კერძო სამხედრო ორგანიზაცია „ვაგნერის ჯგუფის“ დამფუძნებლის, ევგენი პრიგოჟინის დედამ ევროპის საერთო იურისდიქციის სასამართლოში (EGC) მის წინააღმდეგ დაწესებული ევროკავშირის სანქციების გაუქმების შესახებ სარჩელი მოიგო.
როგორც საინფორმაციო სააგენტო Reuters-ი იუწყება, სასამართლომ დაადგინა, რომ არ არსებობს მტკიცებულება იმისა, რომ იგი პასუხისმგებელია თავისი შვილის ქმედებებზე.
Reuters-ი აღნიშნავს, რომ ვიოლეტა პრიგოჟინას სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილება იშვიათი მაგალითია იმისა, რომ ფიზიკურმა პირმა წარმატებით გააპროტესტა უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციები.
სასამართლომ აღნიშნა, რომ ევროკავშირმა ვერ წარმოადგინა ევგენი პრიგოჟინის ქმედებებში დედამისის როლის მტკიცებულება და მისი შავ სიაში შეყვანა მხოლოდ ოჯახურ ურთიერთობას ეფუძნება.
ევროკავშირის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება ეხება მხოლოდ გასული წლის 23 თებერვლის სანქციების ჩამონათვალს, ხოლო 14 სექტემბრის გადაწყვეტილება განახლების შესახებ კვლავ ძალაშია.
ევროკავშირის წარმომადგენლის თქმით, ევროკავშირი აანალიზებს გადაწყვეტილებას და მის შედეგებს. ახლა ევროკავშირის ვარიანტებია პრიგოჟინას სიიდან ამოღება, გადაწყვეტილების გასაჩივრება ან მეტი მტკიცებულების წარდგენა.