„კალანდაძემ ბრიგადა რუსეთის შეიარაღებულ ძალებს შეაწყვიტა და თავად სახლში იმალებოდა“

„კალანდაძემ ბრიგადა რუსეთის შეიარაღებულ ძალებს შეაწყვიტა და თავად სახლში იმალებოდა“

5 წლის წინ, 7 აგვისტოს, საქართველოს ტერიტორიაზე, რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა ფართომასშტაბიანი სამხედრო აგრესია განახორციელეს. რუსეთის შეიარაღებულ ძალებს ოკუპირებული აქვთ საქართველოს ტერიტორიების 20%, რაც ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის პრიციპებს. საქართველოს პროკურატურაში შექმნილია 8 კაციანი კომისია, რომელიც მხოლოდ ომის სამართლებლივ მხარეს სწავლობს.

მთავარი პროკურორი აცხადებს, რომ მთავარ პროკურატურაში მიმდინარე აგვისტოს ომის გამოძიების ფარგლებში, საქართველოს პრეზიდენტის დაკითხვის საჭიროება ჯერჯერობით არ დამდგარა. საქართველოს იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის განცხარებით, ვინაიდან საქართველო არის ომის მონაწილე მხარე, აგვისტოს ომის გამოძიება საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებაა. პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ ომის გამოძიება არ დააზიანებს არც საქართველოს, არც წინა ხელისუფლებისა და არც პრეზიდენტის იმიჯს. ივანიშვილი თვლის, რომ ხელისუფლება, პრეზიდენტის მეთაურობით არაადეკვატურად მოიქცა იმ სიტუაციაში. მას გაუმართლებლად მიაჩნია ის, რომ საჯარისო ნაწილები მზადყოფნაში მოვიდა და დაიწყეს საომარი მოქმედებები მანამ, სანამ რუსეთი გადმოლახავდა საზღვარს.

თავდაცვის მინისტრის ირაკლი ალასანიას განცხადებით, აგვისტოს ომი ეს იყო რუსეთის აგრესიული ომი სუვერენული ქვეყნის წინააღმდეგ და დღესაც გრძელდება ოკუპაცია. ალასანიას თქმით, გაერთიანებულ შტაბში შექმნილი კომისია უკვე სწავლობს და აანალიზებს არა მხოლოდ აგვისტოს ომს, არამედ საქართველოს ტერიტორიაზე ბოლო წლებში განხორციელებულ სამხედრო მოქმედებებს. ალასანია აცხადებს, რომ კომისიის მუშაობის შედეგები მხოლოდ მას შემდეგ გახდება ცნობილი, როდესაც კომისია მუშაობას დაასრულებს.

„სპეციალური კომისია შეიქმნა. ეს კომისია არა მხოლოდ აგვისტოს ომის ანალიზს, არამედ მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე ბოლო წლებში განხორციელებულ სამხედრო მოქმედებებს სწავლობს და აანალიზებს ტაქტიკურ-ოპორატიულ დონეზე, ასევე სტრატეგიული გადაწყვეტილებების ანალიზიც მოხდება და ეს გახდება საფუძველი ჩვენი სწორი თავდაცვითი სტრატეგიის შესამუშავებლად. ეს გვჭირდება იმისთვის, რომ მომავალში ასეთი შეცდომები აღარ გავიმეოროთ.

მე ვერ დავასწრებ მოვლენებს, უნდა დაასრულოს ამ კომისიამ შესწავლა და შემდეგ ხელმისაწვდომი იქნება შედეგები საზოგადოებისათვის. ამ კომისიის მიზანი არის სამხედრო ასპექტების შესწავლა, როგორ მიიღებოდა გადაწყვეტილებები ოპერატიულ-ტაქტიკურ და სტრატეგიულ დონეზე, რა ვერ შეძლო ქართულმა შეარაღებულმა ძალებმა და რა იყო ამის მიზეზი.

თუკი გამოვლინდა კონკრეტული ბრალეულობა, ამას უკვე სამართალდამცავები განიხილავენ. კითხვაზე - თუ ვინ დაიწყო ომი და როგორ დაიწყო ომი, ამაზე პასუხი გაცემული აქვს საქართველოსაც და საერთაშორისო თანამეგობრობასაც. ეს იყო რუსეთის აგრესიული ომი სუვერენული ქვეყნის წინააღმდეგ და დღესაც გრძელდება ოკუპაცია. ამ საკითხებში სიცხადე არსებობს როგორც ჩვენში ასევე საერთაშორისო თანამეგობრობაში“, - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.

