"პრეზიდენტ სააკაშვილის განცხადებით, პუტინის დღეები დათვლილია, საქართველომ უნდა გააგრძელოს ევროატლანტიკური გზა და ყველა მეზობელთან იქონიოს კეთილმეზობლური ურთიერთობები, მათ შორის, რუსეთთანაც. "ალია" ყოფილ პარლამენტარს, პეტრე მამრაძეს ესაუბრა", - წერს გაზეთი "ალია" სტატიაში სათაურით "დათვლილია თუ არა რუსეთში პუტინის დღეები?".
"რუსეთში მართლაც ურთულესი სიტუაცია შეიქმნა. მმართველი რეჟიმი და პირადად პუტინი პოლიტიკურ ოპოზიციას უპრობლემოდ გაუმკლავდა. ოპოზიცია როგორც ასეთი, დღევანდელ რუსეთში არ არსებობს, მაგრამ პუტინი ვერ გაუმკლავდა იმ გამოწვევებს, რაც სახელმწიფოსა და ერის წინაშე დგას. ქვეყანაში ურთულესი დემოგრაფიული, სოციალური, ეკონომიკური მდგომარეობაა, იმის მიუხედავად, რომ ეს არის მსოფლიოში ერთ-ერთი უმდიდრესი ქვეყანა, თან არამარტო ნავთობით და გაზით. ეს სიმდიდრე ახლა ძალიან ინტენსიურად გააქვთ, მომავალი თაობის ხარჯზე. მოდერნიზაცია და რეფორმები ვერ განხორციელდა. ამხელა ქვეყანა იმის წყალობით არსებობს, რომ თავისი წიაღისეულით, შვილებისა და შვილიშვილების ქონებით ვაჭრობს", - აცხადებს პეტრე მამრაძე.
"ქვეყნის დემოგრაფიული მდგომარეობა კატასტროფულია, ისევე როგორც ჯანდაცვისა და ა.შ. ამიტომ, ყველა რუსი ექსპერტი, რომელიც სტატისტიკურ მონაცემებს ეყრდნობა, აცხადებს, რომ ასეთი ვითარება დიდხანს ვერ გასტანს და რუსეთში მოსალოდნელია ამა თუ იმ ტიპის კოლაფსი. ეს იმიტომ, რომ ოპოზიცია, როგორც კლასი, გამქრალია. ასეთი ტიპის ქვეყნებში ყოველთვის ხდება დესტაბილიზაცია და ის გარკვეული პერიოდი მიმდინარეობს. ეგვიპტე ერთ-ერთი ბოლო კლასიკური მაგალითია. იქ ისე მოხდა კრიზისი და დესტაბილიზაცია, რომ პრაქტიკულად, არავითარი პოლიტიკური ოპოზიცია არ არსებობდა. მოჰამედ ელ-ბარადეი ჩამოიყვანეს, რადგან ერთადერთი ცნობილი ეგვიპტელი მეცნიერი იყო", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას პეტრე მამრაძე.
"არ შეიძლება იმის თქმა, რომ ეს კოლაფსი ერთ-ორ-სამ წელიწადში მოხდება. ნამდვილი მოდერნიზაციის გარეშე რუსეთის დღევანდელი პოლიტიკური სისტემა დიდხანს ვერ გასტანს. შესაბამისად, ცვლილებები მოსალოდნელია, რაც შეიძლება შეეხოს ქვეყნის მმართველობის სათავეში მყოფ ადამიანებსაც. მაგრამ დროის ამოცნობა შეუძლებელია, ეს იქნება 3-5 თუ ათი წელიწადი. იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთს მაინც ვეებერთელა რესურსები აქვს", - ამბობს რესპონდენტი.
"რაღაც გათვლას, რომ რუსეთში მალე ხელმძღვანელობა შეიცვლება და დავიცადოთ, არასერიოზულსაც ვერ ვუწოდებ, ეს ეროვნული ინტერესების კიდევ ერთი ღალატია. ჩვენი ამერიკელი, დასავლეთ ევროპელი პარტნიორები ამ წლების განმავლობაში ერთადერთს გვთხოვენ, მოაგვარეთ ურთიერთობა ისეთ რუსეთთან, როგორიც არის; მოძებნეთ საერთო ენა, აღადგინეთ კეთილმეზობლური ურთიერთობა. აგერ, ცოტა ხნის წინ ნატოს გენმდივანი, რასმუსენი იყო ჩამოსული. მან საგანგებოდ აღნიშნა, რომ საქართველოს ახალი ხელისუფლების ყველაზე დიდი მიღწევა ნატოსთან და დასავლეთთან ინტეგრაციის გზაზე ის ნაბიჯებია, რაც რუსეთთან ურთიერთობის მოგვარებისთვის გადაიდგა", - განაგრძობს პეტრე მამრაძე.
"სააკაშვილი თავის ჭკუაში იმიჯს იქმნის, რომ ის არის ნამდვილი დემოკრატი და თავისუფლებისთვის მებრძოლი; რომ, სამწუხაროდ, დასავლეთში ბევრს არ ესმის, რას წარმოადგენს პუტინის რუსეთი და ხიფათი, რაც მისგან მოდის; რომ სააკაშვილი ერთგვარი ორაკულია და ყველას, კონდოლიზა რაისს, ბუსს წინასწარ აფრთხილებდა რუსეთის მოსალოდნელ ვერაგობაზე. თითქოს ამერიკელებმა თვითონ არ იცოდნენ, რაც არის და როგორიც არის რუსეთი. სააკაშვილი დღესაც აგრძელებს, რომ ყველაფერში მართალი იყო და ასეთ ბოროტ ძალასთან ბრძოლა მოუწია. თითქოს თვითონვე არ ყოფილიყო ბოოომდე მანიპულირებული კლიენტი კრემლის რეჟიმისა", - დასძენს რესპონდენტი.