აშშ-ის კონგრესში მიმდინარე მოსმენის დროს რესპუბლიკელმა კონგრესმენმა ტიმ ბურჩეტმა განაცხადა, რომ აშშ-ის შეიარაღებული ძალების შტაბების მეთაურთა გაერთიანებული კომიტეტის ხელმძღვანელი, გენერალი მარკ მილი ჩინეთის მიერ არის კომპრომეტირებული. ამის შესახებ გამოცემა Washington Examiner-ი წერს.
ბურჩეტმა განაცხადა, რომ არ ეთანხმება თეთრი სახლის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც ჩინური საჰაერო ბუშტი არა ხმელეთზე, არამედ ზღვაში ჩამოაგდეს.
„ვშიშობ, რომ ჩინელმა კომუნისტებმა აშშ-ის მთავრობის კომპრომეტირება მოახერხეს. სამხედროებმა ურჩიეს პრეზიდენტ ბაიდენს, არ ჩამოეგდო საჰაერო ბუშტი. ამის შემდეგ ამ ბუშტმა ამერიკის მთელ კონტინენტურ ნაწილს გადაუფრინა... გარდა ამისა, მარკ მილი იყო ის გენერალი, რომელიც ტრამპის პრეზიდენტობის ბოლოს ფაქტობრივად ესაუბრებოდა ჩინელებს, როგორც ჩანს, თეთრი სახლისგან დამოუკიდებლად“, - განაცხადა ბურჩეტმა.
ბრალდებებს გამოეხმაურა პენტაგონის წარმომადგენელი, პოლკოვნიკი დეივ ბატლერი.
„აშშ-ის შეიარაღებულ ძალებზე პოლიტიკური თავდასხმები დღევანდელი ჰიპერპარტიული გარემოს უსიამოვნო სინდრომია. გენერალი მარკ მილი არაა პარტიული აქტორი, აშშ-ის შეიარაღებული ძალები არაა პარტიული ინსტიტუცია. როდესაც მათ იყენებენ პოლიტიკური მიზნებისთვის, ამან შეიძლება დააზიანოს ჩვენი ქვეყნის ეროვნული თავდაცვის ინტერესები“, - განაცხადა ბატლერმა.