მიწისძვრის შედეგად სირიისთვის მიყენებულმა ზარალმა 5 მილიარდ დოლარს გადააჭარბა. ამის შესახებ მსოფლიო ბანკის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშშია ნათქვამი.
ორგანიზაციის ცნობით, ქვეყანამ მშპ-ის დაახლოებით 10% დაკარგა. ყველაზე მეტად დაზარალდა ალეპოს პროვინცია, სადაც ზარალმა 2,3 მილიარდი დოლარი შეადგინა. მეორე ადგილზეა იდლიბის რეგიონი (1,9 მილიარდი დოლარი), მესამეზე კი ლატაკიის რეგიონი (549 მილიონი დოლარი).
„კატასტროფა გამოიწვევს ბიზნეს აქტივობის შემცირებას, რაც კიდევ უფრო დააზიანებს სირიის ეკონომიკური ზრდის პერსპექტივებს“, - განაცხადა ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების საკითხებში მსოფლიო ბანკის დირექტორმა, ჟან-კრისტოფ კარემ.
6 თებერვალს მომხდარი ორი დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად სირიაში 6700-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა.