„ქვემო ქართლს დღესაც ვაჟა ლილუაშვილი კურირებს“

„ქვემო ქართლს დღესაც ვაჟა ლილუაშვილი კურირებს“

გარდაბნის რაიონში ყოფილი და ამჟამინდელი სახელმწიფო მოხელეების ჯგუფი აქტიურად არის ჩართული სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის უკანონო პრივატიზებისა და მათი შემდგომი განკარგვის საქმეში. სოფელ ჯანდარის მკვიდრი ჯემალ მუსაევი ერთ-ერთია რომელსაც სახელმწიფომ მის სარგებლობაში არსებული 172 ჰექტარი მიწის ფართობი წაართვა. მუსაევმა მთავარ პროკურატურას განცხადებით მიმართა, თუმცა ამ დრომდე მას არჩილ კბილაშვილის უწყებიდან არავინ შეხმიანებია.

მუსაევი კუთვნილი ქონების დაბრუნებას ითხოვს. მისივე განცხადებით, სოფელ ჯანდარის ყოფილი რწმუნებული რომან გასაევი მჭიდრო ურთიერთობაში იყო კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტთან და მიწების უკანონოდ მისაკუთრების მიზნით, გასაევს და მის ჯგუფს შემუშავებული ჰქონდათ რამდენიმე თაღლითური სქემა, ისინი, ძირითადად, ადგილობრივ, აზერბაიჯანელ მოსახლეობას დაშინებისა და ძალმომრეობის გზით ართმევდნენ მათ საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებს. ხოლო, იმ შემთხვევაში, თუ ვერ ახერხებდნენ ამ გზით მოქალაქეებისთვის მიწის წართმევას, მაშინ ერთვებოდა უკვე მათთვის აპრობირებული მეთოდი - მიწის მფლობელის ან მეიჯარის ოპოზიციონერად გამოცხადება, რაც, როგორც მუსაევი ამბობს, მათ უადვილებდა მიწათმფლობელებისთვის მიწის ჩამორთმევას და შემდგომში მისი თვითნებურად განკარგვის საკითხს.

გარდაბნის გამგეობამ ჯემალ მუსაევს 1998 წელს 10-წლიანი იჯარით გადასცა 190,03 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწა. მუსაევმა ამავე წელს დაარსა შპს „ზანგერი“, სადაც დასაქმებული იყო 252 ადგილობრივი მკვიდრი. მუსაევის მიწის ნაკვეთით დაინტერესება ადგილობრივმა ხელისუფლებამ 2004 წელს გამოიჩინა. მას თავდაპირველად მოსთხოვეს, რომ აღნიშნული შპს სახელმწიფოსთვის გადაეცა, რასაც მუსაევის მხრიდან წინააღმდეგობა მოჰყვა.

ადგილობრივმა ხელისუფლებამ მუსაევი ოპოზიციონერად გამოაცხადა, თითქოს, იგი მთელი მმართველი გუნდის წინააღმდეგი იყო და შესაბამისად, ძირს უთხრიდა ქართულ სახელმწიფოებრიობას. 2004 წლის 22 დეკემბერს, გარდაბნის რაიონის იმჟამინდელმა გამგებელის მოვალეობის შემსრულებელმა დავით ნადაშვილმა გამოიტანა დადგენილება შპს „ზარგერი“-სთვის საიჯარო ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის შესახებ, ხოლო კონტროლი აღნიშნული დადგენილების შესრულებაზე გამგებლის მოადგილეს დავით მაღრაძეს დაევალა. ამ დადგენილების კანონიერება შემდგომ დაადასტურა სხვადასხვა ინსტანციის სასამართლომ, რის შემდეგადაც შპს „ზარგერი“-ს მიწა სახელმწიფოს გადაეცა. მოგვიანებით აღნიშნული ფართობი ვინმე ასკარ ჯაფაროვის კუთვნილება გახდა, რომელიც კუდის ყოფილი უფროსის მოადგილესთან ვაჟა ლილუაშვილთან დაახლოებული პირია.

For.ge-სთან საუბრისას ჯემალ მუსაევი აცხადებს, რომ რეალურად, მისი კუთვნილი მიწის ფართობის მესაკუთრე ვაჟა ლილუაშვილია, რომელმაც მისივე განცხადებით, უკანონოდ ჩაიგდო ხელში ქვემო ქართლში სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთები.

