აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ არ არსებობს იმის მტკიცებულება, რომ რუსეთის ხელისუფლება ნამდვილად მზად არის, დაიწყოს მნიშვნელოვანი დიპლომატიური მოლაპარაკებები უკრაინის წინააღმდეგ ომის დასასრულებლად.
„პირიქით. არსებობს საპირისპირო მტკიცებულება. უბრალოდ მოუსმინეთ, რას ამბობს პრეზიდენტი პუტინი [სახელმწიფო მდივანმა იგულისხმა ვლადიმირ პუტინის ბოლო განცხადება, რომ აზრი არ აქვს საუბარს, სანამ უკრაინა „ახალ ტერიტორიულ რეალობას არ აღიარებს“]. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, სანამ უკრაინა არ აღიარებს, რომ რუსეთმა წაართვა ტერიტორიები, ის არც კი ილაპარაკებს“, - განმარტა ბლინკენმა და ხაზი გაუსვა იმას, რომ ასეთი წინადადება მიუღებელია.
ბლინკენის თქმით, საერთაშორისო თანამეგობრობას სურს სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობა და არა ისეთი, სადაც კრემლს შეუძლია გაიმეოროს თავისი ქმედებები უახლოეს მომავალში, როდესაც დაისვენებს და გადაიარაღდება თავდასხმისთვის.