რას ფიქრობს დიმიტრი მედვედევი საქართველოზე?

რას ფიქრობს დიმიტრი მედვედევი საქართველოზე?

რუსეთის პრემიერ-მინისტრმა დიმიტრი მედვედევმა ტელეკომპანია ღუსსია თოდაყ-სთვის მიცემულ ინტერვიუში ვრცლად ისაუბრა აგვისტოს ომზე და რამდენიმე საგულისხმო განცხადება გააკეთა. როგორ აღიქვამენ საქართველოსთან დაკავშირებულ სიტუაციას მოსკოვში ომის მეხუთე წლისთავზე? ამის დადგენა საკმაოდ მნიშვნელოვანია თუნდაც იმიტომ, რომ 2008-ში სააკაშვილის მიერ რუსული ფაქტორის უგულებელყოფამ კატასტროფა მოგვიტანა და მისი შეცდომის გამეორება, ალბათ, არ ღირს. რას ფიქრობს რუსეთის მეორე პირი ქართულ-რუსული ურთიერთობების წარსულზე, აწმყოსა და მომავალზე და არსებობს თუ არა შეხების წერტილები, რომელთა გამოყენებით ომის შედეგების აღმოფხვრას მოვახერხებთ?

ევრაზიული დილემა

ქართულ აუდიტორიას მედვედევის ინტერვიუში, უპირველესად, ალბათ, არა მისი მოგონებები, არამედ მომავალთან, კერძოდ, საქართველოს გამთლიანებასთან, დაკავშირებული მოსაზრებები აინტერესებდა. კორესპონდენტის კითხვებზე _ «თუ საქართველოს ახალი ხელისუფლება სააკაშვილის პოლიტიკური არენიდან წასვლის შემდეგ შეძლებს, ააწყოს ურთიერთობა სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ხალხთან, შესაძლებელია თუ არა, როგორც ჰიპოთეტური ვარიანტი, ამ ერების გაერთიანება? შეძლებდა თუ არა რუსეთი ასეთ შემთხვევაში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა ეღიარებინა?» _ დიმიტრი მედვედევმა შემდეგი პასუხი გასცა: «ამქვეყნად ყველაფერი დამოკიდებულია გადაწყვეტილებებზე, რომელთაც ადამიანები იღებენ, და პოლიტიკურ ნებაზე. სულ რაღაც ცოტა ხნის წინ ჩვენ ვერ წარმოვიდგენდით, რომ საბაჟო კავშირის შექმნას შევძლებთ და ახლა ევრაზიის ეკონომიკური კავშირისკენ მივდივართ. ეს კი სერიოზული ინტეგრაციული გაერთიანებებია, მათ შორის პოლიტიკური, არა მხოლოდ ეკონომიკური, არამედ პოლიტიკური შედეგებით. ყველაფერი დამოკიდებული იქნება ერების ნებაზე, რომელნიც ამ ტერიტორიებზე ცხოვრობენ. ქართველი ხალხის ნებაზე და მასზე, ვისაც თავისი ქვეყნის ხელმძღვანელებად აირჩევენ; აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის ხალხის ნებაზე. მათ შეუძლიათ გასცენ ნებისმიერი მანდატი და ეს იქნება მათი კონტიტუციისა და საყოველთაოდ აღიარებული ადამიანური პრაქტიკის ფარგლებში. ჩვენ გვინდა, რომ მათ მშვიდობიანად იცხოვრონ. რა ფორმაში იქნება განხორციელებული მათი ურთიერთობა, ეს მათი საქმეა. ჩვენ ამ პროცესებზე ზეგავლენას არ მოვახდენთ. მაგრამ, ცხადია, ჩვენ რუსეთის ეროვნულ ინტერესებს დავიცავთ».