სამხედრო ექსპერტი აკია ბარბაქაძე იმ პოლიტიკური თანამდებობის პირების დასჯას ითხოვს, რომლებიც პირდაპირ ერეოდნენ სამხედრო გადაწყვეტილების მიღებაში.

5 წლის წინ საქართველოზე სამხედრო აგრესია განხორციელდა. რასაც მოჰყვა ქვეყნის ოკუპაცია და ამ ორი რეგიონის დამოუკიდებელ სუბიექტად გამოცხადება. სად ხედავთ საქართველოს ხელისუფლების შეცდომას და ასევე ბრალეულობას?

აკია ბარბაქაძე: ამ საქმეში ბრალი მიუძღვის მაშინდელ ხელისუფლებას, რომელიც ვალდებული იყო ეს პროვოკაცია თავიდან აეცილებინა. რუსეთმა ეს პროვოკაცია ბრწყინვალედ დაგეგმა და შეასრულა. ასეთი ესკალაციები ხშირი იყო საქართველოს ტერიტორიაზე. სამწუხაროდ ეს კრიზისი, რომელიც წლების განამვლობაში ფაქტობრივად გაყინული იყო, ქართულ-რუსულ კონფლიქტში გადაიზარდა, რასაც მოჰყვა ჩვენი ტერიტორიის ანექსია, ოკუპაცია და რუსეთმა აფხაზეთის და ცხინველის რეგიონის, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოების დეკლარირება გააკეთა, რაც დამანგრეველი აღმოჩნდა ქართული სახელმწიფოსათვის.

ხშირად ყოფილა ასეთი ესკალაციები, მაგრამ როგორღაც წინა ხელისუფლება ახერხებდა და თავს არიდებდნენ ამას. ეს ხდებოდა დიპლომატიის თუ დაბალანსების მეშვეობით, ეს სხვა თემაა, მაგრამ - ახერხებდნენ. სამწუხაროდ, ყოველივე  ამან არ იმუშავა და მაშინდელი ხელისუფლება პირდაპირ კონფრონტაციაზე წავიდა, კერძოდ, ეს იყო მიხეილ სააკაშვილის ახირება - კანონდარღვევით და საზოგადოების აზრი გაუთვალისწინებლად მიიღეს სამხედრო ძალის გამოყენების გადაწყვეტილება.

საქართველოს ხელისუფლებას შესწევდა იმის ძალა, რომ ეს კონფლიქტი თავიდან აეცილებინა? რუსეთის პრემიერ-მინისტრმა თქვა, რომ სააკაშვილს შევთავაზე პრობლემის მშვიდობიანად მოგვარება, საპასუხოდ კი მისგან მივიღე ცხინვალში სამხედრო შეჭრა...

- ის ამ შემთხვევაში ლაპარაკობს თავისი ინტერესებიდან გამოდინარე. მედვედევიც ერთ-ერთი მონაწილეა იმ ავანტურის, რომელიც მაშინ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელდა და რომელიც საქართველოს წინააღმდეგ აგრესიით დამთავრდა. თუ ჩვენ შევხედავთ სიტუაციას, რა თქმა უნდა, მედვედევი ახლა ამას იყენებს იმისათვის, რომ თავისი პოზიცია გაიმაგროს, მაგრამ ის რას იტყვის ეს არაა პირველხარისხოვანი.

ჩვენი მხრიდან შეიძლებოდა ამ კონფლიქტის თავიდან არიდება, არ უნდა ავყოლოდით, არ შეიძლებოდა სამხედრო კომპონენტების შეყვანა ამ კონფლიქტში. პირველ რიგში, საერთაშორისო საზოგადოების ინფორმირება უნდა მომხდარიყო. უნდა დაგვენახებინა საერთაშორისო საზოგადოებისთვის იქ რაც ხდებოდა და ამის ფონზე უნდა გაგვეკეთებინა ფაქტორების გამორიცხვა.

რამდენად სწორი იყო, თვითონ რუსეთის ფაქტორების გამოურიცხავად სამხედრო ქმედებების დაწყება? აშკარა იყო რა ხდებოდა როკის გვირაბთან...

