ამერიკა-რუსეთის ცივი ომი „ლუგარის ლაბორატორიის“ თანხლებით

ამერიკა-რუსეთის ცივი ომი „ლუგარის ლაბორატორიის“ თანხლებით

ბოლო ერთი თვის განმავლობაში რუსეთმა უკვე მეორედ გააკეთა განცხადება, ლუგარის ლაბორატორიიდან მიმავალ საფრთხეზე. რუსეთის მთავარი სანიტარი ირწმუნება, რომ საქართველოს ხელისუფლება ამერიკულ ბიოლაბორატორიას ვერ აკონტროლებს. გენადი ონიშენკო ამბობს, რომ ქართული მხარის მიერ ამერიკული სამხედრო ბიოლაბორატორიის შესახებ გაკეთებულმა განმარტებებმა რუსეთის მღელვარება გაამძაფრა. შესაბამისად, საქართველოს ტერიტორიაზე ამერიკული ბიოლაბორატორიის მუშაობის გამო, რუსეთის სანიტარულმა სამსახურმა 22 ივლისს განაცხადა, რომ საქართველოდან შესულ საკვებ პროდუქტზე კონტროლს გაამკაცრებს.

„საფრთხე, რა თქმა უნდა, არსებობს, რადგან თუ შენ იარაღი გაქვს, ამ იარაღით „ვენური ვალსის“ შემსრულებელ ორკესტრს არ უდირიჟორებ“, - განაცხადა ონიშენკომ.

ონიშნეკოს თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ბიოლაბორატორია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს ექვემდებარება. თუმცა, ონიშენკო აცხადებს, რომ ასეთივე წარმატებით შეიძლება ბიოლაბორატორია კულტურის სამინისტროს დაუქვემდებარო ქართველი ერის უძველეს კულტურაზე დაყრდნობის მოტივით.

„ამ საკითხთან დაკავშირებით გამოთქმული მღელვარების საპასუხოდ ქართული მხარისგან არაკომპეტენტური და პრიმიტიული განცხადებები მივიღეთ, რაც კიდევ უფრო გვიმძაფრებს ეჭვს, რომ საქართველოს ხელისუფლება ამ ობიექტს ვერ აკონტროლებს. სპეციალური მოწყობილობების ასორიტიმენტი, ლაბორატოებაში ამერიკელი სამხედრო ბაქტერიოლოგების მუშაობა, რაც ჩვენთვის ცნობილია, მხოლოდ აძლიერებს ჩვენს ეჭვებს.

ჩვენი შეშფოთების საპასუხოდ, მოვისმინეთ მხოლოდ ნაჩქარევი და არაკვალიფიციური კომენტარები საქართველის ხელისუფლების ჯანდაცვისა და დიპლომატიურ სფეროების წარმომადგენლების მხრიდან. ეს კომენტარები აღრმავებს ჩვენს ეჭვებს იმის თაობაზე, რომ აღნიშნული ობიექტი ადგილობრივი ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი არ არის. ახსნა-განმარტებების პრიმიტიულობაში ამერიკელი სამხედროების ხელი იგრძნობა“, - განაცხადა ონიშჩენკომ.

რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრალური რეფერენალური ლაბორატორია, გენადი ონიშჩენკოს მტკიცებით, ამერიკის სამხედრო საზღვაო ძალების ბიოლოგიურ ლაბორატორიაა, რომელიც რუსეთისთვის საფრთხეს წარმოადგენს და მისი არსებობა ორი ქვეყნის ურთიერთობებზე ცუდად აისახება. რუსული სააგენტოების ცნობით, სავარაუდოდ, საუბარია თბილისთან ახლოს მდებარე რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრალურ რეფერენალურ ლაბორატორიაზე, რომელიც რამდენიმე თვის წინ გაიხსნა.

საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძეს თქმით, ამერიკული ლაბორატორია არანაირ საიდუმლო საქმიანობას არ ეწევა და ამაში დასარწმუნებლად, რუს ექსპერტებს საქართველოში ეპატიჟება.