ჯემალ მუსაევი: სოფლის რწმუნებული რომან გასანოვი და მისი ზონდერები დამესხნენ თავს. ყველაფერი მაქვს გადაღებული, პირდაპირ მომთხოვეს დამეთმო ჩემი ბიზნესი. ჯერ ძველბიჭურად დამიწყეს საუბარი, მერე, უკვე, ძალადობაზე გადავიდნენ. არაფერი რომ არ გამოუვიდათ, სისხლის სამართლის საქმე აღმიძრეს, თითქოს, 5 პიროვნება ვცემე. პოლიციის უფროსმა მითხრა, გაიქეცი თორემ დაგიჭერენო. მათ უნდოდათ, რომ მე გავქცეულვიყავი და მერე გაეფორმებინათ, რომ ვემალები გამოძიებას, რასაც არ დავემორჩილე და ამის შემდეგ 2004 წლის 22 დეკემბერს გარდაბანის რაიონის იჟამინდელი გამგებელის მოვალეობის შემსრულებელმა, დავით ნადაშვილმა გამოიტანა დადგენილება შპს „ზარგერი“-სთვის საიჯარო ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის შესახებ. ასე, ძალათ წამართვეს ჩემი ქონება. 49 წლით გავაგრძელე იჯარის ხელშეკრულება და თქვენ როგორ გაჩუქო-თქო, ვეწინააღმდეგებოდი,მაგრამ ცალმხრივად გამიუქმეს იჯარის ხელშეკრულება. ჩემს ფერმაში კი პოლიციის საგუშაგო გახსნეს.

სოფლის მეურეობის პროდუქტი მომყავდა, 252 ადამაინი მყავდა დასაქმებული. ბიზნესი იყო მომგებიანი, 33 წელი ვაშენებდი ამ მეურეობას და დღეს ვიღაცეების ხელშია - პოლიციის მაღალჩინოსნების რეზო შავლოხაშვილის, ტარიელ კამკამიძეს, გიორგი მახათაძის, ლევან აბურჯანიას, პოლიციის სამმართველოს უფროსის შალვაძის, რომელმაც შემდეგ თავი მოიკლა და წილი მის ცოლზე, ნინო ბუღაძეზე გადავიდა. ეს ქალბატონი გახლდათ ვანო მერაბიშვილის კანცელარიის უფროსი. ესეც არ იკმარეს და დამაკავეს, იცით რა ბრალდებით? - თურმე, ჩემი 10 ქათამი ხელს უშლის ვიღაცა ზონდერს, ვისაც ჩემი ქონება მისცეს.

რა თანხას შედგენდა ქონება, რომელიც წაგართვეს?

- დაახლოებით, 10 მილონის ქონება წამართვეს. დღეს ისევ ამ ხალხის მფლობელობაშია ჩემი საკუთრება. იგივე გამომძიებელი იძიებს ჩემს საქმეს, რომელმაც მაშინ დამარბია.

ვინ არის ეს გამომძიებელი?

- ეს არის გამომძიებელი აბაშმაძე. ამ უკანონობის თავი კი არის კუდ-ის უფროსის ყოფილი მოადგილე ვაჟა ლილუაშვილი. 5%-ანი წილის მფლობელი არის ასკარ ჯაფაროვი, მას გადაუფორმეს ჩემი ქონება, დანარჩენი ვაჟა ლილუაშვილისაა. ჯაფაროვი ლილუაშვილის აგენტია, მისი დაკვეთით მუშაობს. სოფლის წმუნებულის რომან გასანოვის ხელშეწყობით გააკეთეს ეს ყველაფერი. დღესაც ყველაფერს განაგებს ლილუაშვილი. მისი მითითებით კეთდებოდა ყველაფერი.

2004 წლის გაზაფხულზე დამიბარა ვასიკო სანოძემ და მომთხოვა 2 მანქანა და 30 ათასი დოლარი.

რის ფულს გთხოვდათ სანოძე?

- არ ვიცი. მაშინ კუდ-ი, სოდ-ი არ არსებობდა. უშიშროება იყო.

რა ფორმით დაგიბარათ სანოძემ?

