„რუსთავის დაწესებულებაში პატიმარი ქალები არაადამიანურ პირობებში იმყოფებიან“, - ამის შესახებ ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ, ზაზა ხატიაშვილმა განაცხადა.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ ადვოკატთა ასოციაციიდან განუცხადეს, 2010 წლის 12 იანვარს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის სახელზე ადვოკატთა ასოციაციის წევრთა განცხადება შევიდა, სადაც პატიმარი ქალების მძიმე მდგომარეობაზე იყო საუბარი.
„განცხადებაში აღნიშნულია, რომ საკანში, სადაც სასჯელს იხდიან ქალბატონები არ არის დაგებული არანაირი ლამინატის ან ხის იატაკი და საწოლები დგას ცემენტის იატაკზე. ასევე აღსნიშნავია ის გარემოება, რომ ერთი თვის გახსნილ ციხეში არ მუშაობს რამოდენიმე საშხაპე და ქალბატონები ჰიგიენის დაცვის გარეშე იმყოფებიან, არ არსებობს ტანსაცმლის გასაშრობი ადგილი.
მსჯავრდებულ პატიმრებთან არის ორი შეხვედრის ოთახი, ხოლო განსასჯელებთან და ბრალდებულებთან შეხვედრის ოთახების რაოდენობა არის ხუთი. რაც იწვევს ადვოკატების საათობით რიგში დგომას“, – განაცხადეს ასოციაციაში.
მათივე ცნობით, ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ მიმართა სახალხო დამცველს, გიორგი ტუღუშს, სასჯელაღსრულების პრობაციის და იურიდიულ დახმარების საკითხთა მინისტრს, ხათუნა კალმახელიძეს და საერთაშორისო ორგანიზაციებს.
ადვოკატთა ასოციაცია მოითხოვს დაუყოვნებლივ შეწყდეს პატიმარ ქალთა ღირსებისშემლახავი მოპყრობა და თუ 10 დღის ვადაში არ მოხდება ქალ პატიმართა მდგომარეობის გაუმჯობესება, ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე მიმართავს ყველა დემოკრატიული სახელმწიფოს ლიდერს ქალ-პატიმართა წამების თაობაზე.
ადვოკატი ლალი აფციაურიც ადასტურებს, რომ რუსთავის კოლონიაში მყოფ პატიმარ ქალებს არაადამიანურ პირობებში უწევთ სასჯელის მოხდა. როგორც ადვოკატმა განაცხადა, რუსთავის საპატიმრო დაწესებულებაში ყველაფერი მამრობითი სქესის პატიმრებზე იყო გათვლილი და მასში პატიმარი ქალების ნავთლუღის კოლონიიდან გადაყვანა ყოველგვარი მომზადების გარეშე განხორციელდა.
„საყოველთაოდ ცნობილი ფაქტია, რომ რუსთავის კოლონიის სასმელი წყალი ყოვლად უვარგისია. არც სამედიცინო დახმარების და კვების თვალსაზრისითაა უკეთესი მდგომარეობა. აღნიშნულ ფაქტზე სახალხო დამცველი არათუ არ რეაგირებს, უბრალოდ დუმს“, - დასძინა მან.
ცნობისთვის, დღეისათვის მთელ მსოფლიოში, დაახლოებით, ნახევარ მილიონზე მეტი ქალი და გოგონა იმყოფება პატიმრობაში. ასეთია შედეგი ამ პრობლემაზე ჩატარებული გამოკვლევისა, რომლის ავტორიც ლონდონში არსებული „სამეფო კოლეჯის საპატიმროთა შემსწავლელი ცენტრია“. გამოკვლევის თანახმად, მდედრობითი სქესის პატიმართა მაღალი მაჩვენებლით, პირველ ოთხეულში შედიან: შეერთებული შტატები, ჩინეთი, რუსეთი და ტაილანდი.
„საპატიმროთა შემსწავლელმა საერთაშორისო ცენტრმა“ კვლევა 187 ქვეყანაში ჩაატარა. ანტონ შელუფანოვი ლონდონის სამეფო კოლეჯის მკვლევარი და საბოლოო ანგარიშის ერთ-ერთი თანაავტორია. შელუფანოვმა კურიოზული უწოდა იმ ფაქტს, რომ მდედრობითი სქესის პატიმართა საერთო რაოდენობის ორი მესამედი ოთხ ქვეყანაზე – შეერთებულ შტატებზე, ჩინეთზე, რუსეთსა და ტაილანდზე - მოდის.
ციფრებში კი ეს სტატისტიკა ასე გამოიყურება: შეერთებულ შტატებში 183 ათასი ქალი იხდის სასჯელს, ჩინეთში – 71 280, რუსეთში - 55 400 და ტაილანდში - 28 450.
კვლევის ავტორის თქმით, პატიმარ ქალთა მაღალი, ძალიან მაღალი პროცენტია ჰონგ-კონგში, სადაც ეს მაჩვენებელი 22 პროცენტს აღწევს. სხვა ქვეყნებში კი საშუალო პროცენტული მაჩვენებელი 2-9 პროცენტს შორის მერყეობს. ანტონ შელუფანოვის თქმით, რუსეთის მსგავსად, მდედრობითი სქესის პატიმრების სიმრავლით ზოგიერთი ყოფილი პოსტსაბჭოთა ქვეყანაც გამოირჩევა:
„რუსეთში პატიმარ ქალთა პროცენტული მაჩვენებელი საკმაოდ მაღალია –6.5 პროცენტი. მაგრამ ყველაზე უფრო მაღალია ბელორუსიაში – 7.5 პროცენტი, რაც საშუალო მაჩვენებელს აღემატება. სხვა ქვეყნებში კი დაბალი პროცენტული მაჩვენებელია. აზერბაიჯანში, მაგალითად, პატიმარი ქალების რიცხვი ძალიან დაბალია - 1,4 პროცენტი, უკრაინაში კი მაღალი – 6.1 პროცენტი. საერთო ჯამში კი, დსთ-ის ქვეყნებში პატიმარ ქალთა მაღალი პროცენტი ფიქსირდება.“
საქართველოში ეს მაჩვენებელი დაახლოებით 4 პროცენტის ფარგლებში მერყეობს, რაც არცთუ სახარბიელო სურათს წარმოადგენს.
„სამეფო კოლეჯის საპატიმროთა შემსწავლელი საერთაშორისო ცენტრის“ დირექტორის რობ ალენის თქმით, პატიმარ ქალებზე ყურადღება გამახვილდა არა მხოლოდ ზუსტი სტატისტიკის დასადგენად, არამედ ჰუმანური მოსაზრებითაც:
„ჩვენ საგანგებოდ შევაჩერეთ ყურადღება ციხეებში მყოფ პატიმარ ქალებზე (რაც პირველად ხდება), იმიტომ რომ ქალების პატიმრობაში ყოფნა ძვირი უჯდება საზოგადოებას და ჩვენ გვინდოდა ქვეყნებისათვის შედარების შესაძლებლობა მიგვეცა“, – ამბობს რობ ალენი.
ცენტრის წარმომადგენელთა თქმით, პატიმარი ქალების პრობლემა დაკავშირებულია საზოგადოებისათვის მტკივნეულ პატიმარ ქალთა შვილების პრობლემასთან: ციხეში მყოფი დედების შვილები, ხშირ შემთხვევაში, მოკლებულნი არიან მშობლიურ მზრუნველობას.
ცალკე პრობლემას ქმნის მდგომარეობა თავად პატიმრობაში მყოფი ქალებისა, რომლებიც ფსიქოლოგიურ დახმარებასა და მკურნალობას საჭიროებენ. გამოკვლევის ავტორები ვარაუდობენ, რომ ამ ინფორმაციამ უნდა დააფიქროს ქვეყნების მთავრობები და აიძულოს, პატიმრობის გარდა, სხვა გზებიც ეძებონ დამნაშავე ქალთა დასასჯელად.