უკრაინამ მიმართა ევროკავშირს თხოვნით, ყოველთვიურად 250 000 საარტილერიო ჭურვი მიაწოდონ, რათა შემცირდეს კრიტიკული დეფიციტი, რომლის გამოც ბრძოლის ველზე უკრაინული ჯარის წინსვლა ფერხდება. ამის შესახებ წერს გამოცემა Financial Times-ი, რომელმაც უკრაინის თავდაცვის მინისტრის, ოლექსი რეზნიკოვის მიერ ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის თავდაცვის მინისტრებისადმი გაგზავნილ წერილზე წვდომა მოიპოვა.
რეზნიკოვის თქმით, არტილერია ასრულებს გადამწყვეტ როლს მოწინააღმდეგის სამხედრო ძალის განეიტრალებაში. მისივე განცხადებით, საშუალოდ უკრაინა თვეში 110 ათას 155-მილიმეტრიან ჭურვს იყენებს, რაც რუსეთის მიერ გამოყენებული რაოდენობის მეოთხედს შეადგენს.
„არსებული საარტილერიო ჭურვების რაოდენობით შეზღუდულები რომ არ ვიყოთ, თვეში 594 000 ჭურვის გამოყენებას შევძლებდით“, - აცხადებს რეზნიკოვი, როდესაც უკრაინის შეიარაღებაზე არსებული საარტილერიო სისტემების სიმძლავრეზე საუბრობს.
უკრაინის თავდაცვის მინისტრი ასევე ხაზს უსვამს, რომ საბრძოლო ამოცანების წარმატებით შესრულებისთვის უკრაინულ ჯარს ყოველთვიურად სულ მცირე 356 000 ჭურვი სჭირდება.