ნატოს დაზვერვის შეფასებით, რუსეთმა ბახმუტში 5-ჯერ მეტი ჯარისკაცი დაკარგა, ვიდრე უკრაინამ. ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სამხედრო ოფიციალურმა წარმომადგენელმა განუცხადა.
მიუხედავად ხელსაყრელი თანაფარდობისა, ნატოში ასევე განაცხადეს, რომ უკრაინამ მნიშვნელოვანი დანაკარგი განიცადა ქალაქ ბახმუტის დაცვისას.
უკრაინის ოფიციალური პირები არაერთხელ აცხადებდნენ, რომ ისინი დიდ დანაკარგებს აყენებდნენ რუსეთს.
აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა განაცხადა, რომ ქალაქ ბახმუტს უფრო სიმბოლური მნიშვნელობა აქვს, ვიდრე ოპერატიული და მისი შესაძლო დაცემა სულაც არ ნიშნავს იმას, რომ რუსეთმა ომში ინიციატივა დაიბრუნა.
„ვფიქრობ, [ბახმუტს] უფრო სიმბოლური მნიშვნელობა აქვს, ვიდრე სტრატეგიული და ოპერატიული“, - განუცხადა პენტაგონის ხელმძღვანელმა ჟურნალისტებს.