"რუსეთ-საქართველოს ხუთდღიანი "ომი, რომელმაც მსოფლიო შეძრა" დღემდე გრძელდება, მან უამრავი პასუხგაუცემელი კითხვა და გადაუჭრელი პრობლემა დატოვა. ზოგიერთი პოლიტიკოსი თავს იმშვიდებს, რომ ამ ომით "მსოფლიოს რუსეთის ნამდვილი სახე ვუჩვენეთ". რუსეთის დღევანდელი პრემიერ-მინისტრი და მაშინდელი პრეზიდენტი, მთავარსარდალი დიმიტრი მედვედევი აგვისტოს ომის დროს ცეცხლის გახსნას თავის "ყველაზე რთულ გადაწყვეტილებას" უწოდებს. ამ საკითხზე კომენტარი რუს სამხედრო ექსპერტს პაველ ფელგენჰაუერს ვთხოვეთ", - წერს გაზეთი "ყველა სიახლე" სტატიაში სათაურით "მედვედევი სიმართლეს არ ამბობს" / "დიახ, რუსული ჯარი თბილისის შტურმს აპირებდა".
"ფაქტები, რეალური სიტუაცია არ ამტკიცებს მედვედევის ამ სიტყვებს. ცეცხლის შეწყვეტაზე საუბრის საფარქვეშ რუსეთი აგრძელებდა სამხედრო შენაერთების რიცხვის ზრდას, საბრძოლო მოქმედებების გაგრძელებას, დიახ, რუსული ჯარი თბილისის შტურმს და შემდეგ მთელი ქვეყნის ოკუპაციას აპირებდა, თუმცა, მერე, შეცვლილი სიტუაციის გამო, თბილისთან შეჩერების გადაწყვეტილება მიიღეს", - აცხადებს რუსი სამხედრო ექსპერტი პაველ ფელგენჰაუერი.
"რუსეთის სახელისუფლო ელიტაში ამ საკითხზე სერიოზული დისკუსიები მიმდინარეობდა. დასავლეთის პოზიციამაც შეაშფოთა რუსეთი, გავრცელებულმა ინფორმაციამ, რომ ამერიკის შეერთებული შტატებიდან გემები და თვითმფრინავები მოემართებოდა საქართველოსკენ, საუბარი იყო შეიარაღებაზეც, აშშ-სთან ომი კი კრემლში არავის უნდოდა. რაც შეეხება მედვედევს, რომელიც მაშინ პრეზიდენტი, უმაღლესი მთავარსარდალი იყო, გადაწყვეტილებები ძალზე ვიწრო წრეში, მაგრამ კოლექტიურად მიიღებოდა; მედვედევი ერთ-ერთი და არა ერთადერთი იყო, ვისაც გადამწყვეტი სიტყვა ეთქმოდა. ასე რომ, იძულებულნი გახდნენ, თბილისთან შეჩერებულიყვნენ", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას პაველ ფელგენჰაუერი და შეკითხვას - "ამ ომიდან ხუთი წლის შემდეგ მედვედევი აცხადებს, რომ ქართველებმა, აფხაზებმა და ოსებმა თვითონ უნდა გადაწყვიტონ, უნდათ თუ არა ერთად ცხოვრება, გაერთიანება" - პასუხობს:
"ეს სიტყვებიც სატყუარაა, ერთგვარი დამაწყნარებელი აბი ქართული მხარისთვის, მას იმედს აძლევენ, რომ შეიძლება რაღაც შეიცვალოს, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა აღდგეს, მაგრამ აშკარაა, რომ არაფერი იქნება. ეს მოსკოვისთვის ერთგვარი ალიბია, გეტყვიან, ჩვენ კი გვინდა, მაგრამ რა ვქნათ, აფხაზებს არ უნდათო! რეალობა ალბათ არ შეიცვლება, რუსეთის ხელისუფლება არც აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებას წაიღებს უკან".