ლაშა ბაქრაძე: საქართველოს ეკლესია დღეს ეწევა ღია პრორუსულ პროპაგანდას

ლაშა ბაქრაძე: საქართველოს ეკლესია დღეს ეწევა ღია პრორუსულ პროპაგანდას

რაზე მიუთითებს საქართველოს პატრიარქის მიერ გამოცემა "კავკაზსკაია პოლიტიკასთან" საუბარში გაკეთებული განცხადება სტალინის შესახებ და იმაზე, რომ მას ძალიან უყვარს რუსეთი? ამ საკითხზე „ბათუმელებთან“ ისტორიკოსმა, „საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის" ერთ-ერთმა დამფუძნებელმა და ლიტერატურის მუზეუმის დირექტორმა ლაშა ბაქრაძემ ისაუბრა:


ბატონო ლაშა, რუსულ გამოცემა „кавказская политика"-სთან ინტერვიუში პატრიარქმა განაცხადა, რომ მას რუსეთი ძალიან უყვარს, ამავდროულად ის ლაპარაკობს სტალინზე, როგორც გამოჩენილ პიროვნებაზე, რომელსაც გაცნობიერებული ჰქონდა რუსეთის მსოფლიო მნიშვნელობა. როგორ შეაფასებთ პატრიარქის ამ განცხადებას,
რაზე მეტყველებს ეს?

სამწუხაროდ, ბოლო დროს აშკარა ხდება, რომ საქართველოს ეკლესია, ყოველ შემთხვევაში მისი მესვეურები, დღეს საქართველოში ასრულებენ რუსეთის მეხუთე კოლონის როლს. ინსტიტუცია, რომელიც საქართველოში ყველაზე პოპულარული და გავლენიანია, ეწევა ღია პრორუსულ და ანტიდასავლურ პროპაგანდას. ამ ჭრილში უნდა განვიხილოთ პატრიარქის გამონათქვამებიც, რომ რუსეთთან იყო და იქნება მეგობრობა, ის ზღაპრები, რომელსაც ყვება ლტოლვილთა დაბრუნებასთან დაკავშირებით დადებულ პირობებზე და ასე შემდეგ, ძალიან სამწუხაროა, რადგან დღეს საქართველოს ჰყავს ერთადერთი მტერი და ეს მტერი არის რუსეთი. ყოველ შემთხვევაში, მთავარი მტერი და ამ მთავარი მტრის ასეთ დონეზე პროპაგირება, ვფიქრობ, ცუდის მაჩვენებელია და პოლიტიკურად სრულიად გაუმართლებელი ქვეყანაში, რომლის ტერიტორიის დიდი ნაწილი ოკუპირებულია და რომელსაც ძალიან ცუდი გამოცდილება აქვს რუსეთთან ურთიერთობების. ეს არის დავიწყება საკუთარი ისტორიისა, ეს არის უარყოფა საკუთარი ისტორიისა და მე ვიტყოდი მონობის, ყმობის პროპაგანდა.

როგორ ფიქრობთ, რატომ ხდება რუსეთთან დიალოგის აღდგენის მცდელობა სტალინის კულტზე გავლით და არა დიალოგი, როგორც თანასწორუფლებიან სახელმწიფოსთან. რას მიანიშნებს ეს?

როგორც ჩანს, ამით ვაჩვენებთ თუ რა არის ერის ცხოვრების იდეალი, რომ ვიყოთ ყმა სხვა ქვეყნის. სტალინი, როგორც საქართველოსთვის, ასევე რუსეთისთვის საშინელი, სისხლიანი რეჟიმის სიმბოლურ ფიგურას წარმოადგენს, რომელიც იყო დამყარებული ადამიანის ყოველგვარი უფლების უარყოფაზე. შეიძლება პატრიარქმა გაიხსენოს ის, რომ ტიროდნენ მისი გარდაცვალების გამო და დარწმუნებული ვარ, რომ ტიროდნენ სემინარიაში და არა მარტო იქ, გულაგებშიც კი ტიროდნენ, სადაც ოცნებობდნენ, რომ სტალინი მომკვდარიყო. მაგრამ, ეს არ არის მთავარი, მთავარი არის ის, რომ უკვე სტალინისგან გამოგვყავს მართლმადიდებლობის დამცველი, რელიგიური ადამიანი, რაც, ვფიქრობ, ზღვარს სცილდება, არა მხოლოდ ელემენტარული ცოდნის, არამედ ეთიკის ზღვარსაც.

სტალინის პერიოდში ეკლესიამ, მათ შორის ქართულმა, განიცადა არა მარტო მატერიალური ზარალი, არამედ მორალურიც. სასულიერო პირებიც, ისევე როგორც საზოგადოების დიდი ნაწილი, გახდნენ რეპრესიების მსხვერპლნი. ამ ყველაფრის იგნორირებას ახდენს თუ არა დღეს პატრიარქი თავისი განცხადებით?

ის ეკლესია, რომელიც დღეს გვაქვს, ვერ შეძლებს სტალინისგან გათავისუფლებას.

თუკი მართლმადიდებელი ეკლესია ვერ გათავისუფლდა საბჭოთა ტოტალიტარიზმის კომპლექსისგან, რამდენად არსებობს იმის ალბათობა, რომ ქართული საზოგადოება შეძლებს სტალინისგან განთავისუფლებას? და რას მოუტანს ეს ქართულ სახელმწიფოს?

