ბაიდენი კაპიტოლიუმზე შტურმზე: პოლიციის 140-ზე მეტი ოფიცერი დაშავდა - როგორ ბედავს ვინმე შეამციროს ან უარყოს ის ჯოჯოხეთი, რომელიც პოლიციელებმა გამოიარეს?

ბაიდენი კაპიტოლიუმზე შტურმზე: პოლიციის 140-ზე მეტი ოფიცერი დაშავდა - როგორ ბედავს ვინმე შეამციროს ან უარყოს ის ჯოჯოხეთი, რომელიც პოლიციელებმა გამოიარეს?

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა გააკრიტიკა „რესპუბლიკური“ პარტიის წევრები, რომლებიც ცდილობენ კაპიტოლიუმზე თავდასხმის მნიშვნელობა შეამცირონ.

„6 იანვარს, [კაპიტოლიუმზე შტურმის დროს] პოლიციის 140-ზე მეტი ოფიცერი დაშავდა. მე ადრეც ვთქვი: როგორ ბედავს ვინმე შეამციროს ან უარყოს ის ჯოჯოხეთი, რომელიც მათ [პოლიციელებმა] გამოიარეს? კაპიტოლიუმის პოლიციის გვერდით ვდგავარ. ვიმედოვნებ, რომ წარმომადგენელთა პალატის „რესპუბლიკელებს“ რცხვენიათ იმის გამო, რაც გაკეთდა ჩვენი სამართალდამცავი ორგანოების შერყევის მიზნით“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

კაპიტოლიუმის პოლიციის უფროსმა, ბრაიან მანგერმა Fox News-ის წამყვანი, ტაკერ კარლსონი თავის გადაცემაში 2021 წლის 6 იანვრის თავდასხმის შესახებ „საზიანო და არასწორი დასკვნების“ გამოტანაში დაადანაშაულა.

წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა, კევინ მაკარტიმ ტაკერ კარლსონს ექსკლუზიური წვდომა მისცა კაპიტოლიუმზე თავდასხმის ჩანაწერებზე, რომელშიც წარმოდგენილი იყო მშვიდობიანი ხალხის აბსოლუტური უმრავლესობა ვანდალების „მცირე პროცენტის“ ფონზე.

2021 წლის 6 იანვარს ვაშინგტონში ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც დონალდ ტრამპის მხარდამჭერები კაპიტოლიუმის შენობაში შეიჭრნენ, სადაც საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს ამტკიცებდნენ.

დემონსტრანტები ჯო ბაიდენის გამარჯვებას აპროტესტებდნენ. შენობიდან კონგრესმენთა ევაკუაცია განხორციელდა. არეულობის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა. ვითარების გაკონტროლებას რამდენიმე საათი დასჭირდა, რის შემდეგაც, კონგრესმა მუშაობა განაახლა და ჯო ბაიდენის პრეზიდენტის პოსტზე არჩევა დაამტკიცა. აშშ-ის კაპიტოლიუმში შეჭრის საქმეზე ფედერალურმა პროკურორებმა ბრალი 650-ზე მეტ ადამიანს წაუყენეს.