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც რუსეთის მაღალი რანგის ხელმძღვანელმა საქართველოს გამთლიანების შესაძლებლობაზე მიანიშნა. ომის შემდეგ ეს ვლადიმერ პუტინმაც გააკეთა (ევგენი პრიმაკოვის იუბილეზე და სადისკუსიო კლუბ «ვალდაის» სხდომაზე), მაგრამ ამ შემთხვევაში გზავნილი აუდიტორიას მიეწოდა პირდაპირ და არა შეხვედრის სხვა მონაწილეთა მეშვეობით. ამასთანავე, მიუხედავად იმისა, რომ მედვედევის რეპლიკა რაიმე დეტალურ სცენარს არ შეიცავდა, მასში ოდნავ უფრო მეტი კონკრეტიკა იყო, ვიდრე ადრინდელ განცხადებებში. საგულისხმოა, რომ საუბარი საქართველოს შესაძლო გამთლიანებაზე რუსეთის პრემიერმა ევრაზიული კავშირისა და პოსტსაბჭოთა ინტეგრაციის გაღრმავების თემით დაიწყო, ხოლო დაასრულა ფრაზით რუსეთის ეროვნულ ინტერესებზე. მედვედევმა ამით, ალბათ, ცალსახად მიანიშნა, რომ საქართველოს გამთლიანება, რომელსაც რუსეთში, საქართველოსგან განსხვავებით, განიხილავენ მხოლოდ როგორც ერთ-ერთ ჰიპოტეტურ ვარიანტს, თანაც ძალიან ფრთხილად, შეიძლება მხოლოდ რუსეთის «ქოლგის» ქვეშ მოხდეს. აგრეთვე, რუსეთის პრემიერმა მიუთითა ერთგვარ «შლაგბაუმზე», რომლის მეშვეობით (პრაქტიკულად ნებისმიერ წამს) შეიძლება დაიბლოკოს მოძრაობა ამ მიმართულებით. ეს სეპარატისტული მთავრობების ხისტი პოზიციაა. აქ ჩვენ საინტერესო კითხვას ვუახლოვდებით: შედის თუ არა კრემლის ინტერესებში, რომ საქართველო გამთლიანებისკენ წავიდეს?

ამ კითხვაზე პასუხის გაცემა შეუძლებელი იქნება, თუ კიდევ ერთ კითხვას არ ვუპასუხებთ: რამდენად დიდია მოსკოვის გეოპოლიტიკური ამბიციები ამ ეტაპზე?

თუ მას სურს, სამხრეთ კავკასიაში აღიდგინოს ის პოზიციები, რომლებიც საბჭოთა კავშირის დაშლამდე ჰქონდა და ძლიერების პროეცირება კიდევ უფრო შორს, სამხრეთით მოახდინოს, მან საქართველო საკუთარი გავლენის სფეროში უნდა მოაქციოს (გეოგრაფია არავის გაუუქმებია), რაც მისი ტერიტორიული გამთლიანების პრობლემის გადაწყვეტის გარეშე შეუძლებელი ჩანს. XIX-XX საუკუნეებში მსგავსი საკითხების გადაწყვეტის ერთ-ერთ ძირითად, ხშირად კი ერთადერთ საშუალებას სამხედრო ძალმომრეობა წარმოადგენდა, თუმცა დღეს მისი შეუზღუდავი გამოყენება დიდ დისკომფორტს უკავშირდება. სამხრეთ კავკასიაში საიმედო პოზიციების დაკავებისთვის, მისი გადაქცევისთვის ერთგვარ «საბაზო ბანაკად» გავლენის შემდგომი გავრცელებისთვის სამხრეთით (აგრეთვე, ჩრდილოეთ კავკასიის საბოლოო «დალაგებისთვის») მოსკოვს საქართველოში მეგობრული გარემო სჭირდება, დაახლოებით ისეთი, როგორიც ქართულმა ელიტამ XIX საუკუნეში შეუქმნა.

მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ კრემლის ამბიციები შედარებით მოკრძალებულია და მხოლოდ იმით შემოიფარგლება, რომ ნატოს (აშშ-ის) ძალები მისი კავკასიური საზღვრის უშუალო სიახლოვეს არ გამოჩნდნენ, მას მხოლოდ აგვისტოს ომის შედეგად დაკავებული პლაცდარმების შენარჩუნებაღა დასჭირდება. მარტივად რომ ვთქვათ, თუ კრემლი არ აპირებს სამხრეთით უფრო შორს წაიწიოს ან ხედავს, რომ ამ ეტაპზე ამისთვის აუცილებელ რესურსებს არ ფლობს, საუბარი საქართველოს გამთლიანებაზე მისთვის უაზრო ხდება.