- ეს იყო დიდი სისულელე. რატომღაც ტვინნაღრძობმა მთავრობის წევრებმა და მისმა მომხრეებმა ჩათვალეს, რომ რუსეთს ჰყავს ჟანგიანი ტანკი, რომ რუსეთის არმიას არ ძალუძს რაიმე რეალური სამხედრო ოპერაციის ჩატარება და დარწმუნებული იყვნენ, რომ ისინი თავისი შეიარაღებული ძალებით დაამარცხებდნენ რუსეთს, არაადაეკვატური იყო ეს ყველაფერი. მეორეც, არ გაითვალისწინეს, რომ რუსეთისთვის პირდაპირ ნიღბის ჩამოხსნა დამთავრდებოდა იმით, რომ ესენი ამ ომს წააგებდნენ. ქართული მხარე დაზარალდებოდა და რუსეთი არ დაუშვებდა, მითუმეტეს პუტინის რუსეთი არ დაუშვებდა, რომ წაეგო ქართულ შეიარაღებულ ძლებთან. ეს უკვე მისი ველი, მისი ძლიერი მხარე იყო. ზუსტად რუსეთის ძლიერ მხარეში შეხტნენ ესენი ძალიან უშნოდ და მოუმზადებელი. ეს ან შეგნებულად, ან თავისი უტვინობით და არადეკვატურობით გააკეთეს.

სამხედრო ექსპერტები, მათ შორის სამოქალაქო საზოგადოება საუბრობს იმაზე, რომ აგვისტოს ომზე უნდა დადგეს პრეზიდენტის სისხლის სამართლებლივი პასუხისმგებლობის საკითხი. ამის მიუხედავად, გენერალურმა პროკურორმა გააკეთა განცახება, რომ პროკურატურაში არ მიმდინარეობს არც ერთი სისხლის სამართლის საქმეძე ძიება, რომელშიც იკვეთება პრეზიდენტის ბრალეულობის საკითხი...

- საერთოდ, მიდის გამოძიება? რომელიმე მაშინდელი თანამდებობის პირზე არის ბრალდება წაყენებული? სანამ ესენი არ ავლენ მათავარსარდლის სიმაღლეზე, რა განკარგულებები გასცა და ვისი მეშვეობით მოხდა ეს, მანამდე ეს არ გაირკვევა. მარტო მთავარსარდალი და ჯარი არაა დამნაშავე, არამედ ამ ავანტურაში დამნაშავეა მაშინდელი მთელი მმართველი პოლიტიკური თანამდებობის პირები, რომლებიც თანამონაწილეები იყვნენ პირდაპირ, ირიბად, პასიურად და აქტიურად.

დამნაშავეა პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე, პრემიერ-მინისტრი, უშიშროების საბჭო. ესენი აფიქსირებდნენ ერთს, რომ ჩვენ ვართ მართალი მხარე, იძახდნენ, რომ აკონტროლებდნენ ყველაფერს. სამწუხაროდ აღმოჩნდნენ ხაფანგში, ესენი ყველა ერთი დიდი ტყუილის შემოქმედები იყვნენ. დანა-ჩანგლით გამოდითო - მოუწოდებდა პარლამენტის თავმჯდომარე ხალხს, როცა უკვე ხელი მოწერილი იყო კაპიტულაციაზე.

ხალხი შეჰყავდათ შეცდომაში, რომ კიდევ უფრო მეტი სისხლი დაღვრილიყო. რა გააკეთეს, ან დღეს რას აკეთებენ? დამნაშავეებს უშვებენ და გმირებად აღიარებენ. ის ადამიანები, რომლებიც ტერიტორიულ მთლიანობას შეეწირნენ, არავის ახსოვს. ეს არის რეალობა. ამათ წმენდა აქვთ ჩატარებული და დღეს ის თანამდებობის პირები ისევ თანამდებობაზე არიან, ვის წინააღმდეგ საქმე უნდა იყოს აღძრული.

როცა გადაწყვეტილების მიღებაში პირდაპირ ეროდნენ სამოქალაქო პირები, მათ შორის - თბილისის მერი და პარალამენტის წევრები, ამაზე ზოგი ამბობს, რომ სამოქალაქო პირების მონაწილეობა, ამა თუ იმ ფორმით, გადაწყვეტილების მიღებაში, არაა დანაშაული. თქვენ როგორ ფიქრობთ, სამხედრო ოპერაციას ქალაქის მერი უნდა გეგმავდეს?

- ყველა თანამდებობის პირი, რომელიც მაშინდელ სამხედრო უწყებაში იყო, უნდა დაიკითხოს. დაწყებული რიგითით, დამთავრებული მთავარსარდლით და გენშტაბის უფროსით. ასევე, ის პოლიტიკური პირები, რომლებიც პოლიტიკურ გადაწყვეტილებას იღებდნენ, პასუხი უნდა აგონ. ჯარის შეყვანა არაა სამხედრო გადაწყვეტილება, ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება. ამ პოლიტიკურ გადაწყვეტილებაში ვისაც კი გადაწყვეტილება მიღებული აქვს, ან უნდა მიეღო და არ მიიღო, აბსოლუტურად ყველა უნდა დაიკითხოს.

ყველასათვის ცნობილია, რომ ამათმა 2010 წელს ბრძანებები ჩაასწორეს და თავისი ქმედებები „გააპრავეს“. საბრძოლო ოპერატიული ბრძანებების „გაპრავებაზეა“ ლაპარაკი. ასეთი რაღაცეები აქვთ ამ ხალხს გაკეთებული და დღემდე არიან თანამდებობაზე. ასეთი გენერალური შტაბის უფროსი და მოადგილეები გვყავს. ისინი ვის ამოაღებინებენ ხმას, ეუბნებიან ისევ ჩვენ ვართ, არაფერი არ შეცვლილაო.

გიგი კალანდაძე გაამართლეს, როცა ყველამ იცის ვინც არის კალანდაძე და რაც გააკეთა. შეაწყვიტა ბრიგადა რუსეთის შეიარაღებულ ძალებს და სახლში იმალებოდა, ეს ხომ ყველამ კარგად იცის. სამხედრო პოლიცია ეძებდა და მერე გმირად გამოაცხადეს.

გენერალი კალანდაძე იყო მეოთხე ბრიგადის ხელმძღვანელი, ამ ქვედანაყოფმა განიცადა ყველაზე დიდი დანაკარგი და ამის მიუხედავად, კალანდაძე გახდა გენერალი...

- მეოთხე ბრიგადამ საეჭვო გარემოებებში და არასწორი გადაწყვეტილების შედეგად განიცადა დანაკარგი. ავიაციის დარტყმის ქვეშ მოექცა მთელი ბრიგადა, მათ ყველაზე დიდი დანაკარგი აქვთ და მათ შორის - საბრძოლო ტექნიკის თვალსაზრისითაც. რატომღაც ყველაფერი დაყარეს და გამოიქცნენ, საბრძოლო მოქმედებაში არ ჰყავდათ გაყვანილი ტექნიკა და ისე მიატოვეს. კალანდაძემ თავისი მოადგილე შამათავა იქ რომ დატოვა, დღეს თანამდებობაზე ზის. მეტსაც გეტყვით, აკადემია ჩააბარეს კაცს, ვინც კოდორის ხეობა ტყვიის გაუსროლად ჩააბარა, ეს გახლავთ აგლაძე. დღემდე ეს დანაშაულებრივი ჯგუფი ერთმანეთს უფრთხილდება და ერთმანეთს ინახავენ.

კალანდაძის გარდა, ბრძოლის ველი დატოვა სამშვიდობო ძალების სარდალმა მამუკა ყურაშვილმა, მაშინდელმა გენერალური შტაბის უფროსმა ზაზა გოგავამ. ეს ადამიანები მაშინდელმა ხელისუფლებამ დააწინაურა. არც ერთი არ აღიარებს იმას, რომ მათ ბრძოლის ველი დატოვეს და გამოიქცნენ...

- მთავარსარდალმა, რომელმაც კამერების წინ ფორთხვა-ფორთხვით ირბინა, ურცხვად იძახის, რომ მამაცი და გმირი ვარ, ღრუბელ-ღრუბელ დავფრინავდიო და კალანდაძე მაგას აღიარებს, რომ გამოიქცა? ამას უნდა მოწმეების დაკითხვა, მათ უნდა დაადასტურონ, რომ ამა და ამ საათიდან, ამა და ამ ადგილიდან მიგვატოვა ბრიგადის მეთაურმა, რომელიც 5 დღის განავლობაში არ გამოჩენილა. მერე უნდა ნახონ ის პოლიციელები, ვინც სახლიდან აიყვანა ეს ადამიანი და შეიარაღებულ ძალებში დააბრუნა. რატომ იყო ეს ადამიანი სახლში, როცა მისი პირადი შემადგენლობა ომში იყო.