კობა დავითაშვილმა "ქართული ოცნებიდან" წასვლის ერთ-ერთ მიზეზად დაასახელა სასამართლოს მიერ ბაჩო ახალაიას ნაწილობრივად გამართლების შესახებ კოალიციის წარმომადგენელთა განცხადებები, სადაც ისინი სასამართლოს დამოუკიდებლობასა და თავისუფლებაზე ლაპარაკობდნენ. ერთ-ერთი ამგვარი განცხადების ავტორია რესპუბლიკელი ლევან ბერძენიშვილიც:
- მე ვთქვი - ამ გადაწყვეტილებამ აჩვენა, რომ სასამართლო პროკურატურისგან დამოუკიდებელია-მეთქი. არ მითქვამს, რომ ეს სამართლიანობის ზეიმი იყო, ამიტომ მეეჭვება, პრეტენზიები კობას მაინცდამაინც ჩემთან ჰქონოდა. თანაც მან ეს დაასახელა, როგორც ერთ-ერთი მიზეზი, რომელმაც ბოლო წვეთის როლი ითამაშა. კობა ძალიან ზეაქტიური კაცია, დაწერა უამრავი კანონპროექტი, ლამის ყველა სესიაზე ახალი პროექტი გამოჰქონდა, რომლის დიდ ნაწილს უმრავლესობამ მხარი არ დაუჭირა. ბუნებრივია, რომ ამით უკმაყოფილო იყო, თუმცა მისი წასვლის უმთავრესი მიზეზი არის ის, რაც მეტაფორულად თქვა პარლამენტის თავმჯდომარემ, როდესაც მას "მოხეტიალე ფორვარდი" უწოდა. დავითაშვილი არ არის შემჩნეული გუნდურ თამაშში, ის ინდივიდუალისტია. ვუსურვებ წარმატებას, ოღონდ ამ წარმატებას არ ვუსურვებ საპრეზიდენტო არჩევნებში. არ მიმაჩნია, რომ კობა დავითაშვილი უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი და არც მგონია, რომ მას ამის რაიმე შანსი ჰქონდეს.
- უკვე ბევრი წინასწარმეტყველებს კოალიციის დაშლას, მით უფრო იმ შემთხვევაში, თუ ბიძინა ივანიშვილი მართლაც წავიდა ხელისუფლებიდან.
- რაღაც არ გამიგია, ბიძინა ივანიშვილი მთვარეზე მიდიოდეს, ის აპირებს თანამდებობიდან წასვლას და არა პოლიტიკიდან, ისიც ზუსტად არ ვიცით, როდის. რომც წავიდეს, მერწმუნეთ, ის არ გაწყვეტს კავშირს არც კოალიციასთან და არც თავის პარტიასთან. დღეს კოალიცია მუშაობს ჩვეულ რეჟიმში, არანაირი დიდი დაპირისპირებები არ არის, რა თქმა უნდა, არის წვრილმანი უთანხმოებები ადამიანებსა თუ იდეებს შორის, რაც უბედურება ნამდვილად არ არის. კოალიციის დაშლაზე ლაპარაკობენ ის ადამიანები, რომლებიც დღეს პარლამენტში წარმოდგენილი არ არიან. მათ სურთ, რომ მალე მიეცეთ ამის საშუალება, ამიტომაც ლაპარაკობენ კოალიციის დაშლასა და ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებზე, ეს მათი ოცნებებია, რასაც ვერავის დავუშლით, დაე, იოცნებონ!
- ამ რამდენიმე დღის წინ დავით უსუფაშვილმა ბრძანა: - ყველას ვთხოვ, იმის ნახევარი აიტანოს, რასაც რესპუბლიკელები ვიტანთო. მაინც რას იტანთ, ბატონო ლევან?
- გაიკითხეთ, უყურეთ ტელევიზიას, შეხედეთ ინტერნეტს და ნახავთ, რომ რესპუბლიკელები არიან ყველას აგენტები - ამერიკიდან დაწყებული, რუსეთით დამთავრებული. ფრიად ფართო სპექტრია, ერთი ინდოჩინეთის აგენტობა არ დაუბრალებიათ თუმცა ჯერ ყველაფერი წინაა. ერთადერთი, რაც ნაკლებად მსმენია რესპუბლიკელებზე, ჩვენი მექრთამეობაა, არც გაუპატიურებაში ვართ შემჩნეული ზოგიერთივით. "რესპუბლიკური პარტია" არის 35-წლიანი ისტორიის ერთადერთი მოწესრიგებული პოლიტიკური ძალა, ჰოდა, ეს ბევრს თვალში არ მოსდის. თანაც ჩვენ ინტელექტუალთა პარტიად ვითვლებით და ესეც ბევრს აღიზიანებს, მაგალითად, ზოგ ინტელექტუალს უჩენს შურს, ზოგს კიდევ საკუთარი დაბალი ინტელექტის გადაფარვა სურს ჩვენი ლანძღვით.
- იმათ შორის, ვისაც თქვენი ინტელექტუალობა აღიზიანებს, თქვენი საპრეზიდენტო კანდიდატი გიორგი მარგველაშვილიც ხომ არ არის? რესპუბლიკელმა დავით ზურაბიშვილმა განათლების მინისტრის მოადგილეობიდან გათავისუფლების შემდეგ თქვა, რომ ეს გადაწყვეტილება მარგველაშვილთან თანხმობით მიიღეს.
- ყოფილი მინისტრისა და მისი მოადგილის დამოკიდებულება არაფერ შუაშია პარტიისა და მარგველაშვილის ურთიერთობასთან.დათო ზურაბიშვილმა შეიძლება თქვა რაღაც და ვიღაც სხვაც ფიქრობს, რომ ეს დარტყმაა "რესპუბლიკურ პარტიაზე", მაგრამ თვითონ პარტიაში არ მიაჩნიათ ასე. ჩვენ ნაწყენებიც ვართ და გაოგნებულებიც, რაც მოხდა დათო ზურაბიშვილთან დაკავშირებით. ახალმა მინისტრმა მიანიშნა, რომ
თურმე დათოს პროფესიონალიზმთან ჰქონდა პრეტენზია, რასაც არ ვიღებთ, მით უფრო იმ ხალხისგან, რომელმაც ჯერ თვითონ უნდა დაამტკიცოს თავისი პროფესიონალიზმი, თუმცა პატივს ვცემთ ყველა კანონიერ გადაწყვეტილებას და არ მიგვაჩნია, რომ ქალბატონი მინისტრი ან მარგველაშვილი სისტემურად ერჩის "რესპუბლიკურ პარტიას".