"ცხოველების, მამლებისა თუ ძაღლების ჩხუბი მსოფლიოს ყველა ქვეყანაში აკრძალულია. გამონაკლისი არც საქართველოა, თუმცა ჩვენს ქვეყანაში, ისე როგორც მსოფლიოს მრავალ სახელმწიფოში, "აკრძალულმა ხილმა" იატაკქვეშეთში გადაინაცვლა. სისხლიანი ტოტალიზატორების ეპიცენტრი ძირითადად თბილისია -ზოგს სპორტული ჟინი აქვს, ზოგს აზარტი, ზოგს კი ფულის შოვნის სურვილი. "ყველა სიახლემ" ამ იატაკქვეშა ბიზნესთან დაკავშირებით საინტერესო დეტალები გაარკვია", - წერს გაზეთი "ყველა სიახლე" სტატიაში სათაურით "სისხლიანი ტოტალიზატორი" / "ამით მაღალჩინოსნებმა ბიზნესი ააწყვეს".
"აქ ძაღლებს-მეცხვარე ნაგაზებს ხშირად აჩხუბებენ, არის ერთი ალიაქოთი და გნიასი, ანტისანიტარიაზე რომ არაფერი ვთქვათ. ჩხუბის შემდეგ მიწაზე სისხლის კვალი, ცხოველების ნაფლეთები რჩება, ამ ყველაფერს კი ბავშვები უყურებენ. მაყურებელი სხვადასხვა ასაკის, ძირითადად, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი ადამიანები არიან. არ გვინდა, ჩვენს სიახლოვეს ასეთ რამ ხდებოდეს", - ამბობს ლევან ტატიშვილი, თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრები.
"ყველა სიახლემ" იმ ადამიანსაც მიაკვლია, რომელსაც ძაღლების ჩხუბში, რომ იტყვიან, ჭიპი აქვს მოჭრილი. მან თავდაპირველად ჩვენთან საუბრისგან თავის შეიკავა, თუმცა მას შემდეგ, რაც ანონიმურობის დაცვის გარანტია მიიღო, მცირე კომენტარი გააკეთა: "არ ვიცი, აკრძალულია თუ არა ძაღლების ჩხუბი, მაგრამ ჩვენ კანონთან პრობლემა არასოდეს შეგვქმნია. არის რამდენიმე წესი - მხარეები თანხმდებიან, უნდა იყოს თუ არა ბრძოლა სიკვდილამდე. როგორც წესი, ეს იშვიათად ხდება ხოლმე. გარდა ამისა, მნიშვნელობა აქვს ძაღლის წონას. ორივე ძაღლი დაახლოებით ერთი წონის უნდა იყოს და ამიტომ ჩხუბამდე მათ წონიან ხოლმე. გვყავს რეფერიც. ჩხუბს პატრონები აკვირდებიან და როდესაც ერთერთი მხარე ჩხუბის შეწყვეტას მოითხოვს, მეორე მხარე ცხადდება გამარჯვებულად. რა თქმა უნდა, ფსონები იდება და საკმაოდ სერიოზულიც", - აღნიშნავს რესპონდენტი.
"ამ სისხლიან ტოტალიზატორს პირველ რიგში, ცხოველთა დაცვასთან დაკავშირებული არასამთავრობო ორგანიზაციები ემტერებიან. ერთერთი მათგანია ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის ორგანიზაციის ერთ-ერთი ხელმძღვანელი თეიმურაზ წიქორიძე: "ამ შეჯიბრების აზარტულ თამაშებთან პირდაპირი გაიგივება არ შეიძლება, რადგან ის ცოცხალი არსების სიცოცხლეს უქმნის საფრთხეს. ცხოველთა ჩხუბს კანონი კრძალავს, სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლით ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობა, რამაც მისი დაღუპვა ან დასახიჩრება გამოიწვია, ასევე ცხოველის წვალება, ჯარიმით ან ერთ წლამდე გამასწორებელი სამუშაოთი ისჯება. ეს არც სპორტული სანახაობაა, როგორც ზოგიერთი ამტკიცებს, საქმე გვაქვს ცხოველებისადმი სასტიკ მოპყრობასთან, ამიტომ ასეთი შეჯიბრებების ჩატარებას ვეწინააღმდეგებით. ჩვენთან ხშირად მოჰყავთ დასახიჩრებული, დაგლეჯილი ძაღლები, რომლებიც პატრონებმა აჩხუბეს, რის შემდეგაც ისინი დაავადდნენ, მერე კი ქუჩაში გამოყარეს", - აცხადებს ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის ორგანიზაციის ერთ-ერთი ხელმძღვანელი თეიმურაზ წიქორიძე.
