ჩვენ ვქმნით სამართლებრივ სივრცეს, რომელშიც პოლიციისა და საზოგადოების ურთიერთობა დასავლურ სტანდარტს ეფუძნება

ჩვენ ვქმნით სამართლებრივ სივრცეს, რომელშიც პოლიციისა და საზოგადოების ურთიერთობა დასავლურ სტანდარტს ეფუძნება

კახეთის საპატრულო პოლიციას ახალი ავტომანქანები გადაეცა. მანქანების გადაცემის ცერემონიას შს მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პირადად დაესწრო. 

"ჩვენ ვაგრძელებთ მთელი ქვეყნის მასშტაბით საპატრულო პოლიციაში სიახლეების დანერგვას. ამ სიახლეებით დღეს კახეთის რეგიონში წარვდექით. მე ამაყი ვარ, რომ უკანასკნელ პერიოდში მნიშვნელოვანი რეფორმები გავატარეთ. ეს მიღწევები უდავოდ თქვენი, თითოეული პოლიციელის დამსახურებაა და მინდა მადლობა გადაგიხადოთ", - მიმართა ღარიბაშვილმა სამართალდამცველებს.

მისივე განმარტებით, შინაგან საქმეთა სამინისტრო ახალ სამართლებრივ სივრცეს ქმნის, რომელშიც პოლიციის და საზოგადოების ურთიერთობა დასავლურ სტანდარტს ეფუძნება.

"ჩვენ ვქმნით სამართლებრივ სივრცეს, რომელშიც პოლიციის და საზოგადოების ურთიერთობა დასავლურ სტანდარტს ეფუძნება. ჩვენ ვახორციელებთ პოლიციელთა კვალიფიკაციის ამაღლებას, ტრენინგების და სწავლების ჩატარებას. პროფესიონალი კადრების მატება საშუალებას გვაძლევს გავზარდოთ ეკიპაჟების რაოდენობა, გავაფართოოთ პატრულირების არეალი და მომსახურების ზონა.
კახეთის რამდენიმე რაიონს დაემატა ახალი საპატრულო ეკიპაჟები, უახლოეს მომავალში რეგიონის მთელი მოსახლეობისთვის საპატრულო პოლიციის სერვისი ხელმისაწვდომი იქნება კახეთის ყველაზე მოშორებულ ადგილებშიც კი. ძველი ავტომანქანები შეიცვალა ახლით, ახალი საპატრულო ეკიპაჟები აღიჭურვა გაუმჯობესებული, თანამედროვე დიზაინით და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ფორმებით, ასევე პოლიციელისთვის საჭირო სპეციალური საშუალებებით", - აღნიშნა ღარიბაშვილმა.