იმისთვის, რომ ევრაზიული ინტეგრაცია საქართველოში ქვეყნის გამთლიანებასთან ასოცირდებოდეს, რუსეთმა არაერთი ნაბიჯი გადადგა და ამას მედვედევის ახალი მინიშნებები დაემატა. ამასთანავე, პუტინი და მედვედევი ცდილობენ, ქართველებზე ხაზგასმით კორექტულად ისაუბრონ, მიუხედავად იმისა, რომ ეს, ომის კვალობაზე, რუსული საზოგადოების ნაწილს, განსაკუთრებით რადიკალურად განწყობილ ნაციონალისტებს არ მოსწონთ. ამ ინტერვიუშიც მედვედევმა ახსენა «განსაკუთრებული სიმპათია, რომელსაც რუსები ქართველების მიმართ განიცდიან და პირიქით» და შემდეგი «შემარბილებელი» ფორმულირება გამოიყენა: «ეს არ იყო ომი სახელმწიფოთა შორის და მითუმეტეს ომი რუსეთისა და საქართველოს ხალხებს შორის. ეს იყო მშვიდობისადმი იძულების ოპერაცია. მას აბსოლუტურად ლოკალური მიზნები ჰქონდა» (და შემდეგ: «ეს არ იყო ერების სიღრმისეული კონფლიქტი»). მაგრამ ყოველივე ეს არ ნიშნავს, რომ რუსეთი დღეს მზადაა, საქართველოს ხელისუფლებას შესთავაზოს «საგზაო რუკა», რომელიც, ერთის მხრივ, მის გამთლიანებას, ხოლო მეორე მხრივ, რუსეთის კონტროლქვეშ გადასვლას უზრუნველყოფს. ეს, სავარაუდოდ, მხოლოდ მას შემდეგ მოხდება, რაც ოფიციალური თბილისი უარს იტყვის ნატოში გაწევრიანებაზე და ევრაზიული ინტეგრაციის მიმართ სიმპათიას ღიად გამოხატავს, რისთვისაც ივანიშვილის ხელისუფლება მზად არ არის. აქედან გამომდინარე, ამ ეტაპზე, ნაკლებად სავარაუდოა, რომ რუსები ბუნდოვან მინიშნებებზე შორს წავიდნენ.

 სააკაშვილის ექსცესი

კიდევ ერთი საინტერესო მონაკვეთი დიმიტრი მედვედევის ინტერვიუდან, რომელიც აგვისტოს ომის პერიოდში აშშ-ის პოზიციას უკავშირდებოდა. კორესპონდენტის კითხვას «რამდენად ინფორმირებული იყო შეერთებული შტატების ხელმძღვანელობა გეგმებზე, ანუ აღიქვამთ თქვენ ამას როგორც საერთო ქართულ-ამერიკულ გეგმას თუ მაინც როგორც საქართველოს პრეზიდენტის პირად ავანტიურას?» მედვედევმა ასე უპასუხა: «არ ვიცი, მაგრამ ამოვდივარ იქიდან, რომ აშშ დიდი, მოწიფული, ძალიან მძლავრი სახელმწიფოა, რომელიც მთელ მსოფლიოში თავის ინტერესებს ატარებს. არა მგონია, რომ აშშ-ის ინტერესებს პასუხობდა ასეთი ერთობლივი, სწორხაზოვანი პარტია სააკაშვილთან, რომელიც ასე სამარცხვინოდ დასრულდა. ერთია გარკვეული მდგომარეობა, როდესაც ყველაფერი ბოლომდე არ ითქმის, და სულ სხვაა სიტუაციის გათამაშება ერთობლივი თამაშის რეჟიმში. მე ვფიქრობ, რომ ეს, როგორც მინიმუმი, შემსრულებლის ექსცესია, სავარაუდოდ კი, ძალიან უხეში პოლიტიკური შეცდომა, რომელმაც მოიტანა დანაშაული იმის მხრიდან, ვინც მაშინ საქართველოს ხელმძღვანელი გახლდათ». ალბათ, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ დიმიტრი მედვედევი, რომელმაც იურიდიული განათლება რუსეთში მიიღო, «შემსრულებლის ექსცესს», სავარაუდოდ, რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის 36-ე მუხლის ჩარჩოებში განიხილავს: «შემსრულებლის ექსცესად აღიარებულია შემსრულებლის მიერ ისეთი დანაშაულის ჩადენა, რომელსაც სხვა თანამონაწილეთა განზრახვა არ შეიცავდა. შემსრულებლის ექსცესისთვის დანაშაულის სხვა თანამონაწილეები სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას არ ექვემდებარებიან».