"არსებობს კავკასიური ნაგაზები, ასევე სპეციალურად საჩხუბრად გამოყვანილი ძაღლები. ასეთი "არგუმენტი" დამახინჯებული ფსიქიკის გამოვლინებაა. ძაღლები არ უნდა აჩხუბო, რაც შეეხება კავკასიურ ნაგაზს, სულაც არ არის საჭირო, რომ ქალაქში შემოიყვანო, თბილისის ზღვაზე თუ ლოტკინზე ხეზე მიაბა და წელიწადში ხუთჯერ აჩხუბო. ნაგაზი, რომელიც მთაში იბადება, წინაპრებისგან ისედაც კარგად სწავლობს ჩხუბს, მასში გენეტიკური კოდია და იცის, როგორ დაიცვას ცხვარი მგლისაგან. ასეთი ორთაბრძოლები ავადმყოფური დამოკიდებულებაა, ვითომ "სპორტული" ჟინი, თან, რა თქმა უნდა, ბიზნესი, რომ რაკი ძაღლმა შეჯიბრება მოიგო, ყველაზე ძლიერი და შესაბამისად, ძვირადღირებულია, ხდება მაღალი ფსონების დადებაც. თუნდაც ისეთი ჯიშის ძაღლები, როგორიც პიტბულია, საქართველოში იმიტომ ჰყავთ, რომ აჩხუბონ. ამას მოჰყვება ხოლმე ძაღლების ტრავმირება, სიკვდილი, წაგებულების ქუჩაში უპატრონოდ გამოყრა. ასეთი შეჯიბრებებით ბევრმა ააწყო ბიზნესი საქართველოში, მათ შორის, მაღალჩინოსნებმა", - აღნიშნავს რესპონდენტი.
"ყველანაირად ვცდილობთ, მათ გამართვას ხელი შევუშალოთ. ჩავშალეთ თბილისის ზღვაზე დაგეგმილი ერთერთი ასეთი შეჯიბრება, სადაც 3000-მდე ადამიანი იყო შეკრებილი. კანონით, ისინი პოლიციას მკაცრად უნდა გაეფრთხილებინა, რომ ამგვარ შეჯიბრებას აღარ ჩაატარებდნენ, მაგრამ... დაშლის შემდეგ, 34 საათში, მათ სხვა ტერიტორიაზე გადაინაცვლეს და იქ გამართეს აკრძალული სანახაობა. ამა წლის მარტში კი არაოფიციალურად გამოცხადდა, რომ "შეჯიბრება" კახეთში უნდა გამართულიყო. დავადგინეთ მისი გამართვის კონკრეტული ადგილი - საგარეჯოს რაიონის სოფელი პატარა ჩაილური. შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალურადაც მივმართეთ, რომ კანონით გათვალისწინებული ზომები მიეღო, თუმცა რამდენიმე დღის წინ ეს ადამიანები ჩვენთან მოვიდნენ მოსალაპარაკებლად, რომ მომავალი შეჯიბრების ჩატარებაში ხელი არ შეგვეშალა, გვითხრეს ისიც, რომ კახეთში უპრობლემოდ გამართეს ძაღლების ჩხუბი, არადა, ცხოველებისადმი სასტიკ მოპყრობას კანონი კრძალავს. ჩვენი აზრით, ეს კანონი უფრო უნდა გამკაცრდეს, როგორც არაერთ ქვეყანაშია, ამ მხრივ ველოსიპედის გამოგონება საჭირო არ არის", - დასძენს რესპონდენტი და შეკითხვას - "როგორც ვიცი, ძაღლების ჩხუბთან ერთად, პოპულარულია მამლების ჩხუბიც. ისიც საინტერესოა, დაახლოებით რა რაოდენობის ფსონები იდება" - პასუხობს:
"ძაღლების ჩხუბისას დადებული ფსონები 23 ათას დოლარს აღწევს; რაც შეეხება მამლების ჩხუბს, ვიცით, რომ ნაძალადევის რაიონში, "ნახალოვკაში" ამ ბიზნესში ჩართულ რამდენიმე ოჯახს სპეციალურად გამოჰყავთ მებრძოლი მამლები და აჩხუბებენ".