საზოგადოებასაც ძალიან გაუჭირდება, რადგან მათთვის გავლენიანი და პოპულარული ადამიანები ეწევიან რუსეთის პროპაგანდას. ეწევიან ყველაზე საშინელი დიქტატორის პროპაგანდას და მისგან ქმნიან რაღაც იდეალურ ხატს, რომელიც არის მაკავშირებელი რგოლი მეტროპოლიასა და კოლონიას შორის.

სტალინის რეაბილიტაციის მცდელობამ ეკლესიის მხრიდან რა შედეგამდე შეიძლება მიიყვანოს თავად ეკლესია? და არის თუ არა ეს რეპრესიული რეჟიმის გამართლების მცდელობა?

როგორც ჩანს, ეკლესიის ის ნაწილი, რომელიც პრორუსულად არის განწყობილი, საბჭოთა პერიოდის შედეგია და სწორედ სტალინური რეპრესიების შედეგია ის, რომ ქართული სამღვდელოების საუკეთესო ნაწილი, რომელიც მართლაც სულიერებისთვის იბრძოდა, დაიღუპა. შემდეგ მოვიდნენ ჩეკისტები და კაკებეშნიკები, რომლებიც ეკლესიაში სწორედ 

სტალინმა დასვა სხვადასხვა თანამდებობაზე და ამით უწყობდა ხელს ეკლესიის გახრწნას.

ჩვენ არაერთხელ გვინახავს ხატების გვერდით განთავსებული სტალინის ფოტოები, რომელზეც არასდროს უსაუბრია საპატრიარქოს, თუნდაც როგორც საზოგადოებრივ პრობლემაზე, ან ღირებულებების პრობლემაზე.


ეს ქვეცნობიერად წმინდანებისა და სტალინის ერთ სიბრტყეზე განთავსებას ხომ არ ნიშნავს?

როგორც ჩანს, პატრიარქი ამას არ მიიჩნევს პრობლემად, რადგან თვითონაც გულში დიდი სტალინისტი აღმოჩნდა.

ქართველი სასულიერო პირები ხშირად ეწევიან დასავლეთის დისკრედიტაციას და მას როგორც ქართული სახელმწიფოებრიობის მტერს, ისე წარმოაჩენენ. პატრიარქმა განაცხადა, რომ არ უნდა გავუშვათ სასწავლებლად შვილები უცხოეთში და ა.შ. ფაქტობრივად პატრიარქი ერთადერთი ადამიანია, რომელსაც აქტიურად მიჰყავს რუსეთთან დიალოგი. რა შედეგები შეიძლება მივიღოთ პოლიტიკურად სამომავლოდ?

რუსეთს, ფაქტობრივად, გამოყვანილი ჰყავს მთელი თავისი აგენტურა და საქართველოში მიმდინარეობს წარმოუდგენელი ანტიდასავლური და პრორუსული პროპაგანდა და საქართველოს პოლიტიკური ორიენტაციის ამ ბრძოლაში პატრიარქი დღესდღეობით თამაშობს უაღრესად არადადებით როლს.

პატრიარქის რუსულ პრესაში გამოქვეყნებულ ინტერვიუს მხოლოდ სოციალურ ქსელში მოჰყვა რეაგირება, ნაკლებად - ტელემედიაში. მაშინ როცა სხვადასხვა კვლევაზე დაყრდნობით ვამბობთ, რომ ეკლესიას აქვს 95-პროცენტიანი ნდობა და რომ საზოგადოების უმრავლესობა მის განწყობებს თუ განცხადებებს იღებს კრიტიკის გარეშე, ვის აკისრია პასუხისმგებლობა შედეგებზე?

კრიტიკის გარეშე პატრიარქის განცხადებებს იღებს არა მარტო მორწმუნეთა ნაწილი, მთელი პოლიტიკური ელიტა სრულიად გაჩუმებულია. ტაბუ აქვს დადებული ელემენტარულ აზრის გამოთქმასაც კი ეკლესიასთან და მით უმეტეს პატრიარქთან დაკავშირებით და ყოველთვის, როცა არსებობს ქვეყანაში თემები, რომელსაც ადევს ტაბუ, ეს იმას ნიშნავს, რომ ამ ქვეყანაში არ არის აზროვნების ნამდვილი თავისუფლება.

რას უნდა ველოდეთ ამ სიჩუმისგან?

უფრო მეტ შემოტევას რუსეთისგან და მისი გავლენის არასასურველ ზრდას. რუსეთი წარმოადგენს მტრულ სახელმწიფოს არა მარტო ქართველი ხალხის, არამედ რუსი ხალხის წინააღმდეგაც, რადგან ის არის ღრმად არადემოკრატიული სახელმწიფო, რომელსაც არ მიუტოვებია თავისი იმპერიალისტური ზრახვები. ამიტომ, ამ პრობლემაზე პატიოსანმა ადამიანებმა უნდა ისაუბრონ, მათ, ვისაც მართლა აწუხებს საქართველოს ბედი. ნაკლები იმედი მაქვს მედიის, რადგან საქართველოში მედია არა თუ ყვითელია, არამედ - შავბნელი.

netgazeti.ge