- შემომითვალა პოლიციის უფროსის პირით, რომ სასწრაფოდ გამოცხადდეს, თორემ, ძალით მოვიყვანო. ალალ-მართალი კაცი ვარ, არასოდეს მქონია პოლიციასთან შეხება, პატიოსნად ვაკეთებდი ჩემს საქმეს. სანოძე რუსთავში იყო, რომ მივედი მკითხა: ბატონო ჯემალ, შენთან როგორ დავიწყოთ საუბარი, ოფიციალურად თუ მეგობრულადო? მე ვუთხარი, ოფიციალური ლაპარაკის მე არ მესმის და მეგობრულად ვისაუბროთ-თქო. შენ იცი თუ არა, რომ სახლში 1 კგ ჰეროინი გაქვსო! მეც დავუდასტურე კი-თქო. ავტომატები და ლიმონკებიც გაქვსო! - კი, ბატონო, მაქვს-თქო, ამის მერე მეუბნება, რა ჭკვიანი ადამინი ხარო. ხომ იცი, რომ ახალი მთავრობა ვართ, სახელმწიფოს უჭირს, შენ შპს გაქვს და ამიტომ უნდა დაგვეხმაროო. 2 ნივა და 30 ათასი დოლარი უნდა მოიტანოო. დღეიდან 1 ჭიქა წყალიც რომ ვინმემ მოგთხოვოს, დედა მოიკითხე მაგათიო, დღეიდან შენი შემწუხებელი არავინ არ იქნებაო. ეს გავიგე ბატონო ვასიკო, მაგრამ მანქანები საიდან მოვიტანო, არ მაქვს მისი ყიდვის საშუალება-თქო.

რა გიპასუხათ?

- არ მაინტერესებსო და მისი ტელეფონის ნომერი მომცა. ვთხოვე, რომ 2 ნივა და 30 ათასი ბევრია და იქნებ ცოტა დამიკლო-თქო. მაშინ გაბრაზდა, ფეხზე ადგა და მითხრა, შენ აქ ქარვასლაში ხომ არ გგონია თავი, რომ ვაჭრობა დაიწყოო. არ მაინტერესებს, ბიჭები მოვლენ კვირას და მანქანას და ფულს გამოატანო. ასევე გამაფრთხილა, რომ მანქანები რუსული ნომრებით არ იყოსო. ქართული ნომრებით მოიყვანეო.

უყიდეთ მანქანები?

- კი. ერთი თეთრი და მეორე ლურჯი. 9 500 ლარად ვიყიდე. სხვა გამოსავალი არ მქონდა. სოფლის შესასვლელში მოვიდა 3 ბიჭი, ფულიც და მანქანაც მათ გავატანე.

თქვენ რატომ დაუდასტურეთ სანოძეს, რომ სახლში ინახავდით ჰერეოინს და იარაღებს?

- უარი რომ მეთქვა დამიდებდნენ და რა აზრი ჰქონდა? რომ მეთქვა არ მაქვს-თქო უფრო გაბრაზდებოდა. ვიცი რაზეც ვიყავი დაბარებული. განადგურებით მემუქრებოდა და რა გამოსავალი მქონდა სხვა? ამის შემდეგ დაიწყო დავა ჩემს საკუთრებაზე. დავურეკე სანოძეს და ვთხოვე დახმარება, მან დედის გინებით გამისტუმრა. არ გაბედო და არ დამირეკო, მაშინ იყავი დასაჭერი შენი დედაო...

ამის მერე დამიბარა დავით კეზერაშვილმა, შენ ვინ ხარ? დროზე გადააფორმე შენი შპს, სახელმწიფოს სჭირდება, არ მაინტერესებს რამდენი გაქვს დახარჯულიო. ვაჟა ლილუაშვილს შევხვდი ჩემი მეგობრის სახლში და მეუბნება, ახლა ხომ იცი სხვა დროა, ის ვაჟა მე არ ვარო, სახელმწიფოს სჭირდება მიწა და უნდა მისცეო.

ბევრი საუბრობს, რომ არაოფიცილურად ლილუაშვილი ასრულებს ქვემო ქართლში გუბერნატორის მოვალეობას...

- ოფიციალურია თუ არაოფიციალური არ ვიცი, მაგრამ დღესაც ქვემო ქართლს ვაჟა ლილუაშვილი კურირებს, ეს ფაქტია. ძველი კადრებია პოლიციაში, პროკურატურაში, საკრებულოში და ყველა ლილუაშვილის დანიშნული ხალხია.

ამბობთ, რომ პროკურატურაში შეიტანეთ განცახება ქონების უკანონოდ წართმევასთან დაკავშირებით, მაგრამ ამ დრომდე საქმე არაა აღძრული, რას აპირებთ?

- პროკურატურიდან მაქვს ინფორმაცია, რომ ზევიდან თუ იქნება ნება, ჩვენ მზად ვართო. ზევით ვინ არის არ ვიცი. მე ვაცხადებ, რომ არ ვაპირებ შევწყვიტო ბრძოლა ჩემი ქონების დასაბრუნებლად. ბოლომდე ვიბრძოლებ და სამართლიანობას აღვადგენ.