საინტერესოა, რას განიხილავს რუსეთის პრემიერი «თანამონაწილეთა» პირვანდელ განზრახვად? XXI საუკუნის პირველ წლებში ამერიკელების საქმე პოსტსაბჭოთა სივრცეში ასე თუ ისე კარგად მიდიოდა, «ფერადი რევოლუციების» ტალღამ მათი გავლენა გააფართოვა, კრემლი უკან იხევდა, დღის წესრიგში უკვე ბელარუსის «გაფერადების» საკითხი იდგა, მაგრამ აგვისტოს ომმა თითქოს გააღვიძა მთვლემარე დათვი და დაიწყო მასშტაბური რუსული კონტრშეტევა. როგორც წესი, ეს გამძვინვარებული დათვი იღვიძებს მაშინ, როდესაც მოწინააღმდეგე იღებს სმოლენსკს, თუმცა ამჯერად ეს გაცილებით ადრე მოხდა. ასეთი რეაქციის გამოწვევა და კრემლისთვის საბაბის მიცემა ამერიკელების მხრიდან არარაციონალური იყო; არ ჩანს მიზეზი, რომლის გამო მათ სამხედრო საშუალებებით უნდა შეეცვალათ «ფერადი ტალღის» სავსებით ეფექტური ტექნოლოგიები, რომელთანაც გამკლავება რუსეთის ხელისუფლებამ მხოლოდ გარკვეული დროის შემდეგ ისწავლა.

შესაძლოა, მედვედევი განიხილავს «პირვანდელ განზრახვად» რუსეთის პოზიციების დასუსტებას პოსტსაბჭოთა სივრცეში «ფერადი რევოლუციების» ექსპორტისა და სხვა არაძალადობრივი მეთოდების გამოყენებით; ბუშის ადმინისტრაცია ამ მხრივ სააკაშვილის ხელისუფლებასთან ძალიან მჭიდროდ თანამშრომლობდა, ხოლო შემსრულებლის, ანუ «სააკაშვილის ექსცესად» _ ფიგურანტის მიერ ამ პროცესში სამხედრო კომპონენტის შემოტანას, რამაც, საბოლოო ჯამში, სიტუაცია თავდაყირა დააყენა.

აგვისტოს ომის არაერთი ქართველი მკვლევარი გაფაციცებით ეძებს და ვერ პოულობს ბუშის, ჩეინის, რაისის ან თუნდაც მაკკეინის რეპლიკას, რომელმაც სააკაშვილი გააგიჟა და ამერიკელების ქმედითი მხარდაჭერის იმედი ჩაუსახა. ეს გასაგებიცაა, რადგან მისი არარსებობიდან გამომდინარეობს ის, რომ 9 წლის განმავლობაში საქართველოს უიმედო შიზოფრენიკი მართავდა, რომელიც მყარი ამერიკული გარანტიების გარეშე წავიდა კონფრონტაციის გაღრმავებაზე უზარმაზარ ბირთვულ სახელმწიფოსთან. ამის გააზრება კი ქართველებისთვის საკმაოდ უხერხულ განცდას უკავშირდება. საინტერესოა, რას მოუყვება ამ თემაზე გამოძიებას (ან დაწერს მემუარებში) სააკაშვილი.

არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მომენტი: სააკაშვილი და მისი თანამეინახეები ხედავდნენ და აღიქვამდნენ აშშ-რუსეთის ურთიერთობის მხოლოდ ერთ ასპექტს, რომელიც პოსტაბჭოთა სივრცეში მეტოქეობას უკავშირდებოდა და ამ დაპირისპირების ლოგიკით ხელმძღვანელობდნენ. ეს ძალიან ვიწრო, შეიძლება ითქვას, პროვინციული ხედვა იყო. გლობალური ბირთვული უსაფრთხოება, ურთიერთობები სამკუთხედში ვაშინგტონი-პეკინი-მოსკოვი და ასე შემდეგ, მათთვის არაფერს ნიშნავდა. მარტივად რომ ვთქვათ, ისინი ვერ აღიქვამდნენ აშშ-რუსეთის ურთიერთობების მასშტაბს, სიღრმეს და მათთან დაკავშირებულ გლობალურ პასუხისმგებლობას; გასაკვირი არაა, რომ თავიანთ ფანტაზიებში იქამდეც მივიდნენ, რომ აშშ-ის სამხედრო ჩარევის შესაძლებლობას ხელშესახებ რეალობად განიხილავდნენ.

სიგიჟე, როგორც განვლილი ეტაპი

2008 წლის აგვისტოს მოვლენების შეფასებაში საქართველოსა და რუსეთის (ნებისმიერი) მთავრობების პოზიცია ერთმანეთს 100%-ით, სავარაუდოდ, არასოდეს დაემთხვევა, თუმცა ბოლო დროს ორი საგულისხმო ტენდენცია გამოიკვეთა. ჯერ ერთი, ძალიან ცოტა დრო დარჩა იმ დღემდე, როდესაც სააკაშვილი დატოვებს პოსტს და როგორც საქართველოს, ისე რუსეთის ხელისუფლებაში შეინიშნება სურვილი, რომ მან, როგორც «განტევების ვაცმა», მძიმე წარსული, ნაწილობრივ მაინც, «თან წაიღოს» (ციხეში თუ სახლში, ცალკე განხილვის თემაა). ამასთანავე, ხელისუფლების წარმომადგენლებმა მოსკოვსა და თბილისში აგვისტოს ომზე საუბრისას ბოლო დროს რიტორიკა აშკარად შეარბილეს.

ცხადია, ვერავინ ამოშლის ამ ომს ისტორიიდან და ხელის ერთი მოსმით მის შედეგებს ვერ აღმოფხვრის, მაგრამ აშკარაა, რომ ოფიციალური თბილისის პოზიციაში წარსულისა და მომავლისგან ერთმანეთისგან გამიჯვნის სურვილი ფიქსირდება. განხილულ კონტექსტში, პრემიერ-მინისტრის წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში, ზურაბ აბაშიძემ, შემდეგი განცხადება გააკეთა: «ომს მოჰყვა უმძიმესი შედეგები, მსხვერპლი, ეკონომიკური ზარალი, ლტოლვილები, მძიმე პოლიტიკური შედეგები. მიუხედავად იმისა, რომ ეს ერთ-ერთი ყველაზე უფრო ტრაგიკული ფურცელია ჩვენს უახლოეს ისტორიაში, ჩვენ მაინც უნდა შევეცადოთ, რომ წინ ვიყუროთ, ვიფიქროთ ხვალინდელ დღეზე, რათა შეძლებისდაგვარად გადავლახოთ ეს ჩიხური ვითარება, ნელ-ნელა გამოვიდეთ აქედან და ნაბიჯ-ნაბიჯ შევეცადოთ რუსეთთან ურთიერთობის დარეგულირებას» (ინტერპრესნიუსი).

აქვს თუ არა ამ მიდგომას ალტერნტივა? სააკაშვილის მცირერიცხოვანი მომხრეები გვთავაზობენ, გავაგრძელოთ კონფრონტაცია რუსეთთან ჩვენს ხელთ არსებული ყველა საშუალებით, მაგრამ სიტუაციაში, როდესაც ომის წარმოების ყველა სამხედრო და პოლიტიკური საშუალება ამოწურულია, მათი პოზიცია შემდეგ ალგორითმამდე დაიყვანება: ისტერიულად ვაგინოთ და ვწყევლოთ რუსეთი ყველგან, სადაც ხელი მიგვიწვდება. იმ სიტუაციაში, როდესაც ამერიკელებს და ევროპელებს ამის მოსმენაც კი აღარ სურთ, ეს საბოლოოდ დადის განცხადებებამდე ადგილობრივი ტელევიზებისთვის და ორკილომეტრიან მონოლოგებამდე სოციალურ ქსელებში, ანუ იმ აქტიურობამდე, რომელსაც აპრიორი არ შეუძლია რუსეთს ზიანი მიაყენოს და საქართველოს მდგომარეობა გააუმჯობესოს. დღევანდელი სახით ეს არა ომის წარმოებას, არამედ უფრო ფსიქიკურ აშლილობას ჰგავს.

«ნაციონალებს», ძველი გამოთქმის თანახმად, შეეძლოთ «ქალებივით დაეტირათ ის, რაც, როგორც მამაკაცებმა, ვერ დაიცვეს», მაგრამ, როგორც ჩანს, სულიერი ძალა ამისთვისაც არ ეყოთ და ისტერიული წყევლა-კრულვის გარდა საზოგადოებას ვერაფერი შესთავაზეს. ასეა თუ ისე, აშკარაა, რომ ამ ფუნდამენტზე სახელმწიფოს საგარეო პოლიტიკის აგება არ შეიძლება.

ომი წაგებულია, მისი შედეგები კატასტროფულია, სამშვიდობო დარეგულირებას ალტერნატივა არ აქვს. შესაბამისად, ჩვენ მოგვიწევს დიალოგის გაღრმავება რუსეთთან, მიუხედავად იმისა, მოგვწონს თუ არა პუტინისა და მედვედევის პოლიტიკა ან ცალკეული ფორმულირებები მათ ინტერვიუებში და, ალბათ, არც იმის ილუზია უნდა გვქონდეს, რომ მოლაპარაკებებზე მივაღწევთ ყველაფერს, რაც გვსურს, ისე, რომ კრემლმა ამის სანაცვლოდ ვერაფერს მიაღწიოს.