„ეს არის უმაღლესი დონის სამეცნიერო ლაბორატორია, რომელსაც ბევრი მიმართულება აქვს. ადგილზე მაღაკვალიფიციური სპეციალისტები მუშაობენ. მას შემდეგ, რაც რუსეთის მხრიდან მსგავსი განცხადებები გაკეთდა, ჩვენ რუსი ექსპერტები მოვიწვიეთ, რომლებმაც ლაბორატორიაში მონიტორინგი ჩაატარეს და ძალიან კმაყოფილები დარჩნენ.

არანაირი ბიოლოგიური იარაღი, არანაირი საიდუმლო საქმიანობა ამ ლაბორატორიაში არ არის. ვიმეორებ, ნებისმიერი ექსპერტს, სპეციალისტს, მკვლევარს შეუძლია, ჩამოვიდეს და ამაში თავად დარწმუნდეს“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

საქართველომ რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელის ზურაბ აბაშიძის დახმარებით რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ წარმომადგენელს გრიგორი კარასინს აღნიშნული ლაბორატორიის საქმიანობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. აბაშიძე დეტალების დაკონკრეტებისგან თავს იკავებს, თუმცა აცხადებს, რომ რუსულ მხარეს ყველა ინფორმაცია აქვს, რაც მათ სჭირდებოდათ.

„თუ მათ აქვთ რაიმე ეჭვი გამოაგზავნონ ვინც უნდათ, მოვიდნენ ნახონ, დაათვალიერონ. მონაწილეობა მიიღონ ამ ცენტრის მუშაობაში. ბოლო 4 თვის განმავლობაში რუსეთიდან ჩამოსული იყო მეცნიერების 2 ჯუფი, ძალიან კარგი შთაბეჭდილებით წავიდნენ, თქვეს, რომ უმაღლესი დონის ლაბორატორიაა.

ლაბორატორია ღიაა, ეს ღია სახის პროგრამაა და ყველა დაინტერესებულ მეცნიერს შეუძლია ამაში მონაწილეობის მიღება. მათ აქვთ ინფორმაცია ამ ლაბორატორიის შესახებ. ყველა ინფორმაცია რაც სჭირდებათ აქვთ, თუ უნდათ კიდევ აიღონ“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას ზურაბ აბაშიძემ.

როგორც ცნობილია, ე.წ. ლუგარის ლაბორატორია საქართველოში ამერიკელი პარტნიორების დახმარებით შეიქმნა და უნიკალურ რეგიონალურ სამეცნიერო კველევით ცენტრს წარმოადგენს, რომელშიც პროექტები ღია პროგრამის პრინციპებით ხორციელდება და მასში მონაწილეობას სხვადასხვა ქვეყნის მეცნიერები და ექსპერტები იღებენ.

რაც შეეხება 2011 წელს გახსნილ ამერიკელი სენატორის ლუგარის სახელობის ლაბორატორიას, ის ბიოუსაფრთხოების მესამე დონისთვის არის გათვალისწინებული. მასში 100 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია ჩაიდო, რათა უზრუნველყოფილ იყოს დაცვის ორმაგი და სამმაგი დონე. ამ ლაბორატორიების ქსელის ფუნქციაა ადამიანისა და ცხოველების ჯანმრთელობაზე ზრუნვა, რაც გულისხმობს სხვადასხვა მძიმე ინფექციების აღმოჩენას, დიაგნოსტიკას, პროფილაქტიკასა და მეცნიერულ კვლევას.

ბიოუსაფრთხოების მესამე დონე კი ლაბორატორიისთვის ნიშნავს შემდეგს - ზოგიერთ საშიშ ინფექციაზე საჭიროა მუშაობა ბიოუსაფრთხოების მესამე დონის დაცვით და იქ მომუშავე პერსონალი უნდა იყოს უფრო უსაფრთხოდ, დაცვის მაღალი სტანდარტი გამოიყენეონ ისეთი ინფექციების კვლევისას, როგორიცაა ტულარემია, ჯილეხი, შავი ჭირი, გრიპის ზოგიერთი სახეობა. გარდა ამისა, ლუგარის ლაბორატორიას საქართველოში აქამდე არსებულ ლაბორატორიებისგან განასხვავებს გენეტიკური კვლევები. მათი უნიკალური დანადგარი ადამიანის გენუმს შლის 24 საათში, წინამორბედები კი ამას აკეთებდნენ 1 თვეში, 3 თვეში და ა.შ.

