როგორ აპირებდნენ თბილისის დაცვას 2008 წლის აგვისტოში

როგორ აპირებდნენ თბილისის დაცვას 2008 წლის აგვისტოში

2008 წლის ავბედითი აგვისტოდან უკვე ხუთი წელიწადი გავიდა, თუმცა უამრავი კითხვა კვლავაც პასუხგაუცემელია. თუმცა ერთი რამ უტყუარია, რუსეთი ის აგრესორია, რომელიც სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე შეიჭრა და დღემდე ოკუპირებული აქვს ჩვენი ტერიტორიის ოცი პროცენტი. თუ იმჟამინდელ ვითარებას გავიხსენებთ, ამ გადასახედიდან გაცილებით ცხადად ჩანს ის შეუსაბამო და ზოგჯერ ყოვლად დაუშვებელი განცხადებები, რასაც ხელისუფ­ლების მაღალჩინოსნებისგან ვისმენდით. ალბათ ძნელად დაავიწყდება ვინმეს პარლამენტის იმჟამინდელი თავმჯდომარის დავით ბაქრაძის მოწოდება დანა-ჩანგლით ბრძოლისკენ, შინაგან საქმეთა მინისტრ ეკა ზღულაძის ნათქვამი, რომ თურმე საშიში არაფერი იყო, რადგან თბილისისკენ გეზაღებულმა ტანკებმა სოფელ ორჭოსანისკენ გადაუხვიეს, ან უშიშროების საბჭოს იმჟამინდელი მდივნის კახა ლომაიას სასოწარკვეთილი ნათქვამი - თბილისი საფ­რთხის წინაშეა და ახლა ვცდილობთ ის უცხო ქვეყნის ლიდერები დავაბრუნოთ უკან, რომლებმაც საქართველო დატოვესო. სწორედ ამის მერე იხუმრა სიმწრით ცხონებულმა ბიძინა კვერნაძემ: - რა იცით, ამაღამ ვინ გვითენებსო? მოკლედ, მას მერე, რაც რუსულმა საჯარისო ნაწილებმა დატოვეს ე.წ. სამხრეთ ოსეთი და ქვეყნის დანარჩენ ტერიტორიაზე დაიწყეს გადაადგილება, დედაქალაქი მუდმივად იყო საფრთხის წინაშე. დავინტერესდით, არსებობდა თუ არა თბილისის დაცვის გეგმა და თუ არსებობდა, როგორ აპირებდა ხელისუფლება მის განხორციელებას. სამწუხაროდ, თავდაცვის სამინისტროს იმჟამინდელი წარმომადგენლებისგან ვერავის დავუკავშირდით, ერთადერთი, ვინც ჩვენს კითხვას მოკლედ, მაგრამ მაინც უპასუხა, შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის იმჟამინდელი ხელმძღვანელი შოთა უტიაშვილია, რომლიც, ალბათ გემახსოვრებათ, კარგა ხანს ცდილობდა, მო­სახლეობა ჩვენი ჯარის წარმატებაში დაერწმუნებინა.

- დედაქალაქის დაცვის გეგმა, რა თქმა უნდა, არსებობდა, თუმცა რას და როგორ მოიცავდა, ამის თაობაზე თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებს უნდა ჰკითხოთ, თუ დარჩა ძველი კადრებიდან ვინმე კიდევ.
რაში მდგომარეობს ამგვარი გეგმის არსი, ამის გასარკვევად გენერალთა კლუბის პრეზიდენტს, თადარიგის გენერალ-მაიორ კობა კობალაძეს დავუკავშირდით:

- გეგმა შეიძლება არსებობდა, მაგრამ განმახორციელებელი არავინ იყო. 2008 წელს გამოჩნდა პოლიტიკური თუ სამხედრო ხელმძღვანელობის სრული უუნარობა. თავდაცვისუნარიანობა სრულიად მოშლილი იყო. დედაქალაქში თავს იყრიდა გამოქცეული და სრულიად დაქსაქსული ჯარი. გარკვეული ნაწილები ცდილობდნენ თბილისის მისადგომებთან პოზიციების დაკავებას. მახსოვს, ორგან მივედი და ვუთხარი კიდეც, რომ არასწორად იყო შერჩეული პო­ზიციები. საქმე ის არის, რომ ქალაქის დაცვის გეგმა არ ითვალისწინებს მხოლოდ ქალაქის შემოსასვლელთან თოფიანი კაცების დადგომას, ქალაქის გეგმა არის უბნებისა და რაიონების მიხედვით სამხედროთა თუ სამობილიზაციო რეზერვის სქემატური განლაგება, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ობიექტების დაცვა, მოსახლეობის მომზადება და ევაკუაციის გეგმის შემუშავება. მოკლედ, ეს უზარმაზარი სამუშაოა. არა მგონია, ვინმეს ახსოვდეს, 2008 წლის აგვისტოში მსგავსი რამ თბილისში მომხდარიყო. ერთადერთი, რაც ვიცი, სამხედრო ნაწილებმა მიიღეს ცენტრალური ობიექტების დაცვის ბრძანება, მათ შორის საპრეზიდენტო რეზიდენციისაც, თუმცა ეს სრულიად უსარგებლო რამ იყო, რადგან ხიფათის დროს როგორც დროშა და დოკუმენტაცია გაგაქვს უსაფრთხო ადგილას, ასევე პრეზიდენტი და მმართველობა უნდა გადავიდეს შედარებით უსაფრთხო, საველე პირობებში.

ექსპერტი მამუკა არეშიძე:
მაქვს ნაწილობრივი ინფორმაცია, თუ რა ხდებოდა უშიშროების საბჭოსა თუ პრეზიდენტთან გამართულ ბოლო სხდომაზე. იქ მოხდა მეტად საინტერესო ამბავი, ამ სხდომაზე ერთ-ერთი ბრიგადის მეთაურმა ჰკითხა თავდაცვის მინისტრ დავით კეზერაშვილს, - რა ვქნათ, როგორ მოვიქცეთო? მან კი უპასუხა: მე რას მეკითხები, შტაბის უფროსს ჰკითხეო. ეს ნიშნავს იმას, რომ კეზერაშვილი ცდილობდა პასუხისმგებლო­
ბას გაჰქცეოდა, იმავეს აკეთებდა იმჟამინდელი შტაბის უფროსი გოგავაც.