უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ბახმუტის მიმართულებით სიტუაცია მუდმივად რთულდება.
ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, რუსები ანადგურებენ ყველაფერს, რაც ხელსაყრელია პოზიციების დასაცავად.
„ბახმუტის მიმართულება, სიტუაცია სულ უფრო და უფრო რთულდება, მტერი მუდმივად ანადგურებს ყველაფერს, რისი გამოყენებაც შესაძლებელია ჩვენი პოზიციების დაცვისთვის, კონსოლიდაციისა და თავდაცვისთვის“, - განაცხადა უკრაინის სახელმწიფოს მეთაურმა.
მანამდე უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ანა მალიარმა განაცხადა, რომ ფრონტზე რთული ვითარებაა, რუსეთი შეტევითი ოპერაციების ინტენსივობას ზრდის.
„ფრონტზე რთული ვითარებაა. მტრის ჯარი შეტევითი ოპერაციების ინტენსივობას ზრდის. ურთულესი მდგომარეობაა ბახმუტის მიმართულებით.
მტერი შეტევითი ოპერაციების დროს გამოფიტვისა და ტოტალური განადგურების ტაქტიკას იყენებს. ამავდროულად, მტერი განიცდის მნიშვნელოვან დანაკარგს. ყოველდღიურად 600-დან 1 000-მდე ჯარისკაცს კარგავს“, - აღნიშნა უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ.
მისი თქმით, უკრაინის თავდაცვის ძალები მტრის რაოდენობრივი უპირატესობის პირობებში აქტიურ თავდაცვით ოპერაციებს ატარებენ.