უსაფრთხოების საკითხებში ექსპერტი ბესო ალადაშვილი for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ ამერიკის კანონდებლობა ზღუდავს აშშ-ის ტერიტორიაზე ბაქტეროლოგიური ცდების ჩატარებას და ამიტომ აშშ-ს, როგორც წესი, ასეთი სახიფათო ლაბორატორიები გააქვთ ქვეყნის საზღვრებს გარეთ.

„საქართველის ტერიტორია შემთხვევით არ იყო შერჩეული, საქართველო აშშ-ის ორი სტრატეგიული მოწინააღმდეგის შუაშია, ეს არის ირანი და რუსეთი. ამიტომ ბაქტეროლოგიური ლაბორატორიის აქ განლაგებას ასეთი შორსმიმავალი მიზნები აქვს. ეს არის ბაქტერეოლოგიური თავდასხმისგან დასაცავი მიზანი“, - აღნიშნა ბესო ალადაშვილმა.

ექსპერტი ვახტანგ მაისაია ამბობს, რომ ლუგარის ლაბორატორია რუსეთის ეროვნულ ინტერესებს საფრთხეს არ უქმნის, წინააღმდეგ შემთხვევაში, რუსეთი 2008 წლის აგვისტოში თბილისის აეროპორტთან ერთად მოახდენდა ამ ლაბორატორიის დაბომბვას.

„როგორც ჩანს, ამერიკელებსა და რუსებს შორის გამწვავდა ურთიერთობები სნოუდენთან დაკავშირებით. პუტინმა მას მიანჭია პოლიტიკური თავშესაფარი და ფაქტიურად სნოუდენი პოლიტიკური დევნილი გახდა, რაც ამერიკის სახელმწიფოსათვის არის სილის გაწნა. რუსები ცდილობენ კონტრარგუმენტების მოპოვებას ამ გადაწყვეტილების წინააღმდეგ. სნოუდენზე ამერიკის ადმინისტარციის მხრიდან გამოცხადებული იყო პოლიტიკური ნადირობა. ნებისმიერი ქვეყანა, რომელიც მას შეიფარებდა გამოცხადდებოდა ამერიკის ნომერ პირველ მტრად.

როცა პუტინმა მისცა მას საშუალება, რომ გამხდარიყო პოლიტიკური დევნილი, ეს ფაქტიურად, ამერიკელების გამოწვევა იყო. დღეს ამერიკა-რუსეთის ურთიერთობა დაძაბულობის ეპიცენტრში შედის. ბუნებრივია, რომ რუსები ცდილობენ თავიანთი ჭკუით მონახონ ამერიკელების ცუდი წერტილი, რომელსაც ისინი ამერიკელების წინააღმდეგ გამოიყენებენ. რა თქმა უნდა, ლუგარის ლაბორატორტია შეარჩიეს ასეთ სუსტ წერტილად. იმიტომ, რომ პოლიტიკური შავი პიარტექნოლოგიების კუთხით, ლუგარის ლაბორატორიას, საერთაშორისო დონეზე წარმოაჩენენ, როგორც ბაქტეროლოგიური და ბიოლოგიური იარაღის შემქმნელ ცენტრად“, - აცხადებს მაისაია.

მისივე განცხადებით, ის ფაქტი, რომ ხდება ამ ობიექტის ტრანსფარანტულობის წარმოჩენა, ეს ყველა არგუმენტს მოუსპობს რუსულ მხარეს.

„ასეთ ობიექტებს არც ერთი მხარე არ ასაჯაროვებს. იგივე შიხანის პოლიგონი ავიღოთ, სადაც რუსეთის პოლიგონი ოფიციალურად წარმოებს. აბა, ერთი ქართველი ექსპერტები ჩავიდნენ და დაათვალიერონ შიხანის პოლიგონი, ეს გამორიცუხულია. ის ფაქტი, რომ ქართული მხარე სთავაზობს რუს ექსპერტებს, რომ ჩამოვიდნენ და დაათვალიერონ, ეს ნიშნავს, რომ ობიექტი იქნება აბსოლუტურად ტრასფარანტული და იქ წარმოებული კვლევები ატარებენ მშვიდობიან მიზნებს“, - აცხადება ვახტანგ მაისაია.