ევროკავშირის ქვეყნებში მოგზაურობის ახალი წესის ამოქმედება 2024 წლამდე გადაიდო

ევროკავშირის ქვეყნებში მოგზაურობის ახალი წესის ამოქმედება 2024 წლამდე გადაიდო

ევროკომისიის მიგრაციისა და შიდა საკითხთა გენერალურმა დირექტორატმა ETIAS (European Travel Information and Authorisatio System) სისტემის ამოქმედების საბოლოო თარიღი შეცვალა.

თუ ჯერ კიდევ იანვარში, დირექტორატის შესაბამის ვებგვერდზე ETIAS-ის ამოქმედების სავარაუდო თარიღად 2023 წელი იყო მითითებული, ამჟამად არსებული ინფორმაციის თანახმად, ETIAS-ის სისტემა 2024 წელს ამოქმედდება.

ევროპაში, კერძოდ კი შენგენის ზონაში მგზავრობისთვის სპეციალური აპლიკაციის შევსება გახდება საჭირო. გამგზავრების მსურველებს ონლაინ-განაცხადის შევსება მოუწევთ. მოქალაქემ ETIAS (European Travel Information and Authorisatio System) ვებგვერდზე უნდა შეავსოს ანკეტა: პირადი მონაცემები, პასპორტის ნომერი, ევროპის იმ ქვეყნის სახელწოდება, რომელსაც სტუმრობს, კონფლიქტების ზონაში ყოფნასთან დაკავშირებული ინფორმაცია, დეპორტაციაზე ინფორმაცია და სხვ.

ეს მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებს არ ეხებათ და გადაწყვეტილება მსოფლიოს 60 ქვეყანაზე ვრცელდება, მათ შორის არის ამერიკის შეერთებული შტატები, დიდი ბრიტანეთი, კანადა, ავსტრალია და ასე შემდეგ.

შევსებული განაცხადი 3 წლის განმავლობაში იმოქმედებს. აპლიკაციის შევსება ფასიანია და 7 ევრო ღირს. მოსაკრებლისგან თავისუფლდებიან 18-წლამდე და 70 წელს გადაცილებული ადამიანები.