემის მოგვარება ძალიან დიდ თანხებთან არის დაკავშირებული, ან მისი გადაწყვეტა საერთოდაც შეუძლებელია. ამ შეფასებებმა საპარლამენტო კორპუსი იმ განწყობამდე მიიყვანა, რომ საკითხი რადიკალურად დავაყენეთ - მხოლოდ ფინანსურ საკითხებზე არ გვესაუბრა, რადგან ამ პრობლემას მორალური მხარეც აქვს.

პარლამენტმა ერთობლივი ნება დააფიქსირა და კანონპროექტი პირველი მოსმენით იქნა მიღებული. ვფიქრობ, რომ მორალური მხარე საკმარისი არგუმენტი იქნება მაშინაც, როცა ამ საკითხზე მსჯელობა განახლდება.

თუმცა, პარლამენტის ნების წინააღდეგ პრემიერ-მინისტრი წავიდა, რომელმაც საკითხის პირველი მოსმენით მიღების გამო, უწყება გააკრიტიკა და ის უპასუხისმგებლობაში დაადანაშაულა. პირდაპირ გკითხავთ, ბიძინა ივანიშვილმა ეს ინიციატივადაბლოკა“?

- ასეთ ფორმულირებებს უნდა მოვერიდოთ. ეს ფორმულირება იმ ადამიანებს აწყობთ, რომელთაც სურდათ, რომ პარლამენტში ბომბი ყოფილიყო. ეს ფორმულირება მთავრობასა და პარლამენტს შორის კონსესუსს გამორიცხავს. მთავრობის გარეშე კი, ამ საკითხს ვერ გადავწყვეტთ.

თქვენ პრემიერზე საუბარს ერიდებით, თუმცა, ივანიშვილმა მოგიწოდათ, რომ ცვლილებების განხილვის პროცესი შეგეჩერებინათ. გარკვეულწილად, არის თუ არა ეს პარლამენტის კომპეტენციაში შეჭრის მცდელობა?

- მორატორიუმის გამოცხადებით, პრობლემა რომ წყდებოდეს, მაშინ ინიციატივას ბოლომდე გავიტანდით, მაგრამ თუ მთავრობასთან წინააღმდეგობაში შევალთ, ამ ხალხის პრობლემა არასოდეს გადაწყდება. ჩვენი მიზანი კი, ამ ხალხის ინტერესების დაცვაა და არა ის, ვინ ვის რას ეტყვის და ამით დარჩება შეურაცხყოფილი. ვინც ამ გაჭივრებული ხალხის საქმეს პოლიტიკური დივიდენდებისთვის გამოიყენებს, ის იქნება იმ მევახშეების მსგავსი, რომლებიც ამ ხალხისთვის სახლის წართმევას ცდილობს.

ფაქტიურად, ეს ხალხი ყველაფერს კარგავს და იმის ფუფუნება არ გვაქვს, რომ რაღაცა არ დავთმოთ. თუ ხელისუფლება არსაწორ გამოსახელებებს მიმართავს და ამ პროცესს არ დაარეგულირებს, მოქალაქეების გვერდით მნახავთ. ამ შემთხვევაში, ამ ადამიანების დაცვა სხვანაირად მოგვიწევს.

სხვანაირადმათი დაცვის რა ბერკეტი გაქვთ?

- ამ ადამიანებს სამოქალაქო უფლებით დავიცვათ. ანუ, სახალხო დემოკრატიის პრინციპებით.

თუ სექტემბერში ეს საკითხი დღის წესრიგში ისევ არ დადგება, როგორც ცვლილებების ავტორი, რა ხერხს მიმართავთ? უმრავლესობის დეპუტატობაზე უარს ხომ არ იტყვით?

- თარიღებით არ უნდა ვისაუბროთ, რადგან შეიძლება ერთი თვის შემდეგ, ხვრელი გაჩნდეს და დედამიწა ორბიტიდან მოწყდეს. მოთმინებით უნდა ვიყოთ. იმის გამო, რომ ეს წინადადება ახლა არ გავიდა, არ ვაპირებ მთავრობასთან კონფლიქტში შევიდე, გავიბუტო და ამ კუთხით საქმიანობა არ გავაგრძელო. ვიღაცა ამ პროცესს გაიგებს, ვიღაცა კი - ვერა. ვინც ამ თემებს გაიგებს, ის ბოლომდე ჩვენთან იმუშავებს, ხოლო ვინც ვერ გაიგებს, საბოლოოდ რაღაცა შედეგს ისიც მიიღებს.