2008 წლის „აგვისტოს ომიდან“ ხუთი წელი გავიდა. რუსული ინტერვენციის შედეგად დაიღუპა - საქართველოს 228 მშვიდობიანი მოქალაქე, 170 სამხედრო პირი, 14 პოლიციელი, დაკარგულად მიიჩნევა 8 ჯარისკაცი, საცხოვრებელი სახლები დატოვა, დაახლოებით, 150 ათასმა ადამიანმა, რომელთაგან 30 ათასი დღემდე დევნილობაში რჩება. ამ ფონზე კი, რუსეთის პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ 2008 წელს მის მიერ მიღებული ყველა გადაწყვეტილება სწორი იყო და ანალოგიური სიტუაციის შემთხვევაში, დღესაც ასე მოიქცეოდა.
ერთ-ერთი ტელეკომპანიისთვის მიცემულ ინტერვიუში, დიმიტრი მედვედევი აღნიშნავს, რომ არსებობდა იმის საფრთხე, რომ შეტაკებები, საბრძოლო ოპერაციები და ადამიანების დაღუპვა 2008 წლის 8 აგვისტოს შემდეგაც პერმანენტულად გაგრძელებულიყო.
„იძულებული ვიყავით, ამგვარად გვეპასუხა შესაბამის აგრესიულ ქმედებებზე, რომლებიც ქართულმა შეიარაღებულმა ძალებმა განახორციელეს. მოვლენების ყველა შემდგომი განვითარებაც წინასწარ იყო განსაზღვრული სწორედ მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვისა და ვითარებაში ჩარევის აუცილებლობის ფაქტით. თუ მეკითხებით იმის შესახებ, ანალოგიურად მოვიქცეოდი თუ არა ასეთ სიტუაციაში, ჩემი პასუხია - დიახ! მიუხედავად იმისა, რომ ეს უმძიმესი გადაწყვეტილებაა, რომლის მიღებაც მომიხდა, როგორც პრეზიდენტსა და როგორც რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალს, ზუსტად, ახლაც ასევე მოვიქცეოდი. მოვლენათა მთელი ჯაჭვი - მთელი ისტორია, რომელიც მას შემდეგ განვითარდა, ამტკიცებს, რომ მთლიანობაში ეს დაბალანსებული გადაწყვეტილებები იყო, რომლებმაც ვითარების შენარჩუნების შესაძლებლობა მოგვცა“, - დასძინა მედვედევმა, რომლის ინტერვიუც „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებმა ცინიზმის მწვერვალად შეაფასეს, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები კი, დიპლომატიური განცხადებებით შემოიფარგლნენ.
როგორც for.ge-ს ოპოზიციონერმა დეპუტატმა, აკაკი ბობოხიძემ განუცხადა, მას რუსეთთან ურთიერთბების დალაგება ვერ წარმოუდგენია, რადგან კრემლისთვის დამოუკიდებელი საქართველო სიკვდილ-სიცოცხლის საქმეა.
„მედვედევის განცხადებაში ახალი არაფერი არ არის და მის კომენტარებზე გაცილებით უფრო სახიფათო ქართული მხარის სულისკვეთებაა, რომელიც დამთმობლური და დამღუპველია. ჩვენი ხელისუფლების შემხედვარე, მედვედევი თავს ყველაფრის უფლებას მისცემს. მნიშვნელობა არ აქვს იმას, რუსეთი რა შეფასებას მისცემს ამა თუ იმ ქართველ პოლიტიკოსს, რადგან რუსული იმპერია საკუთარი ინტერესებისთვის ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ქართველ ხელისუფალს გაწირავს. შევარდნაძეს გააგხსენებთ, რომელმაც სამშვიდობოებს ვადები 25 წლით გაუგრძელა, სამშვიდობო ძალები ენგურზე ჩამოაყენა, როცა ამის არანაირი ვალდებულება არ იყო, ასევე, რუსებს მისცა ბაზები და ესენგეში შევიდა, თუმცა 1995 წელს, მას ტერაქტი მოუწყვეს. მედვედევს ერთ საკითხში ვეთანხმები - მათთვის უფრო მომგებიანი დღევანდელი ხელისუფლებაა და ერთადერთი ვინც შეიძლება რუსეთისთვის „ოცნებაზე“ უკეთესი იყოს, ეს ნინო ბურჯანაძე და მისი მიმდევრები არიან“, - განუცხადა for.ge-ს ბობოხიძემ, რომლის პათოსსაც გოკა გაბაშვილიც იზიარებს, რომელიც მედვედევის ინტერვიუს ცინიზმის მწვერვალად აფასებს.
გაბაშვილის შეფასებით, მედვედევი კიდევ ერთხელ ამართლებს საქართველოში რუსეთის შეჭრას, ეთნიკურ წმენდასა და იმ დანაშაულს, რომელსაც კრემლი წლების განმავლობაში სჩადის.
„რუსეთი ისევ ულტიმატუმებს აყენებს და ამბობს, რომ საქართველოს არ აქვს უფლება ნატოსკენ მიისწრაფოდეს. ამასთან, მედვედევი ამ ყველაფერს ეთნოკონფლიქტებს უწოდებს, მაშინ როცა ყველამ იცის, რომ ეს რუსეთ-საქართველოს კონფლიქტია და მას ეთნიკური საფუძველი არ აქვს. ის, რაც მედევედევმა ილაპარაკა, გადამღერებული ძველი სიმღერაა. ფაქტიურად, მოსკოვი ამბობს, რომ ე.წ. ახალი რეალობა აღიარეთ, მას ლეგიტიმაცია გაუწიეთ და ოკუპაციას შეეგუეთო. რა თქმა უნდა, რუსეთს საქართველოს ხელისუფლების დაყვავების პოლიტიკა მოსწონს, რადგან პრობლემების არათუ განხილვა ხდება, არამედ პრობლემების მიჩუმათება მიმდინარეობს. რუსეთს უნდა ვესაუბროთ, მაგრამ საერთაშორიო თანამეგობრობის თანხლებით და მას მუდმივად უნდა შევახსენოთ, რომ ოკუპანტია. იმ შემთხვევაში, თუ მავთულხლართების პოლიტიკას არ შევიმჩნევთ, ეს რუსეთის საერთაშორისო პოზიციებს გააძლიერებს“, - განუცხადა for.ge-ს გაბაშვილმა, რომლის მსგავსადაც, სერგო რატიანი კოალიციურ მთავრობას უმოქმედობაში ადანაშაულებს.
რატიანის შეფასებით, მედვედევი იმის მტკიცებას აგრძელებს, რომ ომი საქართველომ დაიწყო.
„მედვედევი ამით თავისი ბრალეულობის განეიტრალებას ცდილობს. ამ ფონზე, ჩვენი ხელისუფლებრის მაამებლური პოლიტიკა დანაშაულებრივი პოლიტიკაა, რადგან ოკუპაციის გამართლებას ხელს უწყობს. მთავრობა თანმიმდევრული უნდა იყოს და ქვეყნის ინტერესებს იცავდეს. როცა გეუბნებიან, რომ ოკუპაცია შენი მოქმედეების შედეგია და ამაზე თანხმა ხარ, ეს დანაშაულებრივი პოლიტიკაა. მსხვერპლის დადანაშაულება კი, ნაცისტების პოლიტიკის ნიშანია“, - განუცხადა for.ge-ს რატიანმა.
აღსანიშნავია, რომ ოპოზიციისგან განსხვავებით, უმრავლესობის ლიდერები დიპლომატიურ შეფასებებს აკეთებენ და მედვედევის კრიტიკისგან თავს იკავებენ.
პარლამენტის ვიცე-სპიკერის, მანანა კობახიძის განცხადებით, ის რუსეთისგან რაიმე უკეთესობას არ ელოდა.
„ჩვენი მიზანია, ნატოს გზაზე სწრაფვა გავაგრძელოთ. მიუხედავად იმისა, თუ რა პოზიციაზეა მედვედევი, არაფერს გადავხედავთ. ივანიშვილი არის პრაგმატულიც, ჭკვიანიც და ის იმ მისიას შეასრულებს, რაც საზოგადოების წინაშე აიღო და თუ ამას მედვედევი აღიარებს, ამაში განსაკუთრებული არაფერია. როცა მედვედევი აცხადებს, რომ იგივეს გაიმეორებდა, ეს იმას ნიშნავს, რომ სიფრთხილე უნდა გამოვიჩინოთ“, - აღნიშნავს კობახიძე, რომლის კოლეგა ზურაბ აბაშიძე ნატო-ში ინტერგაციაზე აპელირებს.
აბაშიძის თქმით, რუსეთის მხრიდან არაერთხელ არის გაჟღერებული ინფორმაცია, რომ მოსკოვი საქართველოს ნატოში გაწევრიანებას ეწინააღმდეგება, მაგრამ ქვეყნის მომავალს ქართველი ხალხი განსაზღვრავს.
„ამ პროცესს რუსეთი ხელს ვერ შეუშლის. როცა მედვედევი საუბრობს, რომ ევრაზიული კავშირი მიმზიდველია და იქ საქართველო უნდა გაწევრიანდეს, როცა ოკუპაციაა და ტერიტორიების აღიარება მოხდა, რუსეთთან ერთად რაიმე კავშირებში შესვლა ვინმეს როგორ წარმოუდგენია?!“, - აღნიშნავს ვიცე-